
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი ერევანში - ახალი სტრატეგიული შეთანხმებები და ტრამპის მხარდაჭერა ფაშინიანს
არჩევნების მოახლოებასთან ერთად სომხეთი აშშ-თან პარტნიორობას აძლიერებს. ბოლო სამ თვეში ერევანში აშშ-ის უკვე მეორე უმაღლესი დონის ვიზიიტ შედგა, ამჯერად სომხეთს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ეწვია.
რუბიო ერევანში მეუღლესთან ერთად ჩავიდა. თვითმფრინავი ერევნის ზვართნოცის აეროპორტში საღამოს დაეშვა და ამერიკელ კოლეგას აეროპორტში არარატ მირზოიანი დახვდა.
ინდოეთიდან მომავალმა მარკო რუბიომ მართალია ხანმოკლე ვიზიტი გამართა სომხეთში და მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრს არარატ მირზოიანს შეხვდა, თუმცა მხარეებმა სამი შეთანხმება გააფორმეს. მათ შორის, „ტრამპის მარშრუტსა“ (TRIPP) და მინერალებზე. ასევე შეთანხმება გაფორმდა სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რითაც ტრამპის ადმინისტრაციამ უფრო მაღალ დონეზე აიყვანა ჯო ბაიდენის დროს დადებული სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება.
"მოხარული ვარ, რომ დღეს აქ ვიმყოფები, რათა ხელი შევუწყო პრეზიდენტ ტრამპისა და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ხედვების განხორციელებას. ეს არის მამაცური გზა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისაკენ, რომელსაც საფუძველი გასული წლის 8 აგვისტოს, ვაშინგტონში ჩაეყარა. ჩემთვის დიდი პატივი იყო დღეს აქ საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად მონაწილეობის მიღება ამ ორმხრივი შეთანხმების მიღწევაში, რომელიც ეხება ტრამპის საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობის მარშრუტს. თუმცა ჩვენი ურთიერთობა მხოლოდ “ტრამპის მარშრუტით” არ შემოიფარგლება. ჩვენ მასზე დაყრდნობით მრავალ სხვადასხვა მიმართულებით ვავითარებთ და ეს ჩვენი ადმინისტრაციის უმთავრესი პრიორიტეტია, - განაცხადა რუბიომ.
სახელმწიფო მდივნის ვიზიტიდან მალევე, დონალდ ტრამპმა 7 ივნისის არჩევნებში ფაშინიანს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.
"სომხეთი პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ჩემი დიდი მეგობარი და ლიდერი, თავის ქვეყანას აძლიერებს, ამდიდრებს და ძალიან უსაფრთხოს ხდის. ნიკოლი სრულად იზიარებს ჩემს ხედვას სომხეთისა და მთელი სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის მშვიდობისა და კეთილდღეობის შესახებ. სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო, ახლახან ეწვია სომხეთს, სადაც წინ წასწია ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი რამდენიმე გარიგება. მალე, ამერიკის შეერთებული შტატები და სომხეთი ერთად ჩაუყრიან საფუძველს ტრამპის საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობის მარშრუტს (Trump Route for International Peace and Prosperity), რომელიც გარდაქმნის სამხრეთ კავკასიას და დაეხმარება ჩვენს შესანიშნავ ამერიკულ ენერგეტიკულ კომპანიებს ცენტრალური აზიიდან შეერთებულ შტატებამდე წვდომაში. აქედან გამომდინარე, ნიკოლს აქვს ჩემი სრული მხარდაჭერა 2026 წლის 7 ივნისის არჩევნებში. ნიკოლის დახმარებით, ამერიკის შეერთებულ შტატებს, სომხეთს, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიას იმაზე დიდ სიმაღლეებზე ავიყვანთ, ვიდრე ოდესმე", - წერს ტრამპი Truth Social-ში.