
15 სექტემბრიდან პირველკლასელთა ფორმის ყიდვა მხოლოდ ონლაინ იქნება შესაძლებელი - გივი მიქანაძე
ვინც პირველკლასელთა ფორმების შეძენას 14 სექტემბრამდე ვერ მოასწრებს ან დამატებითი ერთეულის შეძენის სურვილი ექნება, 15 სექტემბრიდან მათი ყიდვა მხოლოდ ონლაინ formebi.emis.ge-ზე იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ განათლების მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მან აღნიშნა, რომ ფორმების ონლაინ არხით გაყიდვა, საზოგადოებას შეძენის ხელმისაწვდომობას უზრდის.
"21-ე საუკუნეში ციფრულ ტექნოლოგიასთან არის დაკავშირებული, ეს არავისთვის აღმოჩენა არ არის. შესაბამისად, ძალიან პოპულარული არის დღითი დღე ონლაინ გამოწერები ჩვენს საზოგადოებაში. ამ პლატფორმის შექმნის მთავარი მიზანი არის, რომ საზოგადოებას გავუმარტივოთ ფორმების შეძენის ხელმისაწვდომობა. ამასთანავე საზოგადოებას უკვე ვაუწყეთ და კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ ყველა მუნიციპალიტეტში და ყველა ქალაქში, საქართველოს მასშტაბით, მინიმუმ ერთი საცალო სარეალიზაციო პუნქტი გაიხსნება.
ასევე მიმდინარეობს კომუნიკაცია იმისთვის, რომ მშობლებს ჰქონდეთ უფრო მეტი ინფორმაცია ამის თაობაზე და, რა თქმა უნდა, მათ აქვთ შესაძლებლობა, რომ როგორც საცალოდ, ასევე ახლა ვთავაზობთ პლატფორმის რეჟიმში ფორმების შეძენას.
აქვე საზოგადოებას ვეტყვით, რომ პირველკლასელთა ფორმები საცალო ფორმატში გაიყიდება 1-ელი სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით, ხოლო 15 სექტემბრიდან ვინც დააგვიანებს ან დამატებითი ერთეულის შეძენის სურვილი ექნება, მათ უკვე მხოლოდ ონლაინ პლატფორმით უნდა ისარგებლონ", - განაცხადა მიქანაძემ.
BM.GE
წყარო: bm.ge