
აგროსექტორში საგადასახადო შეღავათების გადახედვას სიღრმისეული კვლევა სჭირდება - ფერმერთა ასოციაცია
ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, სოფლის მეურნეობის სექტორში საგადასახადო შეღავათების გადახედვისას ბევრი ფაქტორი უნდა იყოს გათვალისწინებული.
საქმე ისაა, რომ როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილე ამბობს, რიგი სახელმწიფო პროგრამების ეფექტიანობა უფრო მაღალია, ვიდრე საგადასახადო დანახარჯების. შესაბამისად, კითხვაზე, იგეგმება თუ არა აგროსექტორში დაწესებული შეღავათების გაუქმება, გიორგი კაკაურიძე აცხადებს, რომ არაა გამორიცხული, დარგში არსებული საგადასახადო შეღავათების ნაწილი მომდევნო პერიოდში სწორედ პროგრამების მიმართულებით გადამისამართდეს.
როგორც რატი კოჭლამაზაშვილი BMG-სთან აცხადებს, საკითხს სიღრმისეული კვლევა სჭირდება და უნდა გაანალიზდეს, როგორი იქნება გავლენა სხვადასხვა ტიპის მეურნეობაზე, ასევე პროდუქციის საბოლოო ფასებზე, ასევე რამდენად იქნება შეღავათების საპირწონე სახელმწიფო პროგრამები.
“დღეს სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოება დღგ-სგან არის გათავისუფლებული ძირითად ნაწილში, სულ რამდენიმე კატეგორია დარჩა, რომელიც არ არის გათავისუფლებული. ბოლო წლებში არის იმაზე საუბარი, რომ შესაძლოა, გადაიხედოს ეს შეღავათები. პირველ რიგში, ამას სჭირდება საკმაოდ სიღრმისეული კვლევა, რომ მაგალითად, რა ეფექტი ექნება სხვადასხვა კატეგორიაზე დღგ-ს შეღავათის მოხსნას. აქ საუბარი არის მცირე, საშუალო, მსხვილ ბიზნესებზე. ასევე, მნიშვნელოვანია, სექტორულ ჭრილში როგორ იქნება ეს გადანაწილებული, ვინ ისარგებლებს, ვინ იზარალებს და ა.შ. ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხი, რომ სწორად მოხდეს ამისი შეფასება, ეს შეფასება უნდა იყოს განხილული ყველა ჩართულ მხარესთან და შემდეგ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია იმ გადაწყვეტილების მიღება, ღირს თუ არა, ან რა კუთხით ღირს [შეღავათების გაუქმება].
მეორე - ზოგადად ასეთი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ აღსრულება არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი. მოგეხსენებათ, სოფლის მეურნეობა ერთ-ერთი დარგია, რომელიც საერთო საგადასახადო მიდგომებთან არ არის ინტეგრირებული. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ამ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, რაღაც გარდამავალი პერიოდი იყოს, სადაც მოხდება ფერმერების გადამზადება, როგორ მოახდინონ აღრიცხვა და ბუღალტერია, რომ ფერმერები ნაკლებად დაზარალდნენ.
ამასთან, როგორც მწარმოებლებს, ფერმერებს ეზრდებათ პროდუქციის თვითღირებულება, ასევე სამომხმარებლო ბაზარზე ფასები მზარდია. რა გავლენა ექნება დღგ-ს გაუქმებას, იგივე სამომხმარებლო ფასებზე, დღეს ალბათ ყველაზე აქტუალური კითხვა ეს არის და ამიტომ ასეთმა სიღრმისეულმა კვლევამ უნდა გასცეს პასუხი ამ კითხვაზეც, რომ ღირებულებათა ჯაჭვის სხვადასხვა რგოლებში ვინ მოიგებს, ვინ იზარალებს, თუნდაც ფერმერი, გადამყიდველი, საბოლოო მიმწოდებელი, მომხმარებელი.
ასევე კითხვაა - როგორ მოხდება მობილიზებული თანხების გადანაწილება სექტორში, რა პროგრამებით ჩანაცვლდება თუნდაც დღგ-ს შეღავათების მოხსნა, ვინ ისარგებლებს ამ პროგრამებით, რამდენად დაეხმარება ეს საოჯახო, საშუალო ზომის ფერმერებს, რომლებიც ზოგადად ხერხემალია განვითარებული ქვეყნების სოფლის მეურნეობის”, - განაცხადა რატი კოჭლამაზაშვილმა.
ამასთან, ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილის თქმით, თუკი მთავრობა საგადასახადო შეღავათების გაუქმებას გადაწყვეტს, ამის საპირწონედ უნდა განიხილოს საბოლოო აგროპროდუქციაზე დიფერენცირებული დღგ-ს შემოღების შესაძლებლობა, რაც არაერთ ევროპულ ქვეყანაშია.
“ამ კვლევაში ასევე ყურადღება უნდა გამახვილდეს დღგ-ს შემცირებულ განაკვეთზე, რომელზეც ამ სექტორში ჩართული რგოლები დიდი ხანია ვსაუბრობთ. იქიდან გამომდინარე, რომ თუნდაც დღგ-ს დაბალი განაკვეთი აპრობირებული მეთოდია ევროპის ბევრ ქვეყანაში, ზოგან საერთოდ 0%-ია, ზოგან ბევრად დაბალია, ვიდრე დღგ-ს ჩვეულებრივი განაკვეთი. განსაკუთრებით, როდესაც ვსაუბრობთ საკვების მაღალ ფასებზე, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში”, - აღნიშნა რატი კოჭლამაზაშვილმა.
BM.GE
წყარო: bm.ge