მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აშშ ირანის ნავთობზე სანქციებს ნაწილობრივ აუქმებს
აშშ ირანის ნავთობზე სანქციებს ნაწილობრივ აუქმებს

აშშ ირანის ნავთობზე სანქციებს ნაწილობრივ აუქმებს

BM.GE23 ივნისი, 2026, 12:12|bm.ge

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის ნავთობის ექსპორტზე დაწესებული სანქციები შეამსუბუქა. გადაწყვეტილება მხარეებს შორის კონფლიქტის დასრულების თაობაზე გამართულ "იმედისმომცემ" მოლაპარაკებებს უკავშირდება.

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ სანქციების დროებითი შეჩერების შესახებ 60-დღიანი ნებართვა გამოსცა, რაც ირანული ნავთობის მოპოვების, მიწოდებისა და აშშ-ში გაყიდვის შესაძლებლობას იძლევა.

აღნიშნულ ნაბიჯს წინ უძღოდა მედიატორებისა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის პოზიტიური განცხადებები შვეიცარიაში მიმდინარე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, რომელთა მიზანიც ვაშინგტონსა და თეირანს შორის სრულფასოვანი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევაა.

სანქციების დროებითი გაუქმება გათვალისწინებულია იმ 60-დღიანი ურთიერთგაგების მემორანდუმით, რომელსაც თეირანმა და ვაშინგტონმა ხელი 17 ივნისს მოაწერეს.

აშშ-ის ფინანსთა მინისტრის, სკოტ ბესენტის განცხადებით, აშშ-ირანის მოლაპარაკებები "პროდუქტიული" აღმოჩნდა და მემორანდუმის რამდენიმე პუნქტის შესრულება უკვე დაწყებულია.

"ირანმა აიღო ვალდებულება, უზრუნველყოს თავისუფალი და უსაფრთხო მიმოსვლა ჰორმუზის სრუტეში და თავის ტერიტორიაზე დაუშვას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ინსპექტორები. ამ შეთანხმების ფარგლებში, ფინანსთა სამინისტრომ გამოსცა დროებითი 60-დღიანი გენერალური ლიცენზია, რომელიც ირანული ნავთობის მოპოვებას, მიწოდებასა და გაყიდვას უშვებს", - დაწერა მან სოციალურ ქსელში.

ლიცენზია ძალაში 21 აგვისტომდეa და ირანული წარმოშობის ნედლ ნავთობზე, ნავთობქიმიურ პროდუქტებსა თუ სხვა ნავთობპროდუქტებზე ვრცელდება. ის იძლევა აშშ-ში ირანული ნავთობის იმპორტის ნებართვას, თუმცა არ ითვალისწინებს ტრანზაქციებს აშშ-ის მიერ სანქცირებულ ჩრდილოეთ კორეასთან, კუბასთან ან რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებთან.

ირანის ხელისუფლების წარმომადგენლებს ამ ეტაპზე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ.

სანქციების ნაწილობრივი გაუქმების შესახებ ინფორმაციის გავრცელების ფონზე ნავთობზე ფასების კლება გაგრძელდა - Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 3.5%-ზე მეტით შემცირდა და ბარელზე 77.7 დოლარი შეადგინა.

სანქციების ნაწილობრივი გაუქმების შესახებ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, გავრცელდა ინფორმაცია ჰორმუზის სრუტეში ნავთობისა და გაზის ტანკერების მოძრაობის გააქტიურების შესახებაც. ეს ხდება სულ რაღაც ორ დღეში მას შემდეგ, რაც ირანმა ლიბანზე ისრაელის თავდასხმების გამო სრუტის ხელახალი ჩაკეტვის შესახებ განაცხადა.

გემების გადაადგილების მონიტორინგის მონაცემებით, ორშაბათს კატარის მიერ მართულმა ოთხმა თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) ტანკერმა გაიარა სრუტე და ყურეში შევიდა, ამასთანავე სრუტეში შევიდა ორი სუპერტანკერი - რომლებსაც ოთხ მილიონამდე ბარელი ნედლი ნავთობის გადაზიდვა შეუძლიათ.

პლატფორმა MarineTraffic-ის მონაცემებით, ორშაბათს ორმა შედარებით მცირე ზომის ნავთობტანკერმა, რომლებსაც ორ მილიონამდე ბარელი ნავთობი გადაჰქონდათ, დატოვა სრუტე და ომანის ყურეში გავიდა.

აშშ აგრძელებს მტკიცებას, რომ სრუტე მეორედ არ ჩაკეტილა და შაბათს 55 სავაჭრო გემი დააფიქსირა, რომლებსაც 17 მილიონ ბარელზე მეტი ნავთობი გადაჰქონდათ.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ლიეტუვის მთავრობა გადადგა

ლიეტუვის მთავრობა გადადგა

BM.GE

სახელმწიფო აუდიტის სამსახურს კომუნიკაციების კომისიის და სემეკის შემოწმების უფლებაც ექნება

სახელმწიფო აუდიტის სამსახურს კომუნიკაციების კომისიის და სემეკის შემოწმების უფლებაც ექნება

BM.GE

მოსაკრებელი ₾100 ათასი, გადასახადი 5%| პირობები მხოლოდ უცხოელებისთვის განკუთვნილი ონლაინ-კაზინოებისთვის

მოსაკრებელი ₾100 ათასი, გადასახადი 5%| პირობები მხოლოდ უცხოელებისთვის განკუთვნილი ონლაინ-კაზინოებისთვის

BM.GE

კორეაში ბირჟა გააჩერეს, რადგან კომპანიების აქციების შეფასება 10%-ით დაეცა

კორეაში ბირჟა გააჩერეს, რადგან კომპანიების აქციების შეფასება 10%-ით დაეცა

BM.GE