
"$10 მილიონი ტრამპის თავისთვის" - პროირანულმა დაჯგუფებებმა აშშ-ის პრეზიდენტის მკვლელობისთვის ჯილდო დააწესეს
ერაყში მოქმედმა პროირანულმა შიიტურმა დაჯგუფებებმა დონალდ ტრამპის მკვლელობისთვის 10 მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდო დააწესეს.
უცხოური მედიის ცნობით, ეს ნაბიჯი მიზნად შურისძიებას ისახავს, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (საგარეო ოპერაციების ხელმძღვანელის, გენერალ ყასემ სოლეიმანისა და ნახევრადსამხედრო დაჯგუფება "სახალხო მობილიზაციის ძალების" მეთაურის მოადგილის, აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისის ლიკვიდაციისთვის. ორივე მათგანი 2020 წელს, აშშ-ის უპილოტო საფრენი აპარატით განხორციელებული დარტყმის შედეგად დაიღუპა.
16 ივლისით დათარიღებულ განცხადებაში დაჯგუფებამ აღნიშნა, რომ ჯილდოს გადასცემს "ყველას, ვინც მოკლავს დამნაშავე ტრამპს, პირადად მოახდენს მის ლიკვიდაციას, გასცემს შესაბამის მითითებას ან ამას ნებისმიერი სახით შეუწყობს ხელს – როგორც ინდივიდუალური პირი, ჯგუფი, ორგანიზაცია თუ დაწესებულება".
მებრძოლების განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მოჰყვა ტრამპის "ტრაბახს" იმ როლის შესახებ, რომელიც მან სოლეიმანისა და ალ-მუჰანდისის მკვლელობაში ითამაშა.
ირანული საინფორმაციო პორტალის, Press TV-ის ცნობით, საპრიზო თანხა ერაყში შიიტური დაჯგუფებების წევრებისა და მხარდამჭერების მიერ გაღებული შემოწირულებებით შეგროვდა.
"მსოფლიოს თავისუფალი ხალხი გააგრძელებს ბავშვებისა და მეცნიერების მკვლელის დევნას და მჩაგვრელები ვერასდროს ჰპოვებენ მშვიდობას", – განაცხადეს პროირანული ჯგუფების წარმომადგენლებმა ტრამპზე საუბრისას.
ერაყელი შიიტი მებრძოლები საკუთარ თავს "ერაყში ისლამურ წინააღმდეგობას" უწოდებენ. ამ სახელწოდებით დაჯგუფებამ არაერთი დარტყმა განახორციელა ერაყსა და სირიაში დისლოცირებულ ამერიკულ ჯარებზე, ასევე თავს დაესხა ისრაელს.
პრეზიდენტი ტრამპი აცხადებს, რომ ირანი მუდმივად ცდილობს მის მკვლელობას. ჟურნალმა Time-მა აღნიშნა, რომ 2024 წელს პაკისტანის მოქალაქე ასიფ მერჩანტი დამნაშავედ იქნა ცნობილი შეთქმულებაში, რომლის მიზანიც ამერიკელი პოლიტიკოსების, მათ შორის დონალდ ტრამპის მკვლელობა იყო.
იმავე წელს ბრალი წარედგინა ავღანეთის მოქალაქე ფარჰად შაკერის, რომელიც, გამოძიების ვერსიით, ირანის ხელისუფლების დავალებით პრეზიდენტის მკვლელობის გეგმებს ამუშავებდა.
BM.GE
წყარო: bm.ge