
მასშტაბური კიბერშეტევა ევროპის სუპერმარკეტებზე - ჰაკერებმა მაცივრების ტემპერატურა 50 გრადუსამდე გაზარდეს
ევროპის რამდენიმე ქვეყანაში სუპერმარკეტები მასშტაბური კიბერშეტევის სამიზნე გახდნენ. ჰაკერებმა სავაჭრო ობიექტების სამაცივრე სისტემებში დისტანციურად შეაღწიეს და ზოგიერთ მათგანში ტემპერატურა 50 გრადუს ცელსიუსამდე გაზარდეს. შედეგად, მაღაზიებს დიდი რაოდენობით საკვები პროდუქტის განადგურება მოუწიათ.
2 ნოემბერს განხორციელებული თავდასხმების შედეგად დაზარალდნენ სუპერმარკეტები შვედეთში, ბელგიაში, ლუქსემბურგში, ირლანდიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში. დაზიანებული სამაცივრე სისტემების გამო მაღაზიების ნაწილმა პროდუქცია სავაჭრო დახლებიდან სრულად ამოიღო.
მსგავსი მასშტაბური კიბერშეტევა ოქტომბერშიც განხორციელდა საფრანგეთში, სადაც ჰაკერებმა ასეულობით სუპერმარკეტის მაცივრებსა და საყინულეებში ტემპერატურა დისტანციურად გაზარდეს. თავდასხმის შედეგად გაფუჭდა დიდი რაოდენობით საკვები, ზოგიერთ ობიექტზე კი ხანძარიც გაჩნდა.
ევროპის ქვეყნებში კიბერშეტევების გარემოებებს სწავლობენ. ვინ დგას თავდასხმების უკან, ჯერჯერობით უცნობია.
ტვ პირველი
წყარო: tvpirveli.ge