კახა ხაზარაძე ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის იმპორტის ახალ გადასახადზე - კომუნიკაციის გარეშე რომ იღებ გადაწყვეტილებებს, სად აქვს ბიზნესს დამატებითი თანხების მობილიზების შესაძლებლობა? კონტეინერები საბაჟოზეა და 400 ლარის ნაცვლად, უცებ, 10 000 ლარის გადახდა მიწევს
კომუნიკაციის გარეშე რომ იღებ გადაწყვეტილებებს და ორ კვირაში ძალაში შეგაქვს, სად აქვს ბიზნესს დამატებითი თანხების მობილიზების შესაძლებლობა? კონტეინერები საბაჟოზე მაქვს და 400 ლარის ნაცვლად, უცებ, 10 000 ლარის გადახდა მიწევს, - ამის შესახებ ICR ჯგუფის ხელმძღვანელმა კახა ხაზარაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და ტექსტილის გარკვეული კატეგორიის კომერციულ იმპორტზე საბაჟო გაფორმების მომსახურების საფასურის განსაზღვრასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი შეფასებით, ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და ტექსტილის გარკვეული კატეგორიის იმპორტზე ახალი საბაჟო ტარიფის ამოქმედებამდე ბიზნესთან არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა. კახა ხაზარაძის თქმით, კომპანიებმა ცვლილების შესახებ ინფორმაცია უკვე მას შემდეგ მიიღეს, რაც გადაწყვეტილება ძალაში შევიდა.
„ჩვენთან არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა. კომუნიკაციის გარეშე რომ იღებ გადაწყვეტილებებს და ორ კვირაში ძალაში შეგაქვს, სად აქვს ბიზნესს დამატებითი თანხების მობილიზების შესაძლებლობა. კონტეინერები საბაჟოზე მაქვს და 400 ლარის ნაცვლად, უცებ, მიწევს, რომ 10 000 გადავიხადო. ისედაც იმ ვითარებაში, რაც დღეს ეკონომიკურ გარემოში, მსოფლიოში ხდება, არ შეიძლება ბიზნესის ასეთი სტრესის ქვეშ დაყენება. სახელმწიფო ასე არ უნდა იქცეოდეს“, - განაცხადა კახა ხაზარაძემ.
მისი თქმით, ICR ჯგუფის ძირითადი საქმიანობის დაახლოებით 70% ფეხსაცმელზე, ხოლო 20-30% ტანსაცმელზე მოდის. შესაბამისად, ახალი ტარიფი კომპანიისთვის მნიშვნელოვან დამატებით ხარჯს წარმოადგენს.
კახა ხაზარაძე განმარტავს, რომ პროდუქციის თვითღირებულებაში ტრანსპორტირებისა და საბაჟო მოსაკრებლის ხარჯებიც შედის, რის გამოც საბაჟო მომსახურების საფასურის ზრდა პირდაპირ აისახება იმ თანხაზე, რომლის გადახდაც კომპანიას იმპორტისას უწევს.
„თვითღირებულება რამდენიმე კომპონენტისგან შედგება - ტრანსპორტირება, საბაჟო მოსაკრებელი, შემდეგ კი იჯარის და პერსონალის ხარჯები. როგორც კი თვითღირებულებას მიზრდი, საბოლოოდ მიწევს, მომხმარებელს გავუზარდო ფასი, სხვა რა გავაკეთო?! ის ხარჯი გადასახდელი მაქვს. საბოლოო ჯამში, ამ ფასის გადახდა მომხმარებელს უწევს“, - აღნიშნა კახა ხაზარაძემ.
ცნობისთვის, 25 ნოემბრიდან ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და ტექსტილის გარკვეული კატეგორიის კომერციულ იმპორტზე საბაჟო გაფორმების მომსახურების საფასური 1 კილოგრამზე 3 ლარით განისაზღვრა.
ცვლილება საქართველოს მთავრობის 2026 წლის 13 ნოემბრის №535 დადგენილებით შევიდა ძალაში. ახალი ტარიფი ვრცელდება საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 61-65 სასაქონლო ჯგუფებში კლასიფიცირებულ საქონელზე, გარდა 6309 და 6310 პოზიციებისა.
დადგენილების მიხედვით, იმპორტიორი საბაჟო გაფორმებისას იხდის ორი თანხიდან უფრო მაღალს: ან საქონლის საბაჟო ღირებულების მიხედვით განსაზღვრულ ფიქსირებულ საფასურს, რომელიც 100-დან 500 ლარამდეა, ან ტვირთის წონის მიხედვით დაანგარიშებულ თანხას - თითოეულ კილოგრამზე 3 ლარს.
მაგალითად, 1 ტონა შესაბამისი პროდუქციის იმპორტის შემთხვევაში, წონის მიხედვით დათვლილი საბაჟო მომსახურების საფასური 3 000 ლარს შეადგენს, მაშინ როცა მანამდე 15 000 ლარზე მეტი ღირებულების ტვირთის გაფორმების მაქსიმალური ფიქსირებული საფასური 500 ლარი იყო.
