მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. უსაფრთხოების სტანდარტები, ლაბორატორიის არარსებობა, იმპორტთან დაკავშირებული პრობლემები - რა გამოწვევებია სათამაშოების სექტორში
უსაფრთხოების სტანდარტები, ლაბორატორიის არარსებობა, იმპორტთან დაკავშირებული პრობლემები - რა გამოწვევებია სათამაშოების სექტორში

უსაფრთხოების სტანდარტები, ლაბორატორიის არარსებობა, იმპორტთან დაკავშირებული პრობლემები - რა გამოწვევებია სათამაშოების სექტორში

BM.GE25 ნოემბერი, 2026, 02:50|bm.ge

საქართველოში სათამაშოების მწარმოებლებისთვის მთავარ გამოწვევებად უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა და მათთან შესაბამისობის დადასტურება, თანამედროვე საწარმოო დანადგარებზე წვდომა და იმპორტირებული პროდუქციის კონტროლი რჩება.

ადგილობრივი მწარმოებლების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში სათამაშოების უსაფრთხოების ტექნიკური რეგლამენტი მოქმედებს, მისი შესრულების დადასტურება რთულია, რადგან საქართველოში სათამაშოების სრულფასოვანი ტესტირებისთვის საჭირო აკრედიტებული ლაბორატორია არ არსებობს.

როგორც BMGTV-ს გადაცემა „საქმიან დილაში“ სათამაშოებისა და საბავშვო ავეჯის ასოციაციის წარმომადგენელმა, კომპანია „კოკიტოს“ დამფუძნებელმა მარიკა გრიგოლიშვილმა განაცხადა, მწარმოებლებისთვის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა საკმაოდ დიდ ცოდნას მოითხოვს.

„დღესდღეობით ჩვენი მთავარი გამოწვევა, გარდა იმისა, რომ თითოეული მეწარმისთვის მნიშვნელოვანია საწარმოო ტექნიკური აღჭურვილობა, თანამედროვე დაზგა-დანადგარებზე წვდომა, ასევე მნიშვნელოვანია საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა და მათან შესაბამისობის დადასტურება. სწორედ ეს აღმოჩნდა ყველაზე დიდი გამოწვევა ქართული მწარმოებლებისთვის, იმიტომ, რომ ეს პროცესი საკმაოდ დიდ ცოდნას მოითხოვს“, - განაცხადა გრიგოლიშვილმა.

სტანდარტებთან შესაბამისობის დადასტურების პრობლემაზე საუბრობს GIZ-ის პროექტ QUIS-ის ექსპერტი თინა გვენეტაძეც. ეთერში ის განმარტავს, რომ საქართველოში სათამაშოების უსაფრთხოების ტექნიკური რეგლამენტი ევროპულ EN სტანდარტებს ეფუძნება, რომლებიც პროდუქციის ქიმიურ, ფიზიკურ და მექანიკურ უსაფრთხოებას განსაზღვრავს. მათ შორის მოწმდება სათამაშოებში ტყვიის შემცველობა, საღებავების შემადგენლობა და აალებადობა.

„სათამაშო შეიძლება, ფანტასტიკურად გამოიყურებოდეს, ჰქონდეს ძალიან კარგი დიზაინი, იყოს ძალიან ლამაზი, მაგრამ მნიშვნელოვანია, რა ტიპის საღებავით არის სათამაშო დამუშავებული, არის თუ არა მასში ტყვიის შემცველობა. სათამაშო არის თუ არა გათვლილი სამ წლამდე ასაკის ბავშვზე - თუ არ არის გათვლილი, არსებობს სპეციალური სტანდარტი, რომელიც კონკრეტულად სამ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის შექმნილ სათამაშოებზე ვრცელდება. ეს არის დიდი სტანდარტი, EN სტანდარტი ჰქვია, რომელიც სათამაშოებზეა EN 71-1, 71-2, 71-3. ეს რეგულაციები საქართველოშიც არსებობს და მათი დიდი ნაწილი სავალდებულოა“, — განმარტა გვენეტაძემ.

მისივე თქმით, პრობლემას ქმნის ის, რომ საქართველოში სათამაშოების ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად ტესტირებისთვის საჭირო ლაბორატორია არ არსებობს: „საქართველოში ამ ეტაპზე არ გვაქვს ლაბორატორია, რომელიც სათამაშოების დატესტვას შეძლებს ამ სერტიფიკატისთვის. თურქეთს ლაბორატორიები აკრედიტებული აქვს. ეს ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირის ტერიტორიაზე რომ შეიტანო შენი წარმოებული პროდუქცია, თურქეთის ლაბორატორიის სერტიფიკატი აღიარებულია ევროკავშირის მიერ და გაძლევს თავისუფლად გადაადგილების უფლებას“, - განაცხადა თინა გვენეტაძემ.

ქართული მწარმოებლებისთვის კიდევ ერთი გამოწვევა იმპორტირებული სათამაშოების უსაფრთხოების კონტროლია. მარიკა გრიგოლიშვილის განცხადებით, მიუხედავად ქვეყანაში მოქმედი რეგულაციებისა, იმპორტის დროს მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევები არსებობს, რაც ადგილობრივ მწარმოებლებს კონკურენციის პრობლემას უქმნის.

„დღესდღეობით გვაქვს კანონი, მაგრამ იმპორტის დროს ბევრი შეუსაბამობა ხდება, რაც შესაძლებლობას უკარგავს ადგილობრივ მეწარმეებს, რადგან აქ უკვე კონკურენციის პრობლემაც დგება. ჩვენ ვცდილობთ, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქცია შეესაბამებოდეს როგორც ევროპულ სტანდარტებს, ასევე ადგილობრივ კანონმდებლობას. ამას სჭირდება კერძო სექტორის ჩართულობაც, იმიტომ, რომ ჩვენ, მეწარმეებს, გვაქვს ყველაზე დიდი გამოცდილება ამ მიმართულებით და ზუსტად ვიცით, რა მიმართულებით უნდა განვითარდეს პროცესი და რას უნდა მიექცეს ყურადღება დოკუმენტაციაში როგორც იმპორტის, ისე ექსპორტის დროსაც“, - აღნიშნა გრიგოლიშვილმა.

მისივე განცხადებით, სათამაშოებისა და საბავშვო ავეჯის სექტორში დაახლოებით 100 წარმომადგენელია, ხოლო ასოციაცია დაახლოებით ერთი წლის წინ შეიქმნა.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოში მეორადი რბილი სათამაშოების იმპორტი მკვეთრად გაიზარდა. 2026 წლის იანვარ-ოქტომბერში ქვეყანაში 666.3 ათასი დოლარის ღირებულების 467 ტონა პროდუქცია შემოვიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ღირებულებაში - 449.2%-ით, ხოლო რაოდენობაში 344.7%-ით მეტია. წელს, 10 თვეში იმპორტის მთავარი მომწოდებლები გაერთიანებული სამეფო და ბელგია იყვნენ. მათზე მთლიანი იმპორტის დაახლოებით 80% მოდიოდა - ჯამში 530.1 ათასი დოლარის ღირებულების 405 ტონა მეორადი რბილი სათამაშო.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პუტინმა უკრაინა ტრამპის თხოვნის უგულებელყოფაში დაადანაშაულა და საპასუხო ზომები დააანონსა

პუტინმა უკრაინა ტრამპის თხოვნის უგულებელყოფაში დაადანაშაულა და საპასუხო ზომები დააანონსა

BM.GE

65%-იანი დატვირთვა და გაზრდილი ფასები - Ka Group გუდაურში არსებულ ტენდენციებზე

65%-იანი დატვირთვა და გაზრდილი ფასები - Ka Group გუდაურში არსებულ ტენდენციებზე

BM.GE

Microsoft-მა კომპანიაში საგანგებო რეჟიმი გამოაცხადა - რა გახდა მიზეზი და რის ცვლილებას გეგმავს ტექ-გიგანტი?

Microsoft-მა კომპანიაში საგანგებო რეჟიმი გამოაცხადა - რა გახდა მიზეზი და რის ცვლილებას გეგმავს ტექ-გიგანტი?

BM.GE

CMC საერთაშორისო ექსპანსიას აგრძელებს - რა გეგმები აქვს კომპანიას

CMC საერთაშორისო ექსპანსიას აგრძელებს - რა გეგმები აქვს კომპანიას

BM.GE