
აშშ-ის ხაზინამ ობლიგაციების გამოსყიდვის მოცულობა გაასამმაგა - რა გახდა მიზეზი?
აშშ-ის ფედერალურმა ხაზინამ, ანუ ფინანსთა სამინისტრომ სახელმწიფო ობლიგაციების გამოსყიდვის მასშტაბები სამჯერ გაზარდა და $6 მილიარდის მოცულობის ოპერაცია განახორციელა.
უწყების ოფიციალური განმარტებით, აღნიშნული ნაბიჯი ობლიგაციების ბაზარზე ლიკვიდურობის შენარჩუნებას ისახავს მიზნად და განაკვეთების ზრდის ტემპის შენელებას შეუწყობს ხელს.
ქვეყნის ფინანსთა მინისტრის, სკოტ ბესენტის განცხადებით, გადაწყვეტილება 10 და 20-წლიანი სახელმწიფო ობლიგაციების ლიკვიდურობის მხარდაჭერას ითვალისწინებს, თუმცა ფიქრობენ, რომ ამ გადაწყვეტილებას ბესენტის უწყება ბაზრის დასამშვიდებლად იღებს, რომელსაც გრძელვადიანი ობლიგაციების განაკვეთების ზრდა აშფოთებს.
რაც არ უნდა უცნაური იყოს, უწყების განცხადების მიმართ ბაზრის რეაქცია უარყოფითი აღმოჩნდა. 10-წლიანი ობლიგაციების მომგებიანობამ 4.84%-ს მიაღწია, 20-წლიანი ბონდების საპროცენტო მაჩვენებელი 5.31%-მდე გაიზარდა, ხოლო 30-წლიანი ობლიგაციების მომგებიანობამ 5 საბაზისო პუნქტით მოიმატა და 5.31% შეადგინა, რაც 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ დაფიქსირებული უმაღლესი მაჩვენებელია.
ანალიტიკოსების შეფასებით, სამინისტროს მიერ გამოცხადებული $6-მილიარდიანი მოცულობა ბაზრის მოლოდინების მინიმალურ ზღვარზეა, რამაც ფასიანი ქაღალდების გაყიდვის ტალღა გამოიწვია, რადგან $6-მილიარდიანი ინტერვენცია $2-ტრილიონიან ბაზარზე, მარტივად რომ ვთქვათ, ზღვაში წვეთია.
თავად ობლიგაციების მომგებიანობის ზრდა რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა, რომელთა შორის არის სახელმწიფო ვალის $40 ტრილიონამდე გაზრდა, ტარიფებით გამოწვეული ინფლაციური შიშები, ირანის ომი და ენერგორესურსების გაძვირება, რის შედეგადაც ნავთობის ფასმა ბარელზე $100-ს გადააჭარბა. ამასთან, მიმდინარე წელს ობლიგაციების ემისია 2025 წელთან შედარებით 11.8%-ით გაიზარდა, ხოლო საჯარო ვალის მოცულობამ $31.8 ტრილიონი შეადგინა, რაც 8.2%-იან ზრდას წარმოადგენს.
როცა ინვესტორებს ზოგადი ეკონომიკური ვითარება არ მოსწონთ, ისინი გრძელვადიანი ობლიგაციების სანაცვლოდ უფრო მაღალ პროცენტულ სარგებელს ითხოვენ, ხოლო ამ განაკვეთის ზრდა მთავრობას ვალის მომსახურებას უძვირებს, რადგან რაც უფრო მაღალია ობლიგაციების პროცენტი, მით მეტის გადახდა უწევს მთავრობას ინვესტორებისათვის ვალის პროცენტის სახით.
ფედერალური ხაზინის უშედეგო მცდელობის და ჰეჯ-ფონდების წინააღმდეგ ბრძოლაში სკოტ ბესენტის დამარცხების ფონზე, ინვესტორების ყურადღება სრულად არის მიპყრობილი ფედერალურ რეზერვზე და კევინ უორშზე, რომელსაც შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება გაცილებით რთული და "ბინძური" გზებით მოუწიოს.
BM.GE
წყარო: bm.ge