"ვთავაზობთ მათ ჩანაცვლების პროგრამას, ამისთვის საჭიროა ფართის მეპატრონეების 100%-იანი მხარდაჭერა" - ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის მოსახლეობას კრწანისის რაიონის გამგებელი შეხვდა
კრწანისის რაიონის გამგებელი, ლაშა ცაგურია ქვემო ფონიჭალაში, უსინათლოთა დასახლებაში მდებარე აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე გამგებელმა მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდა კორპუსის ჩანაცვლების პროგრამის შესახებ და მათთან სამომავლო გეგმები განიხილა.
ამ ეტაპზე კორპუსის აქტიური გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, 19 ნოემბერს, ქვემო ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. შემთხვევის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა.
თბილისის კრწანისის რაიონის გამგებლის, ლაშა ცაგურიას განცხადებით, კორპუსის მაცხოვრებლების მხარდაჭერის შედეგად მოხდება ჩანაცვლების პროგრამა:
"ჩვენ ვთავაზობთ მათ ჩანაცვლების პროგრამას. ჩანაცვლების პროგრამა რომ განხორციელდეს, აუცილებელია ფართის მეპატრონეების 100%-იანი მხარდაჭერა. 100%-იან მხარდაჭერას თუ წარმოადგენენ აქ მაცხოვრებელი მოქალაქეები, ვუშუამდგომლებთ და დავიწყებთ პროცესს", - აცხადებს ლაშა ცაგურია.
