მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 65%-იანი დატვირთვა და გაზრდილი ფასები - Ka Group გუდაურში არსებულ ტენდენციებზე
65%-იანი დატვირთვა და გაზრდილი ფასები - Ka Group გუდაურში არსებულ ტენდენციებზე

65%-იანი დატვირთვა და გაზრდილი ფასები - Ka Group გუდაურში არსებულ ტენდენციებზე

BM.GE25 ნოემბერი, 2026, 03:16|bm.ge

გუდაურში მდებარე სასტუმრო Quadrum-ში 20 დეკემბრიდან მარტის ჩათვლით პერიოდის ჯავშნების დაახლოებით 65% უკვე გაფორმებულია. ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში "ქალების ნარატივი" Ka Group-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნინა ჭიღლაძემ განაცხადა და დასძინა, რომ კომპანიის სასტუმროებში საშუალო დღიური ტარიფები გასულ წელთან შედარებით, 10-15%-ით არის გაზრდილი.

„წინა წელთან შედარებით, წელსაც ჯავშნები საკმაოდ აქტიურად, სეზონის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე დაიწყო. მაგალითად, გუდაურში მდებარე სასტუმრო Quadrum-ის შემთხვევაში, 20 დეკემბრიდან მარტის ჩათვლით პერიოდის ჯავშნების დაახლოებით 65% უკვე გაყიდულია, რაც ჩვენი სასტუმროსთვის საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. შესაბამისად, უკვე აქტიურად ვიყენებთ დინამიკური ფასების სტრატეგიას და ვცდილობთ, სეზონის განმავლობაში სასტუმროს დატვირთულობის მაჩვენებელი მაქსიმალურად მაღალ დონეზე შევინარჩუნოთ“, - აცხადებს ნინა ჭიღლაძე.

მისი ინფორმაციით, გუდაურში „ქუადრუმის“ ძირითადი მომხმარებლები ისრაელიდან, საქართველოდან, გერმანიიდან და ინდოეთიდან, ასევე სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან არიან. ამ უკანასკნელ შემთხვევაში ჯავშნები ძირითადად ინდივიდუალურია და შედარებით მოკლე პერიოდს მოიცავს.

რაც შეეხება კომპანიის კიდევ ერთ სასტუმროს - Fine Chalet-ს გუდაურში, ჭიღლაძის თქმით, მისი დატვირთულობა ამ ეტაპზე შედარებით დაბალია, თუმცა წინასწარი ჯავშნების წილი გასულ წელთან შედარებით, გაზრდილია.

„იგივე რეალობა აქვს დაახლოებით ჩვენს მეორე სასტუმროს გუდაურში - Fine Chalet-ს. დატვირთულობა ამ შემთხვევაში ჯერჯერობით შედარებით დაბალია, თუმცა წინასწარი ჯავშნების წილი წინა წელთან შედარებით, უკვე საკმაოდ კარგ მაჩვენებელზეა და შეიძლება, ითქვას, გაზრდილია. დადებითია ის, რომ ტრასები ემატება გუდაურს, შესაბამისად, მგონია, რომ სეზონის განმავლობაში ეს აუცილებლად იმოქმედებს დადებითად“, - აღნიშნა მან.

ნინა ჭიღლაძის ინფორმაციით, სასტუმროებში ფასების ზრდა საშუალოდ 10-15%-ის ფარგლებშია. ეს მაჩვენებელი, მისი განმარტებით, საშუალო დღიური ტარიფის (ADR) წლიური ზრდის სტრატეგიას შეესაბამება.

„დაახლოებით 10-15%-იანი ზრდა გვაქვს ზოგადად, დაახლოებით ამ ციფრის ირგვლივ ვტრიალებთ ხოლმე პროცენტულად წლიდან წლამდე ADR-ის (საშუალო დღიური ტარიფის) ზრდის მიმართულებით. რეალურად, „ქუადრუმის“ მაგალითი რომ გაგიზიაროთ, იქიდან გამომდინარე, რომ საკმაოდ დაბალი ოთახფონდი გვაქვს და ძირითადად დინამიკური ფასებით ვმუშაობთ, ჩვენს შემთხვევაში საკმაოდ უმტკივნეულოა მსგავსი ზრდა, რადგან მაქსიმალურად ვცდილობთ, სასტუმროს სპეციფიკაციაც გავითვალისწინოთ. უკვე ლოიალური დამსვენებლები გვყავს, რომლებიც განმეორებით გვსტუმრობენ და წინასწარ აკეთებენ ჯავშნებს. ამიტომ ჩვენს შემთხვევაში ეს ზრდა ADR-ის მიმართულებით საკმაოდ უმტკივნეულოდ მიიღო ჩვენმა დამსვენებელმა“, - ამბობს ჭიღლაძე.

მისივე შეფასებით, გუდაურში ახალი ტრასებისა და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების დამატება კურორტის მიმზიდველობას გაზრდის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერთაშორისო ტურისტებისთვის სიახლეების წინასწარ დაანონსება, რათა მათ მოგზაურობის დაგეგმვა დროულად შეძლონ.

„იქიდან გამომდინარე, რომ გუდაური სამთო კურორტია და სრიალი ჩვენი სტუმრებისთვის ერთ-ერთი მთავარი აქტივობაა, ამ მიმართულებით ნებისმიერი დადებითი სიახლე, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. რაც უფრო ადრე გავავრცელებთ ინფორმაციას რეგიონის განვითარების დაგეგმილი პროექტებისა და სიახლეების შესახებ, მით მეტ გავლენას მოახდენს ეს საერთაშორისო დამსვენებლების გადაწყვეტილებებზე და ხელს შეუწყობს მათ დაინტერესებას კურორტით“, - აცხადებს ის.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს სამთო კურორტებზე ზამთრის სეზონი 20 დეკემბერს გაიხსნება. მიმდინარე წელს გუდაურში ახალი საბაგიროები, სასრიალო ტრასები, ხელოვნური გათოვლიანების სისტემები და ღამის სრიალისთვის საჭირო განათება ეწყობა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რუსეთი უცხოური ფილმების ჩვენების შეზღუდვას და მათზე დამატებითი გადასახადის დაწესებას გეგმავს

რუსეთი უცხოური ფილმების ჩვენების შეზღუდვას და მათზე დამატებითი გადასახადის დაწესებას გეგმავს

BM.GE

პუტინმა უკრაინა ტრამპის თხოვნის უგულებელყოფაში დაადანაშაულა და საპასუხო ზომები დააანონსა

პუტინმა უკრაინა ტრამპის თხოვნის უგულებელყოფაში დაადანაშაულა და საპასუხო ზომები დააანონსა

BM.GE

Microsoft-მა კომპანიაში საგანგებო რეჟიმი გამოაცხადა - რა გახდა მიზეზი და რის ცვლილებას გეგმავს ტექ-გიგანტი?

Microsoft-მა კომპანიაში საგანგებო რეჟიმი გამოაცხადა - რა გახდა მიზეზი და რის ცვლილებას გეგმავს ტექ-გიგანტი?

BM.GE

უსაფრთხოების სტანდარტები, ლაბორატორიის არარსებობა, იმპორტთან დაკავშირებული პრობლემები - რა გამოწვევებია სათამაშოების სექტორში

უსაფრთხოების სტანდარტები, ლაბორატორიის არარსებობა, იმპორტთან დაკავშირებული პრობლემები - რა გამოწვევებია სათამაშოების სექტორში

BM.GE