
ანტიკორუფციული ბიუროს გაუქმებამ აუდიტის სამსახურის ფუნქციური გადატვირთვა გამოიწვია - საია
ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობა ისედაც არაეფექტიანი იყო, მისმა გაუქმებამ და უფლებამოსილებების აუდიტის სამსახურისთვის გადაცემამ პრობლემა შექმნა არა მხოლოდ ანტიკორუფციული ფუნქციების განხორციელების კუთხით, არამედ ასევე გამოიწვია აუდიტის სამსახურის ფუნქციური გადატვირთვა.
ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში წერია, რომელიც ანტიკორუფციული ბიუროს გაუქმებასა და მისი კომპეტენციის აუდიტის სახელმწიფო სამსახურისთვის გადაცემას აფასებს.
ორგანიზაციის განცხადებით, აუდიტის სამსახური, როგორც სახელმწიფო ფინანსების მონიტორინგზე პასუხისმგებელი ორგანო, უნდა იყოს დამოუკიდებელი და ზედმეტი, დამატებითი პასუხისმგებლობებისგან გათავისუფლებული.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს პარლამენტმა გააუქმა კორუფციასთან ბრძოლის პრევენციული ორგანო - ანტიკორუფციული ბიურო და მისი უფლებამოსილებები სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მანდატს დაუქვემდებარა. საიამ მოამზადა დოკუმენტი, სადაც გაეცნობით საქართველოში ბოლო წლებში არსებული ანტიკორუფციული პოლიტიკის მიმოხილვას, ბოლო ცვლილებების მიზეზებისა და შესაძლო შედეგების კონტექსტში.
აღსანიშნავია, რომ ანტიკორუფციული ბიუროს მანდატი, მისი შექმნიდან დღემდე, მნიშვნელოვნად ასცდა დასახულ მიზანს და მისი მუშაობის მთავარი მიმართულება გახდა არა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, არამედ სამოქალაქო საზოგადოების კონტროლი და შეზღუდვა. 2024-25 წლებში, ბოლოდროინდელი ძალადობრივი კანონმდებლობის მიღების შედეგად, საგრძნობლად გაიზარდა ანტიკორუფციული ბიუროს უფლებამოსილებები სამოქალაქო ორგანიზაციებისა და აქტივისტებისკონტროლის მიმართულებით.
მომზადებული შეფასების თანახმად, ანტიკორუფციული პოლიტიკა არასდროს ყოფილა საქართველოს ხელისუფლების განსაკუთრებული პრიორიტეტი. თუმცა, ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა, თავისთავად, იყო იმ საერთაშორისო რეკომენდაციების გათვალისწინება/შესრულება, რომლებმაც ქვეყანა, გარკვეულწილად, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსამდე მიიყვანა.
ანტიკორუფციული ბიურო იყო ორგანო, რომელსაც, შესაძლოა, ეფექტიანობის ნაწილში გარკვეული ხარვეზები საკანონმდებლო დონეზეც კი ჰქონდა (მაგალითად, მას თავიდანვე არ გააჩნდა რეპრესიული კონტროლის განხორციელების შესაძლებლობა), თუმცა, ოფიციალურად, ის ერთპიროვნულად აგებდა პასუხს ანტიკორუფციული პოლიტიკის წარმოებაზე. პრაქტიკაში, რა თქმა უნდა, უამრავი პრობლემა გამოჩნდა მის საქმიანობაში. მკვეთრი გამოწვევები იდგა და ახლაც დგას ანტიკორუფციული პოლიტიკის შემუშავების კუთხით. არსებობის 3 წლის განმავლობაში ბიუროს არ მიუღია ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგია. ამასთანავე, ის ვერ სარგებლობდა დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხით და აშკარად იგრძნობოდა აღმასრულებელი ხელისუფლების, მეტიც, მმართველი პარტიის გავლენა მის საქმიანობაზე.
ბოლოდროინდელი რეპრესიული კანონმდებლობის შედეგად კი, ბიურო, საჯარო სექტორის მონიტორინგის ნაცვლად, სამოქალაქო საზოგადოების ზედამხედველ ორგანოდ გადაიქცა, როდესაც ის გახდა პასუხისმგებელი ე.წ. ამერიკული FARA-ს ქართული ანალოგისა თუ „გრანტების შესახებ“ კანონის აღსრულებაზე.
აუდიტის სამსახური, როგორც სახელმწიფო ფინანსების მონიტორინგზე პასუხისმგებელი ორგანო, უნდა იყოს დამოუკიდებელი და ზედმეტი, დამატებითი პასუხისმგებლობებისგან გათავისუფლებული. შესაბამისად, განხორციელებული ცვლილებები აუცილებლად იქონიებს გავლენას ამ საჯარო ფუნქციების შესრულების ეფექტიანობაზე.
BM.GE
წყარო: bm.ge