აშშ ევროკავშირს აფრთხილებს - რით არის უკმაყოფილო თეთრი სახლი
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ევროპელი ლიდერები ტექნოლოგიური გიგანტების შესაძლო დაბეგრვის გამო გააფრთხილა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა გამოცემა POLITICO-ს განუცხადა, რომ ვაშინგტონი ევროკავშირის მასშტაბით ციფრული მოსაკრებლის დაწესებას კვლავ ეწინააღმდეგება და მის ამოქმედებას არ დაუშვებს. უწყების განმარტებით, მსგავსი გადასახადები ამერიკულ კომპანიებს დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ჩააყენებს და მომხმარებლებსაც დააზარალებს.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ ევროპულ ციფრულ გადასახადზე მოლაპარაკებების განახლების ინიციატივა გასულ შაბათს წამოაყენა. ეს ნაბიჯი ევროკავშირის €2 ტრილიონის მოცულობის გრძელვადიანი ბიუჯეტის დაფინანსებასა და ეროვნულ ბიუჯეტებზე ტვირთის შემცირებას ემსახურება. ინიციატივა შეეხება კომპანიებს, რომელთა გლობალური ბრუნვა - €750 მილიონს, ხოლო ევროპული შემოსავალი €50 მილიონს აღემატება. საყურადღებოა, რომ ახალი კრიტერიუმი ისეთ ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტებზე გავრცელდება, როგორებიცაა Google-ი, Meta და Amazon-ი.
რაც შეეხება ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოზიციებს, გადასახადის განახლებას საფრანგეთი, დანია, ესპანეთი და იტალია უჭერენ მხარს. ერთ-ერთმა ევროპელმა დიპლომატმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ტექნოლოგიური კომპანიები ერთიანი ბაზრით დიდ სარგებელს იღებენ და დღეს სათანადოდ არ იბეგრებიან.
ამის საპირისპიროდ, ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა მიჰოლ მარტინმა ინიციატივა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მსგავსი მოსაკრებელი ევროპის კონკურენტუნარიანობის გაძლიერებას ეწინააღმდეგება.
ევროპელი დიპლომატების ცნობით, წინადადებას სიფრთხილით ეკიდებიან შვედეთი, მალტა, ნიდერლანდები და გერმანიაც, რაც ახალი გადასახადის დამტკიცებისთვის საჭირო ერთსულოვანი მხარდაჭერის მიღებას ართულებს.
ცნობისთვის, ევროკომისიამ ევროკავშირის მასშტაბით ციფრული გადასახადის დაწესების ინიციატივა 2018 წელსაც წარადგინა, თუმცა შემდეგ ის დროებით შეაჩერა. მაშინ საფრანგეთმა, ავსტრიამ და იტალიამ ეროვნული მოსაკრებლები მაინც აამოქმედეს, რასაც დონალდ ტრამპის პირველი ადმინისტრაციის მხრიდან საპასუხო ზომების ამოქმედება მოჰყვა.
