9 თვეში საქართველოში გაზის მოხმარება 8%-ით გაიზარდა
2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში გაზის მოხმარებამ 2.3 მლრდ მ³ შეადგინა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 166 მლნ მ³-ით, ანუ 8%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
საქტატის მონაცემებით, წელსაც საქართველომ სრულად იმპორტირებული ბუნებრივი აირი მოიხმარა. კერძოდ, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში ქვეყანაში 2 მილიარდ 278 მილიონი მ³ ბუნებრივი აირის იმპორტი განხორციელდა, მაშინ როცა გასული წლის იმავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 2 მილიარდ 113 მილიონი მ³ იყო (ზრდა 8%). ადგილობრივმა წარმოებამ კი საანგარიშო პერიოდში მხოლოდ 10 მლნ მ³ შეადგინა.
რაც შეეხება ელექტროენერგიის გენერაციაზე [თბოსადგურებზე] დახარჯულ გაზს, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში თბოელექტროსადგურების მიერ ელექტროენერგიის წარმოებისთვის სულ 372 მლნ მ³ ბუნებრივი გაზი დაიხარჯა, რაც წლიურ ჭრილში 3.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
საქართველოს ბუნებრივი აირის მხოლოდ ორი მიმწოდებელი ჰყავს: რუსეთი და აზერბაიჯანი. ბოლო წლებში აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტი მცირდება, ამ დანაკლისს კი, საქართველო რუსეთიდან ანაზღაურებს. ასე მაგალითად, სემეკის წლიური ანგარიშის მიხედვით, 2025 წელს საქართველომ აზერბაიჯანიდან 2.27 მლრდ მ³ გაზი მიიღო. აქედან 666 მლნ მ³ იმპორტი, ხოლო 1,371 დამატებითი და "ოფციური ხელშეკრულებით" მიღებული გაზია. 2024 წელთან შედარებით აზერბაიჯანიდან მიღებული გაზის მოცულობა 1.6%-ით არის შემცირებული. სემეკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა ასევე აჩვენებს, რომ რუსეთიდან გაზის იმპორტი კვლავ მზარდია. 2025 წელს რუსეთიდან საქართველომ 886 მლნ მ³ გაზი იყიდა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 12%-ით აღემატება.
