ისტორიული გამარჯვება - "იბერია 1999-მა" ლა ლიგის გუნდი დაამარცხა!
კონფერენს ლიგის საერთო ეტაპის მეოთხე ტურში „იბერია 1999“-მა საკუთარ მოედანზე „ხეტაფეს“ 1:0 მოუგო.
მატჩი ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა, პირველი მომენტი სტუმრებმა შექმნეს, რომელთა რიგებში საზონოვი ძირითდ შემდგენლობაში იყო - რისკოს დარტყმული მაკარიძემ მოიგერია. შემდეგ შანსი მასპინძლებს მიეცათ, მაგრამ კაფეს გატანა სორიამ არ დაანება. მერე ჩვენი გუნდის მარჯვენა მცველი ქობულაძე მეკარესთან პირისპირ გავიდა და იბერიელები დააწინაურა. კორღალიძის შეგირდები ჩინებულად ირჯებოდნენ და პირველი ტაიმი დამსახურებულად, 1:0 მოიგეს.
შეხვედრის მეორე ნახევარი „იბერია 1999“-მა აქტიურად დაიწყო, ძაგანიას თავური სორიამ მოიგერია. 57-ე წუთზე მეკარემ სელიმოვიჩის დარტყმულიც მოიგერია, ხოლო ქარდავამ ახლო მანძილიდან ვერ გაიტანა. ცოტა ხანში ძაგანიასთან უხეშობის გამო შეცვლაზე შესულმა მანგალამ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და „ხეტაფე“ რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა. მაინც შემოგვიტია მეტოქემ, გუდელის დარტყმული კარის ხაზიდან ჯინჯოლავამ გამოიტანა. კუციას, კაფეს და ტრავმირებული ქობულაძის ნაცვლად მოედანზე ალხასანი, ენდე და ბოჭორიშვილი შევიდნენ. დადიანმაც ტრავმა მიიღო და ის კულიევმა შეცვალა. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეიცვალა და თბილისურმა გუნდმა, რომელიც თამაშიდან თამაშამდე უმატებს, ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.
„იბერია 1999“ 4 ქულით 23-ე ადგილზეა და ტურნირზე მომდევნო მატჩს 10 დეკემბერს სახლში „ცრვენა ზვეზდასთან“ ჩაატარებს.
„ხეტაფე“ 1 ქულით 34-ე პოზიციაზეა და შემდეგ შეხვედრას 1-ელ ნოემბერს გამართავს - ლა ლიგის მე-14 ტურში გასვლაზე „ესპანიოლს“ დაუპირისპირდება.
თბილისი. „მიხეილ მესხი“
იბერია 1999 - ხეტაფე 1:0
გოლი: ქობულაძე (25)
გაძევება: მანგალა (61, ხეტაფე)
იბერია 1999: მაკარიძე, ჯინჯოლავა, სელიმოვიჩი, ამისულაშვილი, ქობულაძე (ბოჭორიშვილი 74), ქარდავა, დადიანი (კულიევი 83), კუცია (ალხასანი 71), სიხარულაშვილი (ნაჭყებია 83), კაფე (ენდე 71), ძაგანია
