რატომ დაიწყო დაპირისპირება „ბათუმი არენის“ ტრიბუნაზე? უეფას განმარტება
ევროპის საფეხბურთო ასოციაციების კავშირმა (უეფა) განცხადება გაავრცელა და განმარტა, რატომ შეწყდა დროებით 26 ნოემბერს ბათუმში თურქეთის „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩი.
ორგანიზაციის ინფორმაციით, პოლიცია ტრიბუნაზე „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებს შორის შეტაკების შესაჩერებლად შევიდა. ამის შემდეგ ვითარება პოლიციელებსა და გულშემატკივრებს შორის დაიძაბა და თამაში დროებით შეწყდა.
„ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ცნობების საპირისპიროდ, უეფას ინფორმაციით, ადგილობრივ პოლიციასა და „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებს შორის ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც პოლიცია „ბეშიქთაშის“ გულშემატკივართა სექტორში შევიდა, რათა თავად კლუბის გულშემატკივრებს შორის დაწყებული შეტაკებები შეეჩერებინა. ვითარების გამწვავებამ მატჩის დროებით შეჩერება გამოიწვია“, - ნათქვამია უეფას განცხადებაში.
უეფა წერს, რომ, როგორც სეზონის სხვა შეხვედრების შემთხვევაში, ბათუმშიც მატჩის ორგანიზატორი თავად არ ყოფილა და სტადიონზე უსაფრთხოების ზომებს არ აკონტროლებდა.
„სტადიონზე ჩარევის შესახებ ყველა გადაწყვეტილება შესაბამისმა ადგილობრივმა უწყებებმა მიიღეს და თავადვე განახორციელეს თავიანთი მოვალეობების შესრულებისას, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში“, - აცხადებს უეფა.
რა მოხდა ბათუმის ქუჩებსა და სტადიონზე
მატჩის დაწყებამდე თურქეთიდან ჩამოსულმა გულშემატკივრებმა ბათუმის ევროპის მოედნიდან სტადიონისკენ მსვლელობა გამართეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გზად გულშემატკივართა ნაწილი პოლიციელებს სხვადასხვა ნივთს ესროდა და ფიზიკურად უპირისპირდებოდა. დაპირისპირება ტრიბუნაზეც გაგრძელდა. შსს-ს თანახმად, გულშემატკივართა ნაწილმა სტადიონზე სკამები დაამტვრია და პოლიციელებს ესროლა. უწყებამ დაადასტურა, რომ პოლიციამ სპეციალური საშუალება გამოიყენა, თუმცა არ დაუზუსტებია, რომელი.
მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ შლის ტრიბუნაზე ორი გულშემატკივარი პალესტინის დროშას, რის შემდეგაც მათკენ პოლიციელები მიემართებიან. შსს უარყოფს, რომ პოლიციამ ძალა დროშებისა და ბანერების გამოფენის გამო გამოიყენა.
სამინისტროს ვერსიით, პოლიციელებთან ფიზიკური დაპირისპირება უფრო ადრე, ჯერ კიდევ სტადიონისკენ მსვლელობისას დაიწყო.
ევროპის ლიგის მატჩი 21:45-ზე დაიწყო. ტრიბუნაზე მომხდარი დაპირისპირების გამო თამაში დაახლოებით ნახევარი საათით შეწყდა და 22:45-ზე განახლდა. „ბეშიქთაშმა“ 2:1 გაიმარჯვა.
სამი დაშავებული პოლიციელი და 16 დაკავებული
საქართველოს შსს-მ 27 ნოემბერს, 01:35-ზე გავრცელებულ განცხადებაში დაწერა, რომ ბათუმში სამი პოლიციელი დაშავდა, 16 ადამიანი კი დააკავეს.
თურქული გაზეთი Türkiye თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ თბილისში თურქეთის საელჩოს ჩართულობით ბათუმში დაკავებული თურქეთის მოქალაქეებიდან „თითქმის ყველა“ გაათავისუფლეს. გამოცემა გათავისუფლებულთა ზუსტ რაოდენობას არ ასახელებს. მისივე ცნობით, საავადმყოფოდან გაწერეს თურქეთის ორი მოქალაქე.
საქართველოს შსს-ს დაკავებულთა გათავისუფლების შესახებ ამ ეტაპზე დამატებითი განმარტება არ გაუვრცელებია.
რა უთხრა თამაზაშვილმა თურქ კოლეგას
თურქეთის შსს-ს ცნობით, მინისტრმა მუსტაფა ჩიფთჩიმ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ სულხან თამაზაშვილთან სატელეფონო საუბრისას შეშფოთება გამოთქვა თურქი გულშემატკივრების მიმართ „არაპროპორციული ძალის გამოყენების“ გამო და კოლეგას მათი თურქეთში უსაფრთხოდ დაბრუნების უზრუნველყოფა სთხოვა.
სააგენტო „ანადოლუ“ თურქეთის შსს-ს განცხადებაზე დაყრდნობით წერს, რომ თამაზაშვილმა ჩიფთჩის უთხრა, პალესტინის დროშები გულშემატკივრებს უეფას წარმომადგენლებმა ჩამოართვეს და ამ გადაწყვეტილებაში საქართველოს სახელმწიფო უწყებებს მონაწილეობა არ მიუღიათ. უეფა თავის განცხადებაში დროშების ჩამორთმევას ცალკე არ ახსენებს.
„ბეშიქთაშმა“ დაგმო მატჩამდე და თამაშის დროს მისი გულშემატკივრების მიმართ „არაპროპორციული ძალის გამოყენება“. კლუბის განცხადებით, მან ამ საკითხზე ოფიციალურად მიმართა უეფასა და ბათუმში თურქეთის გენერალურ საკონსულოს. „ბეშიქთაშს“ სოლიდარობა გამოუცხადეს სტამბოლის „გალათასარაიმ“ და სხვა თურქულმა კლუბებმაც. ბათუმში მომხდარზე ერთმანეთს საქართველოსა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მაკა ბოჭორიშვილი და ჰაქან ფიდანიც ესაუბრნენ.
„ბეშიქთაშს“ ისრაელის კლუბისთვის სტამბოლში უნდა ემასპინძლა. უეფას განმარტებით, ადგილობრივ ხელისუფლებასთან კონსულტაციის შემდეგ თურქეთის ფეხბურთის ფედერაციამ უეფას აცნობა, რომ მატჩი სტამბოლში ვერ ჩატარდებოდა. იმავე შეტყობინებაში ბათუმის სტადიონი უკვე მითითებული იყო მხარეებს შორის შეთანხმებულ ადგილად. 30 ოქტომბერს უეფამ გამოაცხადა, რომ შეხვედრა ბათუმში მაყურებლის თანდასწრებით გაიმართებოდა.
ღაზაში ომის დაწყების შემდეგ თურქეთსა და ისრაელს შორის ურთიერთობები მკვეთრად გაუარესდა. „ბეშიქთაშს“ ისრაელის კლუბთან საშინაო მატჩი ადრეც გაუმართავს თურქეთის ფარგლებს გარეთ. 2024 წლის ნოემბერში სტამბოლის კლუბი თელ-ავივის „მაკაბის“ უნგრეთში შეხვდა. მაშინ მატჩზე მაყურებელი არ დაუშვეს.
