მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბი „ქეისების“ დამზადების საქმეზე ახალი დანაშაულებრივი ჯგუფი გამოვლინდა - პროკურატურა
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბი „ქეისების“ დამზადების საქმეზე ახალი დანაშაულებრივი ჯგუფი გამოვლინდა - პროკურატურა

აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბი „ქეისების“ დამზადების საქმეზე ახალი დანაშაულებრივი ჯგუფი გამოვლინდა - პროკურატურა

BM.GE14 ივლისი, 2026, 16:10|bm.ge

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, პროკურატურისა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის ერთობლივი ღონისძიებების შედეგად გამოვლენილია ახალი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებისთვის აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს, ე.წ. „ქეისებსა“ და ყალბ დოკუმენტაციას ამზადებდნენ.

უწყების ინფორმაციით, საქმეზე კიდევ ოთხ პირს წარედგინა ბრალდება საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენისთვის ხელშეწყობის, საერთაშორისო დაცვის მისაღებად მცდარი ინფორმაციის წარდგენის ხელშეწყობისა და ორგანიზების, ასევე ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტებზე.

პროკურატურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებისა და საზღვრის გადაკვეთის გართულების შემდეგ, საქართველოს სამმა მოქალაქემ მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი შექმნა.

პროკურატურის ცნობით, გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 2026 წლის ივნისის ჩათვლით დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა აღნიშნული საქმიანობიდან 675 794 ლარის, 388 526 აშშ დოლარისა და 4 964 ევროს ოდენობის ფინანსური სარგებელი მიიღეს.

13 ივლისს სასამართლოს განჩინების საფუძველზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო კიდევ ორ პირს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა. მათ ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე სეკუნდა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეოთხე ბრალდებულს კი ბრალი ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილით წარედგინა. აღნიშნული დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

“საქართველოს პროკურატურის და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად დადგენილია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებამ, საზღვრის გადაკვეთა გართულაა.

მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საქართველოს სამმა მოქალაქემ დანაშაულებრივი ჯგუფი ჩამოაყალიბა, რომლის მიზანს ამერიკის შეერთებულ შტატებში თავშესაფრის მსურველ საქართველოს მოქალაქეთათვის თავშესაფრის მისაღებად საჭირო ყალბი ისტორიების, ე.წ. „ქეისების“ და შესაბამისი ყალბი მტკიცებულებების დამზადება წარმოადგენდა.

დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს მოქალაქეებს არწმუნებდნენ, რომ მათ მიერ დამზადებული დოკუმენტების და ასევე მათ მიერ შექმნილი ისტორიების დახმარებით, უპრობლემოდ შეძლებდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში თავშესაფრის მიღებას. ჯგუფის წევრები წერდნენ არარსებულ ისტორიებს, თუ როგორ დევნიდნენ საქართველოს მოქალაქეებს საქართველოში სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის პოლიტიკური შეხედულების, სექსუალური ორიენტაციის, სამართალდამცავების მხრიდან მათი დევნის და სხვა მიზეზთა გამო. აღნიშნული ისტორიების გამყარების მიზნით, ჯგუფის წევრები ამზადებდნენ ყალბ დოკუმენტებს.

ჯგუფის ერთ-ერთი წევრის საცხოვრებელი სახლის და ოფისის ჩხრეკისას ამოღებულ მობილურ ტელეფონებსა და კომპიუტერულ მოწყობილობებში აღმოჩენილია ხუთასამდე მოქალაქის სახელზე დამზადებული ყალბი დოკუმენტაცია, თავშესაფრის მაძიებლისთვის საჭირო ისტორია, ე.წ. „ქეისები“ და სხვა ყველა საჭირო ყალბი ოფიციალური დოკუმენტი და სხვადასხვა ორგანიზაციის ყალბი ელექტრონული ბეჭდები. გამოძიებით ასევე, დადგენილია, რომ 2025 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის ივნისამდე დროის პერიოდში, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ზემოხსენებული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად 675 794 ლარის, 388 526 აშშ დოლარის, 4 964 ევროს ოდენობით ფინანსური სარგებელი მიიღეს.

ასევე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრის მიმართ, რომელიც უზრუნველყოფდა ხსენებულ სისხლის სამართლის საქმეზე უკვე პასუხისგებაში მიცემულ ორგანიზებული ჯგუფის წევრთათვის ყალბი დოკუმენტების დამზადებას. აღნიშნული პირი სრულად აღიარებს დანაშაულს და თანამშრომლობს გამოძიებასთან.

13 ივლისს, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებულია ერთი პირი. დაკავებულს და კიდევ ორ ბრალდებულს დაუსწრებლად, ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე სეკუნდა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, (ჯგუფის მიერ ორი ან მეტი პირის მიმართ, ყალბი დოკუმენტის გამოყენებით საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენის ან/და საერთაშორისო დაცვის მისაღებად მისი უფლებების, თავისუფლებების დარღვევის თაობაზე მცდარი ინფორმაციის წარდგენის ხელშეწყობა/ორგანიზება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მეოთხე ბრალდებულს ბრალდება საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე სეკუნდა მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, და მე-3 ნაწილით ( ჯგუფის მიერ ყალბი დოკუმენტის გამოყენებით საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენისთვის ან/და საერთაშორისო დაცვის მისაღებად მისი უფლებების ან თავისუფლებების დარღვევის თაობაზე მცდარი ინფორმაციის წარდგენის ხელშეწყობა/ორგანიზება, ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ვკითხულობთ პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პროკურატურის განცხადებით, აღნიშნული ერთობლივი ღონისძიებების ფარგლებში უკვე გამოვლენილია კიდევ ორი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, დაკავებულია 3 პირი, ხოლო 6 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს.

უწყებაში აცხადებენ, რომ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავენ, ხოლო გამოძიება გრძელდება როგორც აღნიშნულ ფაქტებზე, ისე საქმესთან დაკავშირებული სხვა ეპიზოდებისა და შესაძლო მონაწილე პირების გამოვლენის მიზნით.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Primark-ის შემოსვლასთან დაკავშირებით Alshaya Group-თან მოლაპარაკებები მიმდინარეობს - მიხეილ ხიდურელი

Primark-ის შემოსვლასთან დაკავშირებით Alshaya Group-თან მოლაპარაკებები მიმდინარეობს - მიხეილ ხიდურელი

BM.GE

EU რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტზე ვერ თანხმდება

EU რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტზე ვერ თანხმდება

BM.GE

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

BM.GE

ბიზნესმენ სულხან პაპაშვილის კომპანია კასპში 52-მეგავატიანი ქარის ელექტროსადგურის მშენებლობას გეგმავს

ბიზნესმენ სულხან პაპაშვილის კომპანია კასპში 52-მეგავატიანი ქარის ელექტროსადგურის მშენებლობას გეგმავს

BM.GE