პრემიერი ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრაზე: „დიფ სთეითს“ აქვს ძალიან დიდი გავლენები - გვარებს არ დავაკონკრეტებ, მაგრამ შუა რგოლის მოსყიდვა აბსოლუტურად რეალური შეიძლება იყოს. იმედი მაქვს, ამ ყველაფერს კარგად გაიაზრებენ რუსეთის ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში და იმედი გვაქვს, ეს საკითხი ამოიწურება
ჩვენ აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ ეს სია პირდაპირ არის წინააღმდეგობაში რუსეთის ფედერაციის, მათ შორის, სახელმწიფოებრივ ინტერესებთან, მე გვარებს არ დავაკონკრეტებ, მაგრამ შუა რგოლის მოსყიდვა აბსოლუტურად რეალური შეიძლება იყოს. მე იმედი მაქვს, რომ ამ ყველაფერს კარგად გაიაზრებენ რუსეთის ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში და იმედი გვაქვს, რომ ეს საკითხი ამოიწურება, - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, გიორგი ზურაბაშვილსა და მიხაილ გალუზინს შორის გამართული შეხვედრის შედეგები ჟურნალისტებთან საუბრისას.
მთავრობის მეთაურმა პარალელი გაავლო ევროპული ბიუროკრატიის ქმედებებთან და აღნიშნა, რომ „დიფ სთეითს“ აქვს დიდი გავლენები და შეიძლება საშუალო რგოლი აქაც იყოს მოსყიდული, ვინაიდან, ხელწერა არის ზუსტად იგივე - საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედება.
„ჩვენ მიჩვეულები ვართ ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან იმას, რომ იქ არის ბიუროკრატია, რომელიც არის გარედან მოსყიდული, ე.წ. „დიფ სთეითის“ მიერ არის მოსყიდული და ასეთ პირობებში ეს ადამიანები, ევროპელი ბიუროკრატები და ზოგჯერ პოლიტიკოსები, იღებენ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც პირდაპირ უპირისპირდება ისევ და ისევ ევროპის ინტერესებს. მხოლოდ და მხოლოდ მოსყიდვის პირობებში შეიძლება ასეთი რამ ხდებოდეს. და კიდევ ერთი რამ, რაც ახასიათებს მათ ასეთ პირობებში, ეს არის სრულიად უარგუმენტოდ საუბარი და ქმედებების ყოველგვარი არგუმენტების გარეშე განხორციელება, მათ შორის, საქართველოს წინააღმდეგ, ამას მიჩვეულები ვართ ჩვენ ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან. და შორს რომ არ წავიდეთ, ამის მაგალითი იყო ასევე საქართველო სააკაშვილის პირობებში - სააკაშვილის დროსაც გვახსოვს რა ხდებოდა, მოსყიდული იყო ჩვენი ე.წ. ხელისუფლება და ამ მოსყიდვის გამო ისინი პირდაპირ დგამდნენ ნაბიჯებს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, არგუმენტები მაშინაც არსად იყო. ამას მიჩვეული ვართ. ამ შემთხვევაში, ვხედავთ იმავე ტენდენციას, სამწუხაროდ, ამ მოლაპარაკებებში. აქაც ძალიან მარტივია, „დიფ სთეითს“ აქვს ძალიან დიდი გავლენები და შეიძლება მარტივად, საშუალო რგოლი აქაც იყოს მოსყიდული, ხელწერა არის ზუსტად იგივე - საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედება. ჩვენ აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ ეს სია პირდაპირ არის წინააღმდეგობაში რუსეთის ფედერაციის, მათ შორის, სახელმწიფოებრივ ინტერესებთან, აქედან გამომდინარე, სრულიად აუხსნელია და ყოველგვარი არგუმენტების გარეშე გვესაუბრებიან, ფაქტების გარეშე გვესაუბრებიან, რაც აჩვენებს იმას, რომ ხელწერა არის იგივე. მე გვარებს არ დავაკონკრეტებ, მაგრამ შუა რგოლის მოსყიდვა აბსოლუტურად რეალური შეიძლება იყოს. მე იმედი მაქვს, რომ ამ ყველაფერს კარგად გაიაზრებენ რუსეთის ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში და იმედი გვაქვს, რომ ეს საკითხი ამოიწურება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
