"ვგმობ ქართული პოლიციის ჩარევას "ბეშიქთაშის" ქომაგების წინააღმდეგ" - მესუთ ოზილი ბათუმში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა
უეფას ევროპალიგის მე-5 ტურში "ბეშიქთაში" ბეერ-შევას "ჰაპოელს" ქალაქ ბათუმში უპირისპირდებოდა, თუმცა ტრიბუნებზე და მოედანს მიღმა სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ 25-ე წუთზე მატჩი შეწყდა.
თურქული კლუბის გულშემატკივრები ქართველ სამართალდამცველებს როგორც ტრიბუნებზე, ასევე მოედნის გარეთ დაუპირისპირდნენ. თურქული მედიის, 23 Derece-ს ცნობით, პოლიციამ თურქი გულშემატკივრების წინააღმდეგ ხელკეტები და წიწაკის სპრეი გამოიყენა და რამდენიმე ქომაგი დააკავეს.
ინციდენტს თურქული კლუბები "გალათასარაი" და "ტრაბზონსპორი" გამოეხმაურნენ, ორივე მათგანმა მომხდარი დაგმო. რამდენიმე წუთის წინ მსგავსი შინაარსის განცხადება ვეტერანმა ფეხბურთელმა და თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ახლო მეგობარმა, მესუთ ოზილმაც გააკეთა.
"ვგმობ ქართული პოლიციის ჩარევას "ბეშიქთაშის" იმ გულშემატკივრების წინააღმდეგ, რომლებიც პალესტინელი ხალხის თავისუფლებისთვის ბრძოლას უჭერენ მხარს.
მივესალმები "ბეშიქთაშის" ქომაგებს ამ მნიშვნელოვანი პოზიციის დაფიქსირებისთვის. მათ უარი თქვეს, გაჩუმებულიყვნენ პალესტინაში არსებული უსამართლობის წინაშე და ხმა კაცობრიობის საერთო სინდისს მიაწვდინეს. სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ყველა გულშემატკივარს, რომელთა წინააღმდეგაც პოლიციამ ძალა გამოიყენა", - დაწერა ოზილმა პლატფორმა X-ზე.
