აშშ-ის კოსმოსური რევოლუცია და მასკის ისტორიული შანსი - SpaceX-ი ორბიტაზე მილიონ თანამგზავრს გაგზავნის და მონაცემთა ცენტრებს შექმნის: რას ნიშნავს ეს?
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ილონ მასკის კომპანია SpaceX-ს დედამიწის ორბიტაზე მილიონი თანამგზავრის გაშვების ნებართვა მისცა, რაც კოსმოსში მონაცემთა ცენტრების შესაქმნელად პირველი მსგავსი ოფიციალური გადაწყვეტილებაა.
SpaceX-ის დამფუძნებლის, ილონ მასკის გეგმით, თანამგზავრები მზის ენერგიას გამოიყენებენ ხელოვნური ინტელექტის (AI) მონაცემების დასამუშავებლად და შედეგებს დედამიწაზე გამოაგზავნიან. აშშ-ის კავშირგაბმულობის ფედერალურმა კომისიამ (FCC) განაცხადა, რომ პროექტი Starmind მხარს დაუჭერს ამერიკის სუპერინტელექტის სწრაფად მზარდ ეკონომიკას.
FCC-ის თავმჯდომარემ, ბრენდან კარმა აღნიშნა, რომ ეს ინოვაცია ხსნის ახალ საზღვრებს გამოთვლითი ინფრასტრუქტურისთვის და განამტკიცებს ამერიკის ეკონომიკურ ლიდერობას.

ილონ მასკი სოციალურ ქსელ X-ში FCC-ის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს პროექტი დიდი შენაძენი იქნება როგორც ამერიკისთვის, ისე მთელი მსოფლიოსთვის.
SpaceX-ი მიიჩნევს, რომ ორბიტალური მონაცემთა ცენტრები ყველაზე ეფექტური გზაა ხელოვნური ინტელექტის გამოთვლითი სიმძლავრეების მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რაც დედამიწის შესაძლებლობებს სცილდება.
ლიცენზიის პირობები, გრაფიკი და ტექნიკური დეტალები
FCC-ის ლიცენზიის თანახმად, SpaceX-მა თანამგზავრების გაშვება არაუგვიანეს 2033 წლის ნოემბრისა უნდა დაიწყოს. კომპანიას დაევალა 2035 წლის ნოემბრისთვის თანამგზავრების 10%-ის, ხოლო 2038 წლის ნოემბრისთვის 50%-ის ორბიტაზე განთავსება.
SpaceX-ი გეგმავს, რომ პირველი Starmind-ის თანამგზავრი უკვე მომავალ წელს გაუშვას. Starmind-ის თანამგზავრები დაბალ ორბიტაზე, 500-დან 2 000 კილომეტრამდე სიმაღლეზე იმუშავებენ და კავშირს დაამყარებენ Starlink-ის არსებულ ქსელთან (რომელიც 10 000-ზე მეტ თანამგზავრს მოიცავს), რის შემდეგაც მონაცემებს დედამიწას გადასცემენ.
კონკურენტმა კომპანია Amazon-მა პროექტი გააკრიტიკა და მას “ამბიციური იდეა უფრო უწოდა, ვიდრე რეალური გეგმა“.
ამერიკის ასტრონომიულმა საზოგადოებამ (AAS) განაცხადა, რომ გადაწყვეტილებით გულნატკენი და შეშფოთებულია, რადგან უზარმაზარი თანამგზავრული ქსელი მნიშვნელოვნად შეამცირებს მეცნიერებისა და საზოგადოების შესაძლებლობას, დააკვირდნენ ღამის ცას. ორგანიზაცია Earthjustice-ის წარმომადგენელმა იან ჰასელმანმა აღნიშნა, რომ კოსმოსში თანამგზავრების მკვეთრი ზრდა პირდაპირ აისახება ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებასა და პლანეტის მომავალზე.ნგარდა ამისა, ექსპერტები მიუთითებენ კოსმოსური ნარჩენების მატებასა და ორბიტაზე შეჯახების რისკებზე, თუმცა მასკი უარყოფს ბრალდებებს Starlink-ის მიერ კოსმოსური სივრცის გადატვირთვის შესახებ.
რატომ გადადის მონაცემთა ცენტრები კოსმოსში?
დედამიწაზე ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან ერთად იზრდება მონაცემთა ცენტრების საჭიროება, თუმცა მათი მშენებლობა სერიოზულ პრობლემებთან არის დაკავშირებული - ისინი მოითხოვენ უზარმაზარ ელექტროენერგიას, გაგრილებისთვის წყალს და იწვევენ ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილებას. კოსმოსური მონაცემთა ცენტრების იდეას ასევე იკვლევენ Google და Blue Origin, რომლებიც მას ტრადიციული მიწისზედა ცენტრების “მწვანე“ ალტერნატივად მიიჩნევენ. თუმცა, სურეის თანამგზავრული ტექნოლოგიების ინსტიტუტის დამფუძნებელმა, პროფესორმა მარტინ სვიტინგმა აღნიშნა, რომ მიუხედავად ტექნიკური შესაძლებლობისა, დედამიწასა და კოსმოსს შორის ლაზერული კავშირით დიდი მოცულობის მონაცემთა გადაცემის ტექნოლოგია ჯერ კიდევ სრულყოფილი არ არის.