[PHOTO] მძიმე სურათი - რა მდგომარეობაში იყო ბათუმის "დინამოს" სტადიონის ტრიბუნები მატჩის დასრულების შემდეგ
UEFA-ს ევროპა ლიგის მე-5 ტურში "ბეშიქთაში" ბეერ-შევას "ჰაპოელს" ქალაქ ბათუმში უპირისპირდებოდა, თუმცა ტრიბუნებზე და მოედანს მიღმა სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ 25-ე წუთზე მატჩი შეწყდა.
ჟურნალისტმა ლაშა ბერულავამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო, თუ რა მდგომარეობაში იყო სტადიონის ტრიბუნები მატჩის დასრულების შემდეგ.
მომხდარის შესახებ ოფიციალური განცხადება შსს-მ გამოაქვეყნა, სადაც ვკითხულობთ:
"ევროპის მოედნიდან „ბათუმი არენას“ მიმართულებით მსვლელობისას საფეხბურთო კლუბ „ბეშიქთაშის“ გულშემატკივართა ნაწილი გამოირჩეოდა აგრესიული ქმედებებით. ისინი უცენზურო შეძახილებითა და სხვადასხვა საგნის სროლით უხეშად არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს, არ ემორჩილებოდნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს, წინააღმდეგობას უწევდნენ სამართალდამცველებს და ფიზიკურად უპირისპირდებოდნენ მათ.
გულშემატკივართა ნაწილის მხრიდან ძალადობრივი და პროვოკაციული ქმედებები სტადიონის ტერიტორიაზეც გაგრძელდა. ისინი აზიანებდნენ სტადიონის ინფრასტრუქტურას, მათ შორის, სკამებს, რომლებსაც შემდგომ სამართალდამცველებს ესროდნენ, რითაც საფრთხეს უქმნიდნენ მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
პოლიცია ძალადობრივი ქმედებების აღკვეთის, ვითარების დეესკალაციისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ახორციელებდა შესაბამის ღონისძიებებს, მათ შორის, გამოყენებული იქნა სპეციალური საშუალება.
გულშემატკივართა მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი თანამშრომელი, რომელთაც სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებათ.
სამართალდამცველებმა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისთვის 16 პირი დააკავეს.
ასევე, ცალკეული უცხოური მედიასაშუალებებით ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენება პალესტინის მხარდამჭერი დროშებისა და ბანერების გამოფენას უკავშირდებოდა, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს.
კატეგორიულად უარვყოფთ აღნიშნულ ინფორმაციას და ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ გულშემატკივართა მხრიდან ძალადობრივი ქმედებები და სამართალდამცველებთან ფიზიკური დაპირისპირება აღნიშნული დროშებისა და ბანერების გამოფენამდე, ჯერ კიდევ სტადიონის მიმართულებით მსვლელობისას დაიწყო.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ხაზგასმით აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვა სავალდებულოა ყველა პირისთვის, განურჩევლად მისი მოქალაქეობისა, თუ ეროვნებისა.
სამართალდამცველებზე თავდასხმა, ძალადობა და საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევა დაუშვებელია და თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას მოჰყვება კანონით გათვალისწინებული მკაცრი რეაგირება", - ნათქვამია განცხადებაში.
ინფორმაციისთვის, "ბეშიქთაშისა" და ბეერ-შევას "ჰაპოელს" შორის შეხვედრა მოგვიანებით განახლდა და თურქული გუნდის გამარჯვებით 2:1 დასრულდა.
![[PHOTO] მძიმე სურათი - რა მდგომარეობაში იყო ბათუმის "დინამოს" სტადიონის ტრიბუნები მატჩის დასრულების შემდეგ](/_next/image?url=https%3A%2F%2Fsportall.ge%2Fmedia%2Fuploads%2F2026%2F11-27%2Fgala-1795769047_clone.jpg&w=3840&q=75)