ორიგინალი
ამბავი დაკარგულ სამშობლოზე და დაკარგულ დროზე
რადიო თავისუფლება·12:46

ამბავი დაკარგულ სამშობლოზე და დაკარგულ დროზე

27 ნოემბერი, 2026 · 12:46

„მამული“ (პოლონეთი, 2026, რეჟისორი პაველ პავლიკოვსკი)

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი 29 ნოემბერს გაიხსნება წლის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ფილმით - პოლონელი რეჟისორის, პაველ პავლიკოვსკის „მამულით“. ვფიქრობ, ძალიან ზუსტია ორგანიზატორების ეს გადაწყვეტილება - ბოლო დროის არცერთი სხვა ფილმი არ გამოხატავს, ალბათ, ქართული საზოგადოების განწყობილებას ისე, როგორც „მამული“.

ოღონდ, საქართველოში მცხოვრებლებისთვის (თუ გნებავთ, ასე ვთქვათ: „საქართველოში დარჩენილებისთვის“) „მამული“ მხატვრული ნაწარმოებია, ეკრანიზაცია კოლმ ტოიბინის რომანისა „ჯადოქარი“ (გირჩევთ აუცილებლად წაიკითხოთ თომას მანის ბიოგრაფიის ეს აბსოლუტურად თავისუფალი ინტერპრეტაცია), მაგრამ იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც ქვეყანა დატოვეს, განსაკუთრებით იმისთვის, ვინც ემიგრაცია გადაწყვიტა ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური სიტუაციის გამო, „მამული“ უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ კარგი ფილმი თუ კინოხელოვნების შედევრი... ესაა ტკივილი, რომელიც მხოლოდ მონატრებით არ გამოიხატება. უფრო მძიმე განცდაა - იმის გაცნობიერება, რომ შენს სამშობლოს აღარ ეკუთვნი (ხმას ვერ აძლევ არჩევნებზე), რომ შენსა და იმ ქვეყანას შორის, რომელიც დატოვე, რაღაც გაწყდა. შეიძლება დაბრუნდე კიდეც, მაგრამ დაბრუნება ყოველთვის არ ნიშნავს შინ დაბრუნებას.

პაველ პავლიკოვსკის ფილმში თომას მანი და მისი ქალიშვილი ერიკა ამერიკიდან ომის შემდგომ გერმანიაში ბრუნდებიან (ორად გაყოფილ გერმანიაში), მაგრამ ეს უკვე აღარაა მათი გერმანია, მათი სამშობლო, მათი მამული... გერმანია, იდეოლოგიურად გადაკეთებული, ორივე მხრიდან უცხო ქვეყნების გავლენის ქვეშაა მოქცეული... ყველაზე მტკივნეული ისაა, რომ მამამ და შვილმა არ იციან, სად არის მათი ადგილი ამ ახალ რეალობაში. ქვეყანა, რომელსაც ეკუთვნოდნენ, სრულიად უცხო გახდა მათთვის.

„მამული“, შავ-თეთრი ფილმი, გადაღებული 4:3 ფორმატში, მხოლოდ და მხოლოდ 80 წუთს გრძელდება. დღევანდელი კინოს „გრაფომანიის“ ფონზე ეს თითქმის გამომწვევი მინიმალიზმია (სხვათა შორის, პავლიკოვსკიმ კოლმ ტოიბინის წიგნიდან მხოლოდ ერთი თავი აირჩია). გათვლილი, რაციონალური, კომპაქტური გამოსახულება და დიალოგები, „შეკუმშული ისტორია“, რომელიც შეგნებულადაა აცდენილი თომას მანის რეალურ ბიოგრაფიას - მწერალს გერმანიაში არა ქალიშვილი, არამედ ცოლი გაჰყვა, მისი ვაჟის თვითმკვლელობა კი არ ემთხვევა თომას მანის მოგზაურობას - კლაუსმა უფრო ადრე, 3 თვის წინ მოიკლა თავი.

გამოგონილია აგრეთვე ფილმის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სცენა - ერიკა მანის შეხვედრა ყოფილ ქმართან, მსახიობ გუსტაფ გრიუნდგენსთან, რომელიც კლაუს მანის რომანის, „მეფისტოს“ მთავარი გმირია. ერიკას როლის გაძლიერება მთლიანად ცვლის თომას მანის გერმანიაში მოგზაურობის ამბავს. მწერალი თითქოს დისტანცირებულია რეალობისგან, კარგად ვერ ხვდება, რა ხდება მის სამშობლოში. ჰანს ციშლერის პერსონაჟი თითქმის ყოველთვის კადრის სიღრმეშია მოქცეული, მანქანის თუ ოთახის სიბნელეს ერწყმის, ერთდროულად არსებობს და არც არსებობს.

მთელი პოლიტიკური და მორალური სიმძიმე გადატანილია ერიკაზე, სანდრა ჰიულერის შესრულებით. უნდა ვაღიარო, ყოველთვის მაღიზიანებდა ამ მსახიობის „ბენეფისები“ კინოში, მისი ერთგვარი არტისტული „სიხარბე“, სურვილი გადაფაროს ყველა და ყველაფერი სამსახიობო ტექნიკის ბრწყინვალე ფლობით... მაგრამ „მამულში“ ჰიულერი მთლიანად თმობს თავის არტისტულ ამბიციებს და ცდილობს ითამაშოს სწორედ რეჟისორის ჩანაფიქრის მიხედვით - უმძიმესი ისტორიული ტრავმა მინიმალური ხერხებით გამოხატოს.

მსახიობებს აქ გააზრებული აქვთ, რომ „მამული“ არაა ფსიქოლოგიური კინო, არაა ხასიათების კინო... ისინი თითქმის ისეთივე როლს ასრულებენ ოპერატორ ლუკაშ ჟალის მონოქრომულ კადრებში, როგორც 40-იანი წლების ინტერიერები, ქალაქის ნანგრევები, ავტომობილები... ამიტომაც მაყურებელს ხანდახან რჩება განცდა, რომ რეალურ დროში მიმდინარე დოკუმენტურ ქრონიკას უყურებს. ეს ბუნებრივია - პაველ პავლიკოვსკი ხომ მხატვრულ კინოში დოკუმენტალისტიკიდან მოვიდა. თანაც მას ყოველთვის აინტერესებდა ქრონიკის „გამხატვრულების“ პროცესის ჩვენება, კონკრეტული ფაქტის მაქსიმალური განზოგადება კათარზისული დასასრულით („მამულის“ ფინალში ბახის მუსიკა შემოდის, როგორც იმედის ნაპერწკალი მშობლიურ მიწას მოწყვეტილი ადამიანებისთვის).

კი, „მამული“ არის ერთი ეპიზოდი თომას მანის ბიოგრაფიიდან, მაგრამ ამავე დროს, „მამული“ არის ისტორია მამისა, რომელიც ძეგლად ქცეულა და უემოციო ადამიანად გვეჩვენება იმპულსური ქალიშვილის გვერდით. ერიკა ასრულებს მის სურვილებს, მაგრამ სულ უფრო ნაკლებად ესმის, რატომ იქცევა ასე მწუხარების ჟამს ჰუმანისტი მწერალი, ანტიფაშისტი და ლიბერალი - მისი შვილი მკვდარია, თვითონ კი ლიტერატურასა და გერმანიაზე, როგორც იდეაზე, წინასწარ მომზადებულ მოხსენებას კითხულობს.

ერიკა პავლიკოვსკის ფილმში „სინდისის ხმაა“, ფაქტობრივად, ერთადერთი ადამიანია, რომელიც იმას ამბობს, რისი თქმაც სხვებს არ შეუძლიათ. „გაჩუმდით, მკვლელებო!“ - ყვირის სასოწარკვეთილი ერიკა. მაყურებელი გრძნობს, რომ ის არ უყვირის კონკრეტულ ადამიანებს. ის უყვირის ყველას, ვინც სიცოცხლის, შემოქმედების, ბედნიერების უფლება წაართვა.

ამერიკელი ქალი აფრთხილებს ერიკას, რომ აღმოსავლეთ გერმანიაში მოგზაურობამ შესაძლოა თომას მანს შეერთებულ შტატებში დაბრუნებისას პრობლემები შეუქმნას. ასეც მოხდა. მაკარტიზმი თომას მანისთვის ამერიკიდან განდევნით დასრულდა. 1952 წელს მისი ოჯახი საცხოვრებლად შვეიცარიაში გადავიდა.

მაგრამ „მამული“ არ არის მხოლოდ ფილმი ადამიანებზე, რომლებმაც სამშობლო დაკარგეს. პავლიკოვსკის ფილმში არანაკლებ მნიშვნელოვანია ისტორიის, დროის მიმართ ადამიანის გაუცხოების თემაც. ნუ დაგვავიწყდება, რომ თომას მანის ბიოგრაფიაში „ქვიარ-ნარატივი“ სულაც არ არის მეორეხარისხოვანი.

იქნებ ამიტომაც იწყება ფილმი შიშველი გეი მამაკაცის გრძელი, ექვსწუთიანი სტატიკური კადრით, კლაუს მანით, რომელიც თავის დას ტელეფონით ესაუბრება. „ჩვენთვის აქ ადგილი აღარ არის, ერიკა. რა დაგვრჩენია? სტალინი თუ მიკი მაუსი?“ - კითხულობს კლაუსი. შემდეგ კი, 80 წუთის განმავლობაში, ჩვენ ვეცნობით ორ ქვიარ ადამიანს, მამას და მის ქალიშვილს, გენიოს მწერალს და ჭკვიან, თავის ძმაში შეყვარებულ ერიკას, რომლებიც ახალ დროსთან შეუთავსებელნი არიან. ორივე უცხოა - მამას დაპირისპირებული მხარეები საკუთარი მიზნებისთვის იყენებენ, ქალიშვილი კი იძულებულია, მოსამსახურის როლი ითამაშოს. ამ ადამიანებს მომავალი აღარ აქვთ.

„ჩვენ ვიყავით ლეოპარდები, ლომები. ჩვენს ადგილს კი ტურები და აფთრები დაიკავებენ“ - დონ ფაბრიციო სალინას ეს სიტყვები ლამპედუზას რომანიდან „ლეოპარდი“ კინოში უკვე მოვისმინეთ, ლუკინო ვისკონტის გენიალურ ფილმში. ვისკონტის, მოგეხსენებათ, ხშირად უწოდებდნენ „კინოხელოვნების თომას მანს“, ამ ორ ადამიანს ბევრი რამ აკავშირებდა - პირად ცხოვრებაშიც და შემოქმედებაშიც. ვისკონტიმ „სიკვდილი ვენეციაში“ გადაიღო, „ჯადოსნური მთის“ სცენარიც დაწერა, თუმცა საყვარელი მწერლის ბიოგრაფიის კინოში გადატანა არასდროს უცდია. სამაგიეროდ, ეს პაველ პავლიკოვსკიმ გააკეთა. ჩემი აზრით, - ბრწყინვალედ, წლის ერთ-ერთ საუკეთესო ფილმში „მამული“.

სრული სტატია წყაროზეწყარო: radiotavisupleba.ge
  1. მთავარი
  2. რადიო თავისუფლება
  3. ამბავი დაკარგულ სამშობლოზე და დაკარგულ დროზე

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

რადიო თავისუფლება·12:33

ორი განცხადება 28 ნოემბრის აქციაზე - „ალიანსი“ მსვლელობას თსუ-დან უერთდება, ენმ - ავლაბრიდან

ორი განცხადება 28 ნოემბრის აქციაზე - „ალიანსი“ მსვლელობას თსუ-დან უერთდება, ენმ - ავლაბრიდან
რადიო თავისუფლება·12:02

ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ლოგისტიკა - რუსეთმა უკრაინაზე მორიგი შეტევა მიიტანა

ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ლოგისტიკა - რუსეთმა უკრაინაზე მორიგი შეტევა მიიტანა
რადიო თავისუფლება·11:15

რატომ დაიწყო დაპირისპირება „ბათუმი არენის“ ტრიბუნაზე? უეფას განმარტება

რატომ დაიწყო დაპირისპირება „ბათუმი არენის“ ტრიბუნაზე? უეფას განმარტება
რადიო თავისუფლება·10:35

დრონებით შეტევა იყო პეტერბურგსა და მის მახლობლად მდებარე რაიონებზე

დრონებით შეტევა იყო პეტერბურგსა და მის მახლობლად მდებარე რაიონებზე
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.