"მეგის ქარდავა რატომ გყავთ გასამართლებული წამების მუხლით? რით განსხვავდება ყიფიანი მისგან? - 4 დღე მაწამებდნენ... ამ ყველაფერში პროკურატურა ჩართული იყო" - დავით ფეიქრიშვილი
მეგის ქარდავა რატომ გყავთ გასამართლებული წამების მუხლით? რით განსხვავდება ყიფიანი მეგის ქარდავასგან? - ამის შესახებ ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით დაკავებულმა, კრიმინალურ სამყაროსთან კავშირში მყოფმა დავით ფეიქრიშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.
მან საქმის პროკურორს, დავით დევიძეს კითხვით მიმართა, თუ რატომ აუკრძალა მან გარე სამყაროსთან კომუნიკაცია და ამის ნება რატომ მისცა მაშინ, როცა ის ციხეში აწამეს.
"პროკურორთან მაქვს შეკითხვა. ციხეში ჩემი წამება მოხდა 4 დღის განმავლობაში. რაღაც შედეგი დაიდო, მაგრამ კვალიფიკაციას არ ვეთანხმები.
პროკურორმა 2 თვით ამიკრძალა გარე სამყაროსთან კომუნიკაცია.
პროკურორს მინდა ვკითხო, 19 ოქტომბერს, ჩემი წამების ერთ-ერთ დღეს, პროკურატურისთვის არ მიმიმართავს [დარეკვის თხოვნით] არც მე და არც ჩემს ოჯახს, არც მედიის მეშვეობით არ გაჟღერებულა ინფორმაცია. რის საფუძველზე მომეცით უფლება რომ დამერეკა ოჯახთან? თუ თქვენ არ გადაგიწყვიტათ, ვინ გადაწყვიტა?",- განაცხადა ფეიქრიშვილმა, რის საპასუხოდაც პროკურორმა განმარტება გააკეთა.
"დღევანდელი სხდომა არ ითვალისწინებს იმ რეჟიმს, რომ პროკურორმა გიპასუხოთ, მაგრამ გიპასუხებთ. როდესაც დედათქვენმა თქვენი ჯანმრთელობის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია, გადაწყვეტილება მივიღეთ, უფლება მოგვეცა, რომ ოჯახის წევრთან დაგერეკათ",- უპასუხა ფეიქრიშვილს დავით დევიძემ.
ბრალდებულმა მას უთხრა, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამებოდა.
"ეს არის სიცრუე. ჩემს ოჯახს არც მედიის საშუალებით არ გაუვრცელებია ინფორმაცია, მეორე დღეს მოხდა მედიის საშუალებით ინფორმაციის გაჟღერება. პროკურატურა იყო ჩართული ჩემი წამების და არაადამიანური მოპყრობის ჩაფარცხვაში. პენიტენციური სამსახური საქმის კურსში იყო და მინაწილე იყო, ციხის დირექტორი ორგანიზატორი იყო, პროკურატურამაც ინფორმაცია მათგან იცოდა. ყველა ჩემი საკნიდან გაყვანა კი კონტროლდებოდა, ყიფიანი მობილურით კავშირზე იყო და იცოდა, ადვოკატს რას ველაპარაკებოდი. წარმოიდგინეთ, თუკი ვინმე ჩემს საკანში ან სიახლოვეს იჯდა, ყველა ქართველი გადაიყვანეს, მხოლოდ აზერბაიჯანელები შემოასახლეს, რომ ენის ბარიერი ყოფილიყო და ვერავისთვის მიმეწვდინა ხმა, ლანგარზე მიართვეს ჩემი თავი და ამაში პროკურატურა ხელს უწყობდა. ახლა რატომ მიკრძალავს პროკურატურა ჩემს ოჯახთან კონტაქტს? რამაზ ფირცხალავა, რომელიც ამ ყველაფრის ორგანიზატორია, მისი მოადგილე თანამდებობაზეა. ჩემმა ძმამ თვითდაზიანებები მიიყინა, სულ შავი ვიყავი ბატონო მოსამართლე, თანამშრომლები ამაში ჩართულები იყვნენ. ჩემმა ძმამ თვითდაზიანება მიიყენა, გამოიყვანეთ საკნიდანო, ხმალაძე მოადგილე იყო, ვინც ჩემს ძმას ეუბნებოდა, დამშვიდდი, არაფერი ჭირსო და დეესკალაციის ოთახში ჩაიყვანეს.
პროკურატურამ გირაოთი გაათავისუფლა ორივე [პატარიძე,ფირცხალავა] და მე, ამ დაჯგუფების ხელში ჩამაგდეთ. მეგის ქარდავა რატომ გყავთ გასამართლებული წამების მუხლით? რით განსხვავდება ყიფიანი მეგის ქარდავასგან? პროკურატურა ხელს უწყობს თავისი ინდიფერენტულობით.
მინდა გაიგოთ, რომ მე მაწამეს და 4 დღე მაწამებდნენ, ამ ყველაფერში პროკურატურა ჩართული იყო და მხარე იყო. იმ დღეს თუ მომეცით დარეკვის უფლება, ახლა რატომ არ მაძლევთ?", - განაცხადა ფეიქრიშვილმა.
მას მოსამართლემ მოუწოდა, შესავალი სიტყვის ფარგლებში ესაუბრა. მანვე დააზუსტა, აღიარებდა თუ არა ის ბრალდებას.
"არ ვაღიარებ, შეთითხნილი ბრალდებაა. 4 დღე მაწამებდნენ და ახლა მიდის ჩაფარცხვა. რას ელოდებით? თეთრაძის განაჩენის რის საფუძველზეა, პატიმრების ჩვენებების არა?",- განაცხადა ფეიქრიშვილმა, მას მოსამართლემ სიტყვის დასრულების შესაძლებლობა არ მისცა.
ცნობისთვის, დავით ფეიქრიშვილი და ალექსნადრე ჩაფოძე 2026 წლის სექტემბერში დააკავეს. მათ ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც ჯგუფურად ჩადენილ ხულიგნობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახით 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თუმცა, მოგვიანებით დავით ფეიქრიშვილს ბრალი დაუმძიმდა და ის მის ძმასთან, გიორგი ფეიქრიშვილთან ერთად ბრალდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლითაც, რაც დიდი ოდენობით თანხის ჯგუფურად გამოძალვას გულისხმობს.
დავით ფეიქრიშვილს ბრალდებულის გარდა, დაზარალებულის სტატუსიც აქვს. კერძოდ კი, დაკავებიდან მალევე, გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში დავით ფეიქრიშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ, მიღებული დაზიანებებით ის კლინიკაში იყო მოთავსებული. ფეიქრიშვილის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე პროკურატურამ ბრალი 7 პირს, მათ შორის ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტებს, ვატო ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, იგივე კაწროს, შოთა ყიფიანს, დავით კაჭარავას, პავლე გოცირიძეს, ასევე, პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს, გიორგი პატარიძესა და გლდანის მე-8 დაწესებულების ყოფილ დირექტორს, რამაზ ფირცხალავას წაუყენეს.