ერდოღანი ბათუმში მომხდარს პირადად აკვირდება - "ბეშიქთაშის" განცხადება და თურქეთის პრეზიდენტის სატელეფონო საუბარი სტამბოლური გუნდის პრეზიდენტთან
UEFA-ს ევროპა ლიგის მე-5 ტურში "ბეშიქთაში" ბეერ-შევას "ჰაპოელს" ქალაქ ბათუმში უპირისპირდებოდა, თუმცა ტრიბუნებზე და მოედანს მიღმა სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ 25-ე წუთზე მატჩი შეწყდა.
თურქული კლუბის გულშემატკივრები ქართველ სამართალდამცველებს როგორც ტრიბუნებზე, ასევე მოედნის გარეთ დაუპირისპირდნენ. სტამბოლურმა კლუბმა ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ "ბეშიქთაშის" პრეზიდენტს სერდარ ადალის თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნა, რომ სიტუაციას პირადად აკვირდება.
"მკაცრად ვგმობთ უსაფრთხოების ძალების მიერ ჩვენი გულშემატკივრების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენებას. ინციდენტის შედეგად დაზარალებულ გულშემატკივრებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ.
ჩვენი საბჭოს წევრები და კლუბის ოფიციალური პირები ყურადღებით აკვირდებიან სიტუაციას მას შემდეგ, რაც ჩვენი გულშემატკივრები სტადიონზე შევიდნენ. როგორც კი შევიტყვეთ, რომ უსაფრთხოების ძალები ხელს უშლიდნენ ჩვენი გულშემატკივრების სტადიონზე შესვლას, ჩვენ დაუყოვნებლივ დავუკავშირდით UEFA-ს დელეგატს და უზრუნველვყავით სტადიონის ევაკუაციის კარის გახსნა, რამაც ჩვენს გულშემატკივრებს საშუალება მისცა სწრაფად და უსაფრთხოდ შესულიყვნენ სტადიონზე.
ჩვენ ოფიციალურად მივმართეთ ბათუმში არსებულ ჩვენს გენერალურ საკონსულოსა და UEFA-ს იმ არაპროპორციული ძალის გამოყენების საკითხთან დაკავშირებით, რომელიც უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ჩვენი გულშემატკივრების მიმართ გამოიყენეს. ჩვენ გავაგრძელებთ სიტუაციაზე მჭიდრო დაკვირვებას მანამ, სანამ თითოეული ჩვენი გულშემატკივარი უსაფრთხოდ არ დაბრუნდება სახლში.
მადლობას ვუხდით პრეზიდენტ ბატონ რეჯეფ თაიფ ერდოღანს, რომელიც ესაუბრა ჩვენს პრეზიდენტ სერდალ ადალის, განაცხადა, რომ ყურადღებით აკვირდება სიტუაციას, კლუბს საუკეთესოს, გულშემატკივრებს კი გამოჯანმრთელებას უსურვებს.
მადლობას ვუხდით თურქულ კლუბებს სოლიდარობის გამოცხადებისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.
ინციდენტის შესახებ ოფიციალური განცხადება შსს-მ გამოაქვეყნა და მომხდარი ასე ახსნა:
"ევროპის მოედნიდან „ბათუმი არენას“ მიმართულებით მსვლელობისას საფეხბურთო კლუბ „ბეშიქთაშის“ გულშემატკივართა ნაწილი გამოირჩეოდა აგრესიული ქმედებებით. ისინი უცენზურო შეძახილებითა და სხვადასხვა საგნის სროლით უხეშად არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს, არ ემორჩილებოდნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს, წინააღმდეგობას უწევდნენ სამართალდამცველებს და ფიზიკურად უპირისპირდებოდნენ მათ.
გულშემატკივართა ნაწილის მხრიდან ძალადობრივი და პროვოკაციული ქმედებები სტადიონის ტერიტორიაზეც გაგრძელდა. ისინი აზიანებდნენ სტადიონის ინფრასტრუქტურას, მათ შორის, სკამებს, რომლებსაც შემდგომ სამართალდამცველებს ესროდნენ, რითაც საფრთხეს უქმნიდნენ მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
პოლიცია ძალადობრივი ქმედებების აღკვეთის, ვითარების დეესკალაციისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ახორციელებდა შესაბამის ღონისძიებებს, მათ შორის, გამოყენებული იქნა სპეციალური საშუალება.
გულშემატკივართა მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი თანამშრომელი, რომელთაც სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებათ.
სამართალდამცველებმა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისთვის 16 პირი დააკავეს.
ასევე, ცალკეული უცხოური მედიასაშუალებებით ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენება პალესტინის მხარდამჭერი დროშებისა და ბანერების გამოფენას უკავშირდებოდა, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს.
კატეგორიულად უარვყოფთ აღნიშნულ ინფორმაციას და ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ გულშემატკივართა მხრიდან ძალადობრივი ქმედებები და სამართალდამცველებთან ფიზიკური დაპირისპირება აღნიშნული დროშებისა და ბანერების გამოფენამდე, ჯერ კიდევ სტადიონის მიმართულებით მსვლელობისას დაიწყო.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ხაზგასმით აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვა სავალდებულოა ყველა პირისთვის, განურჩევლად მისი მოქალაქეობისა, თუ ეროვნებისა.
სამართალდამცველებზე თავდასხმა, ძალადობა და საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევა დაუშვებელია და თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას მოჰყვება კანონით გათვალისწინებული მკაცრი რეაგირება", - ნათქვამია განცხადებაში.
ინფორმაციისთვის, "ბეშიქთაშისა" და ბეერ-შევას "ჰაპოელს" შორის შეხვედრა მოგვიანებით განახლდა და თურქული გუნდის გამარჯვებით 2:1 დასრულდა.
