ივანოვი და „ვარდების რევოლუცია“. სააკაშვილის ფეისბუკ-პოსტი და რეაქციები
„ვარდების რევოლუციიდან“ 23 წლის შემდეგ რევოლუციის ერთ-ერთმა ლიდერმა და დღეს პატიმრობაში მყოფმა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გაიხსენა, როგორ შეხვდა რუსეთის მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი იგორ ივანოვი ოპოზიციის ლიდერებს.
სააკაშვილის პოსტში ეწერა, რომ 2003 წლის 23 ნოემბერს, თბილისში ჩამოსულმა ივანოვმა მას, ნინო ბურჯანაძესა და ზურაბ ჟვანიას უთხრა, ვის რა თანამდებობა ექნებოდა ედუარდ შევარდნაძის გადადგომის შემდეგ.
სააკაშვილის მონათხრობს პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა.
24 ნოემბრის საღამოს გამოქვეყნებული პოსტი მის ფეისბუკგვერდზე მოგვიანებით აღარ იძებნებოდა. 25 ნოემბერს ტექსტი კვლავ გამოჩნდა - ამჯერად განმარტებით, რომელშიც სააკაშვილი წერს, რომ „ვარდების რევოლუცია თავიდან ბოლომდე ქართული მოვლენა იყო“.
რა დაწერა სააკაშვილმა
სააკაშვილი იხსენებს 2023 წლის 22 ნოემბრის საღამოსა და მომდევნო ღამეს, როცა დემონსტრანტები უკვე პარლამენტში იმყოფებოდნენ, ედუარდ შევარდნაძეს კი პრეზიდენტის თანამდებობა ჯერ კიდევ ეკავა.
პარლამენტის ძალის გამოყენებით დაცლის საფრთხე:. სააკაშვილის წერს, რომ ორთაჭალის სტადიონზე „კობალაძის თაოსნობით“კობა კობალაძე 1991-1994 წლებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის გამართულ ბრძოლებში მონაწილეობდა, 2001-2004 წლებში ეროვნული გვარდიის სარდალი იყო, 2016-2020 წლებში კი - „ქართული ოცნების“ დეპუტატი. 2016 წლიდან ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელია. შეკრებილი 300-მდე ადამიანი პარლამენტის „რევოლუციონერებისგან“ იარაღით გათავისუფლებას აპირებდა. ის ასევე წერს, რომ შევარდნაძის ბრძანებითპარლამენტში ოპოზიციის წარმომადგენლებისა და მათი მხარდამჭერების შეჭრის შემდეგ ედუარდ შევარდნაძემ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მოგვიანებით ის იხსენებდა, რომ გადადგომა სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად გადაწყვიტა. შავნაბადიდან ჯავშანტრანსპორტიორებით გამოსული სპეცრაზმელები ბაზაზე მას შემდეგ დაბრუნდნენ, რაც ერთ-ერთი ჯავშანტრანსპორტიორი ავტომობილს დაეჯახა. სააკაშვილის თქმით, ავტომობილში მყოფი ახალდაქორწინებული წყვილი დაიღუპა.ჟვანიას შეფასება. სააკაშვილი წერს, რომ საღამოს ათი საათისთვის ზურაბ ჟვანიამ 10-15 ადამიანი შეკრიბა და უთხრა: „ჩვენ სრულ ჩიხში ვართ, მეგობრებო, ჩვენ ვმარცხდებით“.შეხვედრა აშშ-ის ელჩთან. სააკაშვილის მონათხრობით, რიჩარდ მაილსმა ის საელჩოში მიიწვია და სთხოვა, სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად ოპოზიციას პარლამენტის შენობა დაეცალა და შევარდნაძისთვის დიალოგისკენ მოეწოდებინა. „პარლამენტს მხოლოდ მისი გადადგომის გამოცხადების შემდეგ დავცლიდით!“ - ასე იხსენებს სააკაშვილი საუბრის შინაარსს.ივანოვის გამოჩენა პარლამენტთან. სააკაშვილის თქმით, გამთენიისას მას, ბურჯანაძესა და ჟვანიას პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტში ეძინათ, როცა ჟვანიას დაცვის უფროსმა მათ ივანოვის მოსვლა შეატყობინა. სააკაშვილი წერს, რომ მინისტრმა აეროპორტიდან ჯერ ბადრი პატარკაციშვილთან შეიარა, იქ დალია, შემდეგ კი პარლამენტთან შეკრებილ ხალხს მიმართა. სააკაშვილის ვერსიით, ივანოვმა გამოსვლა ასე დაასრულა: „გაუმარჯოს, ძმებო, რევოლუციას! გაუმარჯოს საქართველოს!“

პოსტში სააკაშვილმა პირდაპირი ციტატებით აღწერა პარლამენტში გამართული საუბარიც. მისი თქმით, ნასვამმა ივანოვმა ბურჯანაძეს უთხრა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე იქნებოდა, ჟვანიას - პრემიერ-მინისტრი, თავად სააკაშვილს კი - პრეზიდენტი.
სააკაშვილის მონათხრობით, თანამდებობებზე საუბრისას ივანოვი ბილწსიტყვაობდა, რის გამოც ბურჯანაძემ მას შენიშვნა მისცა: „ბატონო იგორ, აქ უწმაწურ სიტყვებს ნუ ხმარობთ“. სააკაშვილი დასძენს, რომ მანამდე ოპოზიციის სამ ლიდერს ერთმანეთთან თანამდებობებზე არ უსაუბრია.
სააკაშვილის თქმით, წასვლისას ივანოვმა მათ სთხოვა, მის გაღვიძებამდე არაფერი გადაეწყვიტათ. როდესაც მინისტრი მათ საღამოს ექვსი საათისთვის კვლავ დაუკავშირდა, ოპოზიციის ლიდერები შევარდნაძესთან შეხვედრასა და ხელისუფლების გადაბარებაზე უკვე შეთანხმებული იყვნენ, წერს სააკაშვილი.
რა შეიცვალა 25 ნოემბრის პოსტში
ხელახლა გამოქვეყნებულ პოსტს სააკაშვილმა დასაწყისში ორი აბზაცი დაუმატა. პირველში ის გამოეხმაურა მისი მონათხრობის ინტერპრეტაციას - „აი რუსებმა დასვეს მიშაო“. სააკაშვილის თქმით, რევოლუცია მოულოდნელი იყო როგორც ამერიკელებისთვის, ისე რუსებისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კი თბილისში „გზააბნეული ლოთის ამპლუაში მოგვევლინა“.
„აი ვისაც შეუძლია, რომ დაიჯეროს, რომ მე რუსებთან ვიყავი შეკრული და ამიტომ ამოვაძუებინე კუდი თბილისთან 2008-ში, კანონიერ ქურდებთან ვიყავი შეკრული და ამიტომ ამოვძირკვე ისინი, თვითონ ნარკომანი ვიყავი და ამიტომ ამოვძირკვე ნარკომანია, იმას უკვე ვეღარც ერთი კლინიკა ვერ უმკურნალებს“, - დაწერა სააკაშვილმა.
თავდაპირველ პოსტში სააკაშვილი წერდა, რომ რევოლუცია პირველმა იგორ ივანოვმა აკურთხა. ახალ ვერსიაში მან სიტყვა „აკურთხა“ ბრჭყალებში ჩასვა.
ოფიციალური ბიოგრაფიით, იგორ ივანოვი 1945 წელს მოსკოვში დაიბადა. დედამისი, ელენე საღირაშვილი, ახმეტიდან იყო. ივანოვმა ბავშვობის პირველი წლები ახმეტაში, დედის მშობლებთან გაატარა.
დიპლომატიური კარიერა 1973 წელს დაიწყო, საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს პირველი ევროპული განყოფილების მეორე მდივნად. 1980-იან წლებში ის საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის, ედუარდ შევარდნაძის თანაშემწე იყო.
1991–1993 წლებში ივანოვი ესპანეთში ჯერ საბჭოთა კავშირის, შემდეგ კი რუსეთის ელჩი იყო. ელჩობის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გახდა. 1998–2004 წლებში საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, 2004–2007 წლებში კი რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობა ეკავა.
პოლიტიკური შეფასებები
ჟურნალისტებმა სააკაშვილის პოსტზე კომენტარი როგორც „ქართული ოცნების“, ისე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს სთხოვეს.
„ქართული ოცნების“ დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა სააკაშვილის მონათხრობი 2003 წელს ხელისუფლების ცვლილებაში რუსეთის ჩარევის აღიარებად შეაფასა. მისი სიტყვებით, ეს „პირდაპირ რუსეთის სახელმწიფოს ჩარევით, მათი ხელდასხმით ყოფილა მომხდარი“. ღუდუშაურის თანაგუნდელის, ლევან მაჭავარიანის შეფასებით, სააკაშვილმა აღიარა, რომ ხელისუფლებაში ყოფნის ცხრა წლის განმავლობაში მისი გუნდი „რუსეთის დაკვეთით“ მოქმედებდა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ლევან ბეჟაშვილს ჰკითხეს, აღიარა თუ არა სააკაშვილმა, რომ 2003 წელს თანამდებობები ივანოვმა გაანაწილა. ბეჟაშვილმა უპასუხა, რომ ეს კითხვა თავად სააკაშვილს უნდა დაუსვან.
„რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი არ მოახდინა რევოლუცია, ეს იყო ქართველი ხალხის ბრძოლა“, - თქვა მან.

რას წერდა პრესა 2003 წელს
ივანოვი პარლამენტთან 23 ნოემბერს, გამთენიისას მივიდა და აქციის მონაწილეებს მიმართა. სააკაშვილის მონათხრობისგან განსხვავებით, Civil.ge-ს იმავე დღეს, 12:13 საათზე გამოქვეყნებულ ქართულენოვან ცნობაში გამოსვლის ბოლო სიტყვები ასეა გადმოცემული: „საქართველოს [და] რუსეთის მეგობრულ ურთიერთობებს გაუმარჯოს!“
გამოცემის ცნობით, სიტყვა „გაუმარჯოს“ მინისტრმა ქართულად წარმოთქვა, რასაც შეკრებილები ოვაციებით შეხვდნენ.
ორი დღის შემდეგ, 25 ნოემბერს, ივანოვი „კომერსანტში“ გამოქვეყნებულ წერილში იხსენებდა, რომ პარლამენტის წინ დაძაბულობა იგრძნობოდა. მისი თქმით, თბილისში მისი მიზანი იყო, მოვლენები სამართლებრივ ჩარჩოში დარჩენილიყო და პოლიტიკური დაპირისპირება ძალადობაში არ გადაზრდილიყო.
„მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციური ფორმალობები დაცული იყო, ბოლომდე არ გვაკმაყოფილებს ის, თუ როგორ შეიცვალა ხელისუფლება. კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტმა გადაწყვეტილება ქუჩის ძალიან ძლიერი ზეწოლით მიიღო“, - წერდა ივანოვი.
რას იხსენებდა შევარდნაძე
გადადგომის შემდეგ ფინელ ჟურნალისტთან ინტერვიუში ედუარდ შევარდნაძე ამბობდა, რომ მისთვის გაუგებარი დარჩა, რა მიზნით ჩამოვიდა თბილისში იგორ ივანოვი. მისი თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მას ხანმოკლედ ესაუბრა, ძირითადი საუბარი კი ოპოზიციის ლიდერებთან ჰქონდა.

შევარდნაძის მონათხრობით, ივანოვმა მას ჰკითხა, რა მოთხოვნები ჰქონდა ოპოზიციის მიმართ. „ეს შენობები გაათავისუფლონ, დავჯდეთ და ვილაპარაკოთ“, - ასე გაიხსენა შევარდნაძემ თავისი პასუხი. ის სახელმწიფო კანცელარიისა და პარლამენტის შენობებს გულისხმობდა.
შევარდნაძის თქმით, ივანოვს მეორედ დილით შეხვდა. ამჯერად მინისტრი მასთან ოპოზიციის ლიდერებთან ერთად მივიდა და თქვა, რომ თბილისში საქმე აღარ ჰქონდა და აჭარაში გაფრინდებოდა.
ჟურნალისტმა შევარდნაძეს ჰკითხა, მისი აზრით, რა როლი შეასრულეს ამერიკელებმა ამ მოვლენებში. „ამ მომენტებში, რაზე ჩვენ ვილაპარაკეთ, არაფერი“, - უპასუხა მან. თუმცა შევარდნაძე ამბობდა, რომ საპროტესტო აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს სოროსის ფონდი და კიდევ ერთი ამერიკული ორგანიზაცია აფინანსებდნენ.
რას წერდა სააკაშვილი 2016 წელს
მიხეილ სააკაშვილმა ივანოვთან შეხვედრა 2016 წელს, რუსულ ენაზე გამოცემულ წიგნშიც („ძალის გამოღვიძება. საქართველოს გაკვეთილები უკრაინის მომავლისთვის“) აღწერა.
წიგნში მოყვანილ დიალოგში ივანოვი კონკრეტულ თანამდებობას მხოლოდ ბურჯანაძეს უსახელებს - ეკითხება, სურს თუ არა პარლამენტის თავმჯდომარედ დარჩენა. ჟვანიასა და სააკაშვილს კი ერთად მიმართავს: „ბიჭებო, თქვენც გინდათ თანამდებობები? მიიღებთ…“

წიგნში სააკაშვილი უფრო ვრცლად იხსენებს კრწანისის რეზიდენციაში შევარდნაძესთან შეხვედრასაც. მისი თქმით, ივანოვი პრეზიდენტის გადადგომას ეწინააღმდეგებოდა. სააკაშვილი წერს, რომ შევარდნაძემ ივანოვს მეზობელ ოთახში მოცდა სთხოვა, თავად კი მას და ჟვანიას უთხრა, რომ გადადგებოდა.
„ოთახში ივანოვი შემოიჭრა და თქვა, ასე არავინ შეთანხმებულაო, მაგრამ ჩვენ უკვე მიღებული გვქონდა შევარდნაძის გადადგომა“, - წერდა სააკაშვილი.
შევარდნაძემ გადადგომის შესახებ საჯაროდ 23 ნოემბრის საღამოს, სააკაშვილსა და ჟვანიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. Civil.ge-ს იმდროინდელი ცნობით, ივანოვი ამ დროისთვის თბილისიდან უკვე გამგზავრებული იყო ბათუმში, სადაც აჭარის მაშინდელ მეთაურს, ასლან აბაშიძეს შეხვდა.
