ტირანაში ანტისამთავრობო აქცია გაიმართა - მონაწილეები პრემიერის გადადგომას მოითხოვენ
ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში 28 ნოემბერს სტუდენტების ორგანიზებით გამართული ანტისამთავრობო აქცია დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა. აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრ ედი რამას გადადგომას მოითხოვდნენ.
როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, ალბანეთის დამოუკიდებლობის დღეს შეკრებილმა დემონსტრანტებმა პოლიციელებს ქვები და აალებადი სითხით სავსე ბოთლები დაუშინეს. პოლიციამ მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.
Reuters-ის ჟურნალისტის ცნობით, დემონსტრანტებმა სამთავრობო შენობას ქვები დაუშინეს და პრემიერ-მინისტრის ოფისთან მისვლა სცადეს, თუმცა პოლიციამ მათ ამის შესაძლებლობა არ მისცა.
ალბანეთში ანტისამთავრობო დემონსტრაციები ოქტომბრის შუა რიცხვებიდან მიმდინარეობს. ტირანაში დაწყებული პროტესტი ქვეყნის სხვა ქალაქებშიც გავრცელდა. დემონსტრანტები ხელისუფლებას კორუფციაში ადანაშაულებენ და სამუშაო ადგილების ნაკლებობას, განათლების დაბალ ხარისხსა და მძიმე სოციალურ პირობებს აპროტესტებენ.

„საკმარისია ამდენი კორუფცია, სიღარიბე და ემიგრაცია“, – უთხრა Reuters-ს აქციის მონაწილემ, 45 წლის ინჟინერმა ერალდა ბაზემ.
ედი რამას მთავრობა კორუფციის შესახებ ბრალდებებს უარყოფს და დემონსტრანტებს დიალოგისკენ მოუწოდებს. საპროტესტო მუხტის შესამცირებლად ხელისუფლებამ გარკვეული ზომებიც მიიღო, მათ შორის, საწვავის გაიაფებისა და ღარიბი ოჯახებისთვის ფინანსური დახმარების გაზრდის გადაწყვეტილებები.
Reuters-ის შეფასებით, მიმდინარე პროტესტი ყველაზე სერიოზული გამოწვევაა ედი რამასთვის, რომელიც ალბანეთს 2013 წლიდან მართავს და გასულ წელს პრემიერ-მინისტრის პოსტზე მეოთხე ვადით დარჩა.
ანტისამთავრობო გამოსვლებს წინ უძღოდა ზაფხულში გამართული, ძირითადად მშვიდობიანი აქციები, რომელთა მონაწილეებიც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიძის, ჯარედ კუშნერის მხარდაჭერით ალბანეთის სანაპიროზე ძვირადღირებული კომპლექსის მშენებლობას აპროტესტებდნენ.
28 ნოემბრის აქციაზე ერთ-ერთ ტრანსპარანტზე ეწერა: „ალბანეთი არ იყიდება“.
ალბანეთი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა და მიზნად ისახავს ევროკავშირში 2030 წლისთვის გაწევრიანებას.
