
1 ნოემბრიდან ბაქო-თბილისის მიმართულებით რეისები იზრდება, ბილეთები კი იაფდება - დეტალები
1 ნოემბრიდან, მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, ბაქო-თბილისი-ბაქოს სარკინიგზო მარშრუტზე დღეში ოთხი რეისი შესრულდება.
ცვლილების შედეგად, სამგზავრო ადგილების რაოდენობა 386-დან 564-მდე გაიზრდება, რაც თითქმის 50%-იან ზრდას ნიშნავს.
Report-ის ინფორმაციით, დამატებითი რეისებისთვის ბილეთების გაყიდვა ხვალ, 2 ოქტომბერს დაიწყება. მგზავრებს საშუალება ექნებათ, აირჩიონ როგორც ღამის, ისე დღისით მგზავრობის განრიგი.
დამატებითი რეისებისთვის სტანდარტული კლასის ბილეთების ფასი 36 მანათიდან დაიწყება, რაც არსებული ტარიფის 30%-იან შემცირებას წარმოადგენს.თბილისის მიმართულებით მგზავრობის მინიმალური ღირებულება (ერთი გზა) შემდეგნაირად განისაზღვრა:
• ბაქოდან: 54 მანათი (ამჟამინდელი კურსით დაახლოებით 82 ლარი); • ევლახიდან: 44 მანათი (67 ლარი); • განჯიდან: 41 მანათი (63 ლარი); • აღსტაფადან: 38 მანათი (58 ლარი); • ბოიუკ-კასიკიდან: 36 მანათი (55 ლარი).
შედარებისთვის, ამჟამინდელი მინიმალური ტარიფი ბაქო-თბილისის მიმართულებით 77,50 მანათს (118 ლარი), ხოლო განჯიდან - 56,80 მანათს (87 ლარი) შეადგენს.
მატარებლების მოძრაობის განრიგი
ახალი განრიგის მიხედვით, მატარებლები შემდეგი სქემით იმოძრავებენ:
• არსებული რეისი: ბაქოდან გამოდის 23:00 საათზე და თბილისში ჩადის მეორე დღეს, 08:41 საათზე. უკუმიმართულებით თბილისიდან გამოემგზავრება 11:00 საათზე და ბაქოში ჩადის 20:26 საათზე. • ახალი (დამატებითი) რეისი: ბაქოდან ყოველდღიურად 09:10 საათზე გავა და თბილისში 19:11 საათზე ჩამოვა. უკუმიმართულებით თბილისიდან 22:00 საათზე გამოემგზავრება და ბაქოში მეორე დღეს, 07:57 საათზე ჩავა.
ბილეთების ონლაინ შესაძენად, მგზავრებმა ADY-ს ვებგვერდსა და მობილურ აპლიკაციაში პირადი ანგარიში უნდა დაადასტურონ MyGov ID-ისა და FIN-კოდის გამოყენებით. უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა რეგისტრაციისას უნდა მიუთითონ ქვეყნის დასახელება და ტელეფონის ნომერი.
ცნობისთვის, ბაქოსა და თბილისს შორის სარკინიგზო სამგზავრო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგა. რეისები Stadler-ის სამგზავრო შემადგენლობით სრულდება, რომელიც აზერბაიჯანის რკინიგზამ რამდენიმე წლის წინ შეიძინა.
BM.GE
წყარო: bm.ge