რატომ არ უნდა დათანხმებულიყო? - კალაძე „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელის“ მატჩის ბათუმში ჩატარებაში პრობლემას ვერ ხედავს
რატომ დათანხმდა ქართული მხარე „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის ბათუმში ჩატარებას- კახა კალაძე პრობლემას ვერ ხედავს და ამბობს, რომ მსგავსი რამ “ფეხბურთში“ სულ ხდება.
რა პრობლემაა, რატომ არ უნდა დათანხმებულიყო?- თქვა კალაძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, იყო თუ არა გათვლილი, რომ შესაძლოა, მსგავსი დაპირსპირება მომხდარიყო, კალაძემ უპასუხა:
რაღაცებს ნუ მიედ-მოედებით ხოლმე, ფეხბურთში ხდება ხოლმე, პირველად ნახეთ ამ ტიპის ქმედებები?
კალაძე ასევე თურქეთის მხარის პრეტენზიებს და განცხადებებს გამოეხმაურა და თქვა, რომ “ეს იმის ნიშანია, რომ ყველა სახელმწიფო თავის მოქალაქეებზე ზრუნავს“.
ყველა სახელმწიფო, ცხადია, თავის ხალხზე ზრუნავს, ჩვენც იგივე მიდგომა გვექნებოდა, რომ ჩვენი გულშემატკივარი სადღაც ყოფილიყო და დაპირისპირებაში შესულიყო პოლიციასთან, ჩვეულებრივი მომენტია. რა მოხდა მერე, ხომ იცი დამოკიდებულება ამ ქვეყნებს შორის, - თქვა კალაძემ.
რა მოხდა ბათუმში:
თურქეთის „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ შევას“ მატჩი, რომელიც 26 ნოემბერს ბათუმში გაიმართა, თავდაპირველად სტამბოლში უნდა ჩატარებულიყო. თუმცა თურქეთის ხელისუფლებამ უსაფრთხოების რისკების გამო უეფას აცნობა, რომ შეხვედრის მასპინძლობა არ შეეძლო. უეფამ მატჩის ნეიტრალურ მოედანზე, ბათუმში გამართვის გადაწყვეტილება მიიღო.
ბათუმში მატჩის დაწყებამდე ვითარება დაიძაბა და დაძაბულობა მატჩის მიმდინარეობისას გაგრძელდა. თამაში გარკვეული პერიოდით შეწყდა კიდეც. პოლიციასა და „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა, მათ შორის მას შემდეგ, რაც ტრიბუნაზე გულშემატკივრებმა პალესტინის დროშა გაშალეს. შსს-ს ცნობით, ბათუმში „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის გარშემო განვითარებული მოვლენების შედეგად პოლიციის სამი თანამშრომელი დაშავდა, ხოლო 16 ადამიანი დააკავეს.
