
ახლად შექმნილმა ცენტრალურმა შემსყიდველმა ორგანომ 14 მილიონი ლარის ტენდერები გამოაცხადა
ცენტრალურმა შემსყიდველმა ორგანომ, რომელიც 2026 წლის პირველი ივნისიდან ამოქმედდა, პირველი ტენდერები უკვე გამოაცხადა. უწყება მსხვილი და კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარებისთვის შეიქმნა და პირველი ორი ტენდერი სწორედ ამ კატეგორიას განეკუთვნება - პირველია 7.7 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი სახელმწიფო უწყებებისთვის სპეც ტანსაცმლის შეძენასთან დაკავშირებით, ხოლო მეორეა 6.8 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი "საქაერონავიგაციისთვის" განკუთვნილი ქ. თბილისის, ქ. ქუთაისის და ქ. ბათუმის საერთაშორისო, მესტიისა და ამბროლაურის ადგილობრივი აეროპორტების აეროდრომებისთვის ამინდზე დაკვირვების ავტომატიზირებული სისტემების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ.
სპეციალური შემსყიდველი ორგანოს შექმნის მიზანს წარმოადგენდა სახელმწიფო უწყებების (სამინისტროების და ორგანიზაციების) მიერ დამოუკიდებლად მსხვილი შესყიდვების ჩატარების ფუნქციის შეზთღუდვა და ამ ფუნქციების მთავრობის დაქვემდებარებაში არსებული უწყებისთვის გადაცემა, რაც ამ ინიციატივის ავტორთა შეფასებით სახელმწიფო სახრსების დაზოგვა და კორუფციული რისკების შემცირება უნდა მოჰყვეს.
უწყება ჩაატარებს კონსოლიდირებულ და მსხვილ ტენდერებს, რომელთა ღირებულებაც ნახევარ მილიონ ლარს აჭარბებს. რაც შეეხებათ უშუალოდ ამ ტენდერებს, სპეც. ტანსაცმლის შესყიდვის ტენდერში კომპანიებს მონაწილეობის მიღება 23 ივნისამდე შეუძლიათ, ხოლო საქაერონავიგაციისთვის ამინდზე დაკვირვების სისტემის შესყიდვაში წინადადებების წარდგენა 8 ივლისამდეა შესაძლებელი.
მთავრობის განკარგულების თანახმად, 2026 წელს ამ სააგენტოს ბიუჯეტი 8.7 მილიონი ლარი იქნება, საიდანაც 3.7 მილიონი ლარი უნდა დაიხარჯოს იმ 109 ადამიანის ხელფასებზე, რომლებიც სააგენტოში დასაქმდებიან.
სააგენტოს უფროსი, რომლის ვინაობაც ჯერჯერობით უცნობია თვეში 12,000 ლარის ანაზღაურებას მიიღებს. მას ეყოლება სამი მოადგილე, რომელთა ანაზღაურებაც 11,600 ლარით განისაზღვრება. ასევე უწყებას ექნება ხუთი დეპარტამენტი, დეპარტამენტების უფროსების ანაზღაურება კი თვეში 9,600 ლარი იქნება.
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ლევან ჟორჟოლიანის განცხადების თანახმად, ცენტრალიზებული შემსყიდველი ორგანო წლის ბოლომდე 200 მილიონ ლარამდე შესყიდვას განახორციელებს.
BM.GE
წყარო: bm.ge