
5 თვეში საქართველოდან გერმანიაში ღვინის ექსპორტი 784 ათას ლიტრამდე გაიზარდა
მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან გერმანიაში ექსპორტირებულია 784 ათას ლიტრამდე ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 22%-ით მეტია. ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
სააგენტოში ხაზს უსვამენ, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი აქტივობებისა და ქართული ღვინის მწარმოებლებთან თანმიმდევრული თანამშრომლობის შედეგად, შექმნილია გერმანიაში ქართული ღვინის ექსპორტის მზარდი ტენდენცია.
პრესრელიზის თანახმად, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი გერმანული მარკეტინგული კომპანიის „ff.k Public Relations” ორგანიზებით, საქართველოს გერმანელი ღვინის მაგისტრი და კონტენტ კრეატორი კონსტანტინ ბაუმი სტუმრობდა, რომელიც ქართული ღვინის მარნებსა და კომპანიებს იმერეთში გაეცნო.
კონსტანტინ ბაუმი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ღვინის Youtube არხის მფლობელია, 200 ათასზე მეტი გამომწერით და მილიონობით ნახვებით. საქართველოში მისი ვიზიტი კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას ღვინის პროფესიონალებსა და მომხმარებლებში. ბაუმი ამ დრომდე საქართველოს რამდენჯერმე სტუმრობდა, თუმცა პირველად იმყოფებოდა იმერეთის რეგიონში.
„დასავლეთ საქართველოში აქამდე არასოდეს ვყოფილვარ და ძალიან საინტერესო იყო ქვეყნის ამ კუთხეების გაცნობა და იმ ღვინოების დაგემოვნება სწორედ იმ ტერუარში, სადაც ისინი იწარმოება. ძალიან სასიამოვნოა იმის დანახვა, თუ რამდენად მრავალფეროვანია საქართველო. განსხვავებული კლიმატური პირობების წყალობით აქ სრულიად განსხვავებული სტილის ღვინოების წარმოებაა შესაძლებელი. უფრო უხვი ნალექი, განსხვავებული ტემპერატურული პირობები ღვინოებს განსაკუთრებულ სიხალისეს, ცოცხალ ხასიათსა და გამორჩეულ არომატულ პროფილს ანიჭებს. ასევე ძალიან საინტერესო იყო სხვადასხვა მასშტაბის მარნების მონახულება და იმის გაცნობიერება, თუ რა პოტენციალი აქვს იმერეთს მომავალში“ - აღნიშნა კონსტანტინ ბაუმმა.
გერმანია ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში შედის და გაყიდვების მზარდი დინამიკით გამოირჩევა. მიმდინარე წლის იანვარ-მაისში საქართველოდან გერმანიაში ექსპორტირებულია $3.25 მილიონის ღირებულების ღვინო. რაც შეეხება 2025 წელს, გერმანიაში 1 255 073 ლიტრი ღვინო გავიდა, რომლის საექსპორტო ღირებულებამაც $5.9 მილიონი შეადგინა.
