
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა უკრაინის NATO-ში გაწევრიანება გამორიცხა
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მიღება გამორიცხა. პლატფორმა 2WAY-სთვის მიცემულ ინტერვიუში მან უკრაინისთვის მოკავშირის წოდებისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ ვაშინგტონს ამ ქვეყანასთან ოფიციალური ალიანსი არ აკავშირებს.
ვიცე-პრეზიდენტის განმარტებით, უკრაინა NATO-ს წევრი არ არის და ის ამ ორგანიზაციაში არც უნდა იყოს. მართალია, ვენსმა კიევი გარკვეული თვალსაზრისით პარტნიორად მოიხსენია, თუმცა იქვე დასძინა, რომ ორი სახელმწიფოს ინტერესები ერთმანეთს ყოველთვის არ ემთხვევა.
რაც შეეხება ორმხრივ ურთიერთობებში არსებულ უთანხმოებას, ვიცე-პრეზიდენტმა მთავარ პრობლემად რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მიტანილი იერიშები დაასახელა. ვენსმა უკრაინას რუსული ნავთობის გადასამუშავებელი ქარხნების დაბომბვის შეწყვეტისკენაც მოუწოდა. მისი შეფასებით, რუსეთში დიზელის საწარმოებზე განხორციელებული თავდასხმები გაუმართლებელია, რადგან ეს ნაბიჯი ამერიკელი მომხმარებლებისთვის ენერგორესურსების გაძვირებას იწვევს.
ამას გარდა, პოლიტიკოსმა ხაზი გაუსვა, რომ არსებული აზრთა სხვაობის მიუხედავად, ვაშინგტონი კიევთან სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობას გააგრძელებს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ნავთობის გადასამუშავებელ ქარხნებზე განხორციელებული დარტყმების გამო ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმაც არაერთხელ გააკრიტიკა. თეთრი სახლის ლიდერის მტკიცებით, კიევის მოქმედებები დიზელის გლობალურ ბაზარს და მათ შორის აშშ-ს სერიოზულ ზიანს აყენებს.
BM.GE
წყარო: bm.ge