მედია: ბულგარეთი ევროკავშირის ქვეყნებზე ზეწოლას ახდენს, რათა, სანქციების ახალი პაკეტის მიღების სანაცვლოდ, რუსული იმპორტის ნაწილზე აკრძალვა მოიხსნას
ბულგარეთი ევროკავშირის ქვეყნებზე ზეწოლას ახდენს, რათა მათ გააუქმონ რუსული იმპორტის გარკვეული აკრძალვები და სანქციების ახალი პაკეტის პროექტიდან ორი რუსეთის მოქალაქე ამოიღონ. ამის სანაცვლოდ, სოფია მზად არის, მხარი დაუჭიროს სხვა, უფრო ფართო სპექტრის შემზღუდავი ზომების მიღებას. ამის შესახებ Kyiv Independent-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს.
ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 22-ე პაკეტი 23 ნოემბერს წარადგინა. გამოცემის ინფორმაციით, ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყნის წარმომადგენელმა წინადადებების სამართლებრივი შესწავლისთვის დამატებითი დრო მოითხოვა, თუმცა სანქციების პაკეტს, საერთო ჯამში, ფართო მხარდაჭერა აქვს.
თუმცა, დიპლომატიური წყაროების ცნობით, ბულგარეთმა და იტალიამ სანქციების შეთავაზებული ზომების შინაარსთან დაკავშირებით პრეტენზიები გამოთქვეს.
იტალიამ პროტესტი გამოთქვა ევროკომისიის წინადადებაზე, რომლის მიხედვითაც ევროპელებისთვის რუსული კომპანიების სამეთვალყურეო საბჭოებში მუშაობა აიკრძალება.
მედიის ცნობით, როგორც ჩანს, იტალიური მხარის პოზიცია განპირობებულია იმით, რომ ეს წინადადება ზედმეტად ბუნდოვნად და ზოგადად მიაჩნიათ.
ამასთან, ოფიციალურ სოფიას სურს ევროკავშირის სანქციების წინა რაუნდებში მიღებული ზომების გაუქმება. კერძოდ, ბულგარეთი ითხოვს რუსული თუჯისა და სამთო-მოპოვებითი აღჭურვილობის იმპორტზე დაწესებული სანქციების გაუქმებას.
გამოცემის ინფორმაციით, ევროკავშირისა და უკრაინის ოფიციალური პირები ეჭვობენ, რომ ბულგარეთის მოთხოვნას კომერციული მოტივი უდევს საფუძვლად. ერთ-ერთი დიპლომატის განცხადებით, სოფია ირწმუნება, რომ მომარაგების ჯაჭვების დივერსიფიცირება სცადა, თუმცა ეს მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა.
