აქციაზე გამოფენილ ბანერს ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს შორის ურთიერთბრალდებები მოჰყვა
28 ნოემბერს, თბილისში გამართულ აქციაზე, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, მილიარდერ ექს-პრემიერის, ბიძინა ივანიშვილისა და საქართველოს მესამე პრეზიდენტის, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის გამოსახულებიანი ბანერის გამოფენას დაპირისპირება მოჰყვა.
ბანერზე ორივე პოლიტიკოსის გამოსახულება გადახაზული იყო.
ბანერის გარშემო განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურნენ პარტია „ფედერალისტებისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები.
თავისუფლების მოედანზე მიტანილ ბანერზე ეწერა: „არა! ახირებული ავტოკრატიის დრო წავიდა“. ბანერს აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ფავლენიშვილმა მომხდარს პროვოკაცია უწოდა;
"არ შეიძლება ასეთ დიდ გამაერთიანებელ ეროვნულ თარიღებზე ხდებოდეს ასეთი მძიმე პროვოკაციები და ხდებოდეს ასე გათიშვა საპროტესტო საზოგადოების, ჩვენ გუშინ ვიხილეთ გამიზნული პროვოკაცია ბანერების სახით, რომელიც გასაგებია რა შედეგით შეიძლება დასრულებულიყო.
ეს მხოლოდ ერთი მარგინალური ჯგუფის პასუხისმგებლობის საკითხი ვერ იქნება. თუ ასეა, მაშინ უნდა განაცხადონ ღიად, რომ ეს იყო კონკრეტული მარგინალური პოლიტიკური ჯგუფის ქმედება და ემიჯნებიან. ვგულისხმობ, პოლიტიკურ ალიანსს, მის წევრებს. მათ უნდა თქვან ხაზგასმით - ემიჯნებიან თუ არა ასეთ პროვოკაციას".
"ფედერალისტების" ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი ფეისბუკზე წერს, რომ მსგავსი შინაარსის ბანერები მომავალშიც გამოჩნდება ყველა იმ აქციაზე, რომელზეც მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები ყოფილი პრეზიდენტის გამოსახულებიან პლაკატებს მიიტანენ.
„საქართველო ივანიშვილის გარეშე არ ნიშნავს მიშას... ახირებული ავტოკრატების დრო წავიდა. ესაა ჩვენი გზავნილი. ეს გვჭირდება გასამარჯვებლად“, - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ მათი გამოხატვის თავისუფლება იქ მთავრდება, სადაც სხვების თავისუფლება იწყება.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ანა წითლიძე კი აკრიტიკებს როგორც აქციაზე ამ შინაარსის ბანერის გამოფენას, ისე იმ გარემოებას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს თავისუფლების მოედანზე შეკრებილი მოქალაქეების წინაშე სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა არ მიეცა.
„მე მაინტერესებს, აი, ამ დიდებულ და ამაღელვებელ დღეს, როდესაც ამდენი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბრძოლისთვის მზად არის, ვის მოუვიდა აზრად ამ პლაკატების დაბეჭდვა და შემდეგ აქციაზე მოტანა?! ვინ გადაწყვიტა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“ სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა არ მიეცა?“ - წერს ანა წითლიძე.
ის ოპოზიციური ალიანსის წევრებს, მათ შორის ნიკა გვარამიას, აკრიტიკებს და მათ ოპოზიციური ერთობის დარღვევაში ადანაშაულებს.
„მართლა გგონიათ, რომ ხალხი თქვენს გამო გამოდის ქუჩაში? ძალიან სირცხვილია! მე პირადად არაფერი მიკვირს, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა დაინახოს ყველამ ერთობის დამრღვევთა ნამდვილი სახე“, - წერს ანა წითლიძე.
თავისუფლების მოედანზე, აქციაზე გამოტანილ ბანერს სოციალურ ქსელში აქტიური გამოხმაურება მოჰყვა. თეოლოგი ბექა მინდიაშვილი წერს, რომ მიხეილ სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის ერთ პლაკატზე გამოსახვა და მათი გათანაბრება მიზანმიმართული პროვოკაცია იყო. მინდიაშვილი მიიჩნევს, რომ ეს იმ მეთოდების დემონსტრირებაა, რომლებითაც ხელისუფლება წლების განმავლობაში ოპოზიციური ერთიანობის შესუსტებასა და საპროტესტო მოძრაობის დისკრედიტაციას ცდილობდა.
„სააკაშვილისა და ნებისმიერი ოპოზიციური ძალის მწვავე კრიტიკა სავსებით შესაძლებელია და ხშირად სრულიად სამართლიანიც. მაგრამ ამ აქციაზე ამგვარი იდიოტიზმის დემონსტრირება სხვა არაფერი შეიძლებოდა ყოფილიყო, თუ არა მიზანმიმართული პროვოკაცია, რომელიც მხოლოდ ქოცების ინტერესებს ემსახურებოდა. კარგი ისაა, რომ ეს მეთოდი უკვე გაცვდა და მოჩლუნგდა“, – წერს ბექა მინდიაშვილი.
28 ნოემბერს თბილისში ოპოზიციის წარმომადგენელთა ორგანიზებით გამართული აქციის მთავარი გზავნილები იყო „საქართველო ივანიშვილის გარეშე“ და „საქართველო ევროპაა“.
აქცია უწყვეტი პროევროპული პროტესტის ორი წლისთავს მიეძღვნა. 2024 წლის 28 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებდა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.
უწყვეტი პროტესტის მონაწილეთა მთავარ მოთხოვნებს შორისაა ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და აქციებთან დაკავშირებით დაკავებული პირების გათავისუფლება.
2024 წლის 28 ნოემბრიდან საქართველოში უწყვეტი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ამ ორი წლის განმავლობაში აქციების ასობით მონაწილე დააკავეს როგორც ადმინისტრაციული, ისე სისხლის სამართლის წესით. დემონსტრანტები და ჟურნალისტები არაერთხელ გახდნენ სამართალდამცველების მხრიდან ძალადობის მსხვერპლი. ხელისუფლებამ ეტაპობრივად გაამკაცრა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების მარეგულირებელი კანონმდებლობა, მნიშვნელოვნად გაზარდა ადმინისტრაციული ჯარიმები და გააფართოვა ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენების საფუძვლები.
საპროტესტო აქციების დარბევისა და ადამიანის უფლებების დარღვევების გამო დასავლეთის არაერთმა ქვეყანამ სანქციები დაუწესა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებსა და სამართალდამცველი უწყებების მაღალჩინოსნებს.
