მილიონამდე აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე და დამანგრეველი სტიქია აშშ-ში - აღმოსავლეთ სანაპიროს ძლიერი ქარიშხალი დაატყდა თავს
ძლიერი ქარიშხალი 26 ნოემბერს აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს დიდ ნაწილში მადლიერების დღესასწაულის ჩაშლის მიზეზი გახდა.
სტიქიამ, რომლის სიჩქარემ 112 კმ/სთ-ს მიაღწია, ხეები და სადენები წააქცია და თითქმის მილიონ მომხმარებელს შეუწყვიტა ელექტროენერგიის მიწოდება. გაუარესებული ამინდის გამო კი ნიუ-იორკის ხელისუფლებას მადლიერების დღისადმი მიძღვნილი ტრადიციული აღლუმის გადადება მოუხდა.


სტიქიამ ავიარეისების შეფერხებაც გამოიწვია: FlightAware-ის მონაცემებით, ხუთშაბათს აშშ-სთან დაკავშირებული 454 რეისი გაუქმდა და 2,411 გადაიდო. ყველაზე მეტად ვაშინგტონისა და ნიუ-იორკის მსხვილი აეროპორტები დაზარალდა.
აშშ-ის ამინდის ეროვნული სამსახურის (NWS) ცნობით, 80-დან 112 კმ/სთ-მდე ქარის სიჩქარე დაფიქსირდა ან პროგნოზირებული იყო ვირჯინიის, მერილენდის, დელავერის, ნიუ-ჯერსის, ნიუ-იორკისა და ახალი ინგლისის სანაპიროს ნაწილებში.

უწყების ინფორმაციით, შუა ატლანტიკურ რეგიონში ვითარება ღამის განმავლობაში თანდათან გაუმჯობესდებოდა, რადგან ყველაზე ძლიერი წვიმა და ქარი ახალ ინგლისში გადაინაცვლებდა, თუმცა პარასკევს აღმოსავლეთ სანაპიროს ზოგიერთ ნაწილში კვლავ ქარიანი ამინდი და 40-დან 55 კმ/სთ-მდე ქარის ქროლვა იყო მოსალოდნელი.

ნიუ-იორკის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხუთშაბათს, ნაშუადღევს, ქარი გაძლიერდა და ლაგუარდიას აეროპორტში 90 კმ/სთ-ს მიაღწია.
ნიუ-იორკის მერის, ზოჰრან მამდანის განცხადებით, წყალდიდობის გამო ადამიანები მანქანებიდან გამოიყვანეს; მსგავსი სამაშველო ოპერაციები სხვა სანაპირო დასახლებებშიც ჩატარდა.
ოფიციალურმა პირებმა ხუთშაბათს, ქალაქში, მადლიერების დღისადმი მიძღვნილი ტრადიციული აღლუმის საიუბილეო, მე-100 გამოშვება ქარიშხლის საფრთხის გამო უკვე გადადეს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც დაგეგმილი ღონისძიება ცუდი ამინდის გამო გადაიდო.