კოსმოს
ნატო რუსული საბრძოლო ბირთვული თანამგზავრისგან თავდასაცავად ემზადება. რაზეა საუბარი და რამდენად რეალურია საფრთხე?
ფოტოს წარწერა: ექსპერტები ამტკიცებენ, რომ კოსმოსში ბირთვული აფეთქება საშიში იქნება ყველა თანამგზავრისთვის გამონაკლისის გარეშე
(სურათი შექმნილია მხატვრის მიერ და არ აქვს კავშირი იმ აპარატთან, რომელზეც ტექსტშია საუბარი)
BBC-ის რუსული სამსახური აქვეყნებს სტატიას
მანამდე გერმანულ პრესაში გავრცელდა ცნობები რუსეთის მზადყოფნის შესახებ, კოსმოსში ბირთვული ქობინის მქონე თანამგზავრი გაუშვას. ამ ინფორმაციას გამოეხმაურა ნატო - მისმა გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი კოსმოსში ნებისმიერი საფრთხისგან დაიცავს თავს.
ამ ცნობებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხისას ნატო-ს გენმდივანმა ბერლინში, ფრიდრიხ მერცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა:
"ჩვენ ყოველთვის უზრუნველვყოფთ ნატო-ს ტერიტორიის თითოეული სანტიმეტრის დაცვას და ეს მოიცავს ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველყოფას კოსმოსურ სივრცეშიც“.
ინფორმაცია გამოაქვეყნეს საზოგადოებრივმა ტელერადიოკომპანიებმა NDR და WDR, ასევე გაზეთმა Süddeutscher Zeitung. ისინი გერმანიის შეიარაღებულ ძალებსა და ფედერალურ სადაზვერვო სამსახურში არსებულ ანონიმურ წყაროებს ეყრდნობოდნენ და აცხადებდნენ, რომ აპარატი შესაძლოა უკვე წელს გაუშვან. გამოცემები არანაირ დეტალს არ ასახელებენ.
იმის შესახებ, რომ რუსეთი ბირთვული ქობინის მქონე თანამგზავრის პროგრამაზე მუშაობს, ადრეც ლაპარაკობდნენ. მაგალითად, ამაზე წერდნენ ამერიკული მოხსენების - "კოსმოსში უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ“ - ავტორები, რომელიც ოქტომბრის ბოლოს გამოქვეყნდა.
ის ეძღვნება აშშ-ის სამხედრო მეტოქეობას ჩინეთთან და რუსეთთან, ასევე ჩრდილოეთ კორეასთან და ირანთან, რომლებსაც ასევე აქვთ სამხედრო მიმართულების კოსმოსური პროგრამები.
მოხსენებაში ნათქვამია, რომ რუსეთი "ავითარებს ბირთვული იარაღის მიტანისთვის განკუთვნილ თანამგზავრს, მიუხედავად 1967 წლის კოსმოსური ხელშეკრულების დაცვის ვალდებულებისა, რომელიც დედამიწის ორბიტაზე ბირთვული იარაღის ან მასობრივი განადგურების სხვა სახეობის იარაღის მქონე ნებისმიერი ობიექტის განთავსებას კრძალავს“.
2022 წლის 5 თებერვალს რუსეთმა გაუშვა კოსმოსური აპარატი, რომელსაც "კოსმოს-2553“ ეწოდა და ამტკიცებდა, რომ ეს აპარატი რადიაციისა და მძიმე დამუხტული ნაწილაკების ზემოქმედების პირობებში ახალი ხელსაწყოებისა და სისტემების გამოსაცდელად არის განკუთვნილი.
ამასთან, როგორც ამერიკულ მოხსენებაშია აღნიშნული, ეს თანამგზავრი გაიყვანეს უჩვეულო და იზოლირებულ ორბიტაზე, რომლითაც კავშირგაბმულობის, ნავიგაციისა და დედამიწის დისტანციური ზონდირების თანამგზავრები არ სარგებლობენ.
აშშ-ში მიიჩნევენ, რომ ის შეიძლება იყოს კოსმოსური ანტისატელიტური სისტემის ნაწილი, რომელსაც ბირთვული მუხტების გამოყენება შეუძლია. ღია წყაროებში არანაირი კონკრეტული მტკიცებულება წარმოდგენილი არ ყოფილა.
რაში სჭირდებათ ბირთვული ბომბი კოსმოსში?
კოსმოსში ბირთვულ აფეთქებას შეეძლო ათასობით თანამგზავრის სწრაფი და მოულოდნელი მწყობრიდან გამოყვანა ან მათი მუშაობის სერიოზული გაუარესება.
საქმე ისაა, რომ ბირთვული აფეთქების ერთ-ერთი დამაზიანებელი ფაქტორია ელექტრომაგნიტური იმპულსი (ემი), რომელიც აზიანებს და მწყობრიდან გამოჰყავს რადიოელექტრონული აპარატურა მისგან გარკვეულ მანძილზე. ეს მანძილი ბირთვული მუხტის სიმძლავრეზეა დამოკიდებული.
რუსეთმა ანტისატელიტური იარაღის გამოცდა დაადასტურა. აშშ მოსკოვს საერთაშორისო კოსმოსური სადგურისთვის საფრთხის შექმნაში ადანაშაულებდათანამგზავრები, რომლებიც სპეციალური ეკრანებით არ არიან აღჭურვილნი, მოწყვლადია ასეთი ელექტრომაგნიტური ტალღების ზემოქმედების მიმართ. დედამიწის ორბიტაზე მყოფი აპარატების უმრავლესობა ემი-ს ზემოქმედებისგან დაცული არ არის.
გარდა ამისა, კოსმოსში ბირთვული აფეთქება შექმნიდა ხანგრძლივ რადიაციულ სარტყლებს, რომლებიც შეიძლება წლების განმავლობაში შენარჩუნდეს და კიდევ უფრო მეტი თანამგზავრი დააზიანოს, მათ შორის ისინიც, რომლებიც აფეთქებისას გადარჩებიან ან მხოლოდ დროებით გამოვიდნენ მწყობრიდან.
რამდენად ეფექტიანია ბირთვული თანამგზავრი?ორბიტაზე ბირთვული აფეთქება - ეფექტიანი გზაა, რომ დარტყმა მიადგეს აპარატების დიდ რაოდენობას.
ვინაიდან თანამედროვე ომი სულ უფრო მეტად არის დამოკიდებული კოსმოსურ სისტემებზე, ასეთი ზემოქმედება სერიოზულად დაასუსტებდა იმ მხარეს, რომლის თანამგზავრებიც ზემოქმედების ქვეშ მოექცეოდნენ.
ამასთან, როგორც "ბი-ბი-სისთან“ ინტერვიუში დარემის უნივერსიტეტის კოსმოსური კვლევების ცენტრის თანახელმძღვანელმა, დოქტორ ბლედინ ბოუენმა განაცხადა, "ბირთვული მუხტის ძალიან დიდ სიმაღლეზე ან კოსმოსურ სივრცეში აფეთქებისას დედამიწაზე რადიოაქტიური ნალექის გადმოსვლის რისკი უკიდურესად მცირეა“.
"ასეთი დასკვნები ჯერ კიდევ 1960-იან წლებში გაკეთდა, საბჭოთა კავშირისა და აშშ-ის მიერ ჩატარებული გამოცდების დროს“, - განმარტა მან.
ანუ, ადამიანებისთვის დედამიწაზე ასეთი აფეთქება, სავარაუდოდ, საფრთხეს არ წარმოადგენს.
განურჩეველი იარაღითუმცა ასეთ იარაღს მინუსებიც აქვს. ჯერ ერთი, ის არღვევს საერთაშორისო შეთანხმებებს. რუსეთი, მაგალითად, 1967 წლის კოსმოსური სივრცის შესახებ ხელშეკრულების მონაწილეა, რომელიც ორბიტაზე მასობრივი განადგურების იარაღის განთავსებას კრძალავს.
ორბიტაზე ასეთი იარაღის უბრალოდ განთავსებაც კი - და არა გამოყენება - სავარაუდოდ, ნეგატიურ რეაქციას გამოიწვევდა სხვადასხვა ქვეყანაში, რომლებსაც ორბიტაზე საკუთარი აპარატები აქვთ განთავსებული.
საქმე ისაა, რომ ემი, ისევე როგორც შემდგომი რადიაციული დაბინძურება, განურჩევლად მოქმედებს. ის ვერ შეძლებს მხოლოდ ერთი კონკრეტული ქვეყნის თანამგზავრების მწყობრიდან გამოყვანას - დაზარალდება საერთოდ ყველა აპარატი ემი-ს მოქმედების ზონაში.
დაბოლოს, როგორც დოქტორმა ბოუენმა განმარტა, ქვეყანას, რომელსაც კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტები (კბრ) აქვს, არ სჭირდება კოსმოსში ცალკე აპარატის გაშვება - მათი ბირთვული ქობინები კოსმოსური ორბიტების სიმაღლეს აღწევს. კოსმოსში ბირთვული აფეთქების მოსაწყობად სპეციალური თანამგზავრის შექმნა აუცილებელი არ არის.
გარდა ამისა, ექსპერტის თქმით, სამხედრო თანამგზავრებს, მათ შორის GPS სისტემის აპარატებს, უკვე აქვთ ემი-სგან დაცვა. "იმისთვის, რომ, ვთქვათ, მთელი GPS ქსელი გამოვიდეს მწყობრიდან, ძალიან დიდი რაოდენობით ბირთვული აფეთქების განხორციელება იქნებოდა საჭირო“, - ხაზი გაუსვა დოქტორ ბოუენმა.