მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აუცილებელია საზღვრებზე დაბალი ხარისხის პარკებისთვის სტანდარტების გამკაცრება და მონიტორინგი - TCRC
აუცილებელია საზღვრებზე დაბალი ხარისხის პარკებისთვის სტანდარტების გამკაცრება და მონიტორინგი - TCRC

აუცილებელია საზღვრებზე დაბალი ხარისხის პარკებისთვის სტანდარტების გამკაცრება და მონიტორინგი - TCRC

BM.GE26 აგვისტო, 2026, 03:00|bm.ge

"სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის" (TCRC) შეფასებით, ქვეყნის საზღვრებზე საპარკინგე სივრცეების ინფრასტრუქტურის სრულყოფა და საფასო მდგენელის ზედა ზღვრის დაწესება - დერეფნის მიმზიდველობის კუთხით წინ გადადგმული ნაბიჯია.

როგორც კვლევის ცენტრში აღნიშნავენ, საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნის მიმზიდველობა და, შესაბამისად, კონკურენტუნარიანობა, მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული დერეფნის გასწვრივ განლაგებულ სატრანსპორტო კვანძებში მომსახურების სერვისის დონეზე და გადასახადების ოდენობაზე.

ამასთან, TCRC-ში საუბრობენ გამოწვევებზეც, რომ საპარკინგე სივრცეებთან დაკავშირებით სახეზეა კონკურენციის შეზღუდვა და აუცილებელია დაბალი ხარისხის პარკებისთვის მინიმალური ერთიანი სტანდარტების დაწესების და მონიტორინგის სისტემის ამოქმედება.

"საქართველოს საბაჟო გამშვები პუნქტების გავლით მიმავალი ყველა სახის, ცარიელი თუ დატვირთული, სატვირთო სატრანსპორტო საშუალება, გამშვებ პუნქტში გავლამდე ვალდებულია განთავსდეს გამშვებ პუნქტებთან არსებულ ავტოსადგომებში და ავტოსატრანსპორტო საშუალების დგომისათვის გადაიხადოს ფიქსირებული საფასური. ასეთი ტიპის სადგომებზე გადასახადს მძღოლები ე.წ. „პარკის“ გადასახადს ეძახიან და მისი საფასურის ოდენობა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 80 ლარს შეადგენს.

ახლახან ქვეყნის პრემიერის დადგენილებით, სასაზღვრო პუნქტებთან მდებარე ავტოსადგომებს დამატებითი ვალდებულება დაეკისრათ, კერძოდ, ავტოსადგომის მფლობელმა უნდა უზრუნველყოს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსთვის აზომვითი ნახაზის წარდგენა, რომელიც ავტოსადგომზე განლაგებულ შენობა-ნაგებობებს, ავტოსადგომის შესასვლელსა და გასასვლელს, გასაჩერებელი ადგილების განლაგების სქემასა და სხვა ობიექტებს ასახავს.

ამავე დადგენილებით, განისაზღვრა ავტოსადგომზე სატრანსპორტო საშუალების დგომისათვის გადასახდელი საფასურის ოდენობა, რომელიც ავტოსადგომზე დგომის ხანგრძლივობის მიუხედავად, არ უნდა აღემატებოდეს 80 ლარს.

საქართველოზე გამავალი დერეფნის კონკურენტუნარიანობიდან და მისი ქვეყნისთვის სტრატეგიული დანიშნულებიდან გამომდინარე, საფასო მდგენელის ზედა ზღვრის დაფიქსირება, რომელიც 80 ლარს არ უნდა აღემატებოდეს, მნიშვნელოვანი „ჩამკეტი“ ჩანაწერია და სახელმწიფოს მხრიდან უდავოდ დადებით და წინ გადადგმულ ნაბიჯად უნდა შეფასდეს.

როდესაც დერეფნის კონკურენტუნარიანობაზეა საუბარი, არსებობს დაუწერელი კანონზომიერება, როცა დერეფნის რომელიმე სახელმწიფო მის ტერიტორიაზე აწესებს ახალ გადასახადს ან ზრდის არსებულს, ამით, პრაქტიკულად, იგი დერეფნით მოსარგებლე ნებისმიერი უცხოელი ქვეყნის გადამზიდველს სატრანსპორტო-ლოგისტიკურ ხარჯებს უძვირებს, უფრო მეტიც, მეზობელ ქვეყნები „სარკისებრად“ ანალოგიური გადასახადის დაწესების ან გაზრდისკენ უბიძგებს.

შედეგად, სახელმწიფო უმეტეს შემთხვევაში იღებს მეზობელი ქვეყნისგან ანალოგიურ, გაძვირებულ გადასახადებს, პრაქტიკულად, ასეთი ქმედებით ზარალდება როგორც სახელმწიფოებრივი ინტერესი, ასევე ქვეითდება დერეფნის მიმზიდველობა, ამიტომ გარკვეულწილად აუცილებელია ასეთი რისკების სახელმწიფოს მხრიდან მკაცრი მონიტორინგის ჩარჩოებში მოქცევა.

რაც შეეხება უშუალოდ საპარკინგე სივრცეების საფასო მდგენელს, გარკვეული პერიოდის წინ საქართველოს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე ერთი სატვირთო ავტომობილის პარკინგი 30 ლარს შეადგენდა, მოგვიანებით, მყისიერად, 2,6-ჯერ გაიზარდა და 80 ლარი გახდა ისე, რომ სადგომებზე მომსახურების სერვისები გაზრდილი თანხის შესაბამისობაში არ მოსულა და არ გაუმჯობესებულა, ასეთმა დაუსაბუთებელმა გაძვირებამ საპარკინგე სივრცეებით მოსარგებლე გადამზიდველების აღშფოთება გამოიწვია.

პროცესი ამით არ შეჩერებულა, მოგვიანებით, 2025 წლის ბოლოსთვის, საპარკინგე სივრცეების მეპატრონეებმა არსებული 80-ლარიანი საფასურის 130 ლარამდე გაზრდის შესახებ მიიღეს გადაწყვეტილება, რასაც, ბუნებრივია, გადამზიდველების და მძღოლების უაღრესად ნეგატიური რეაქცია მოჰყვა.

უფრო მეტიც, მძღოლების მხრიდან საბაჟოებთან მისასვლელი გზების გადაკეტვის და სატრანსპორტო საშუალებების გაჩერების მოწოდებებიც კი გაისმა. ამ პროცესის შეჩერება სახელმწიფო ორგანოების მყისიერი მოდერატორობით და ჩართულობით გადაწყდა, რითაც საპარკინგე გადასახადის საფასური იგივე დარჩა.

ამ ნაბიჯით ხაზი გვინდა გავუსვათ სახელმწიფოს მხრიდან მისი პრიორიტეტის, კერძოდ, დერეფნის კონკურენტუნარიანობის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯის მოკლე ვადაში დარეგულირების შესაძლებლობას.

პარკებთან დაკავშირებით, სადღეისოდ, სახეზეა კონკურენციის შეზღუდვა და არსებობს ასეთი მოცემულობა: იმ ლოკაციებზე, სადაც რამდენიმე პარკი განთავსდა და ფუნქციონირებს, უნდა ჩამოყალიბებულიყო თავისუფალი კონკურენცია და გაზრდილიყო მომსახურების ხარისხი, რეალურად ეს არ განხორციელდა და შიდა შეთანხმებების საფუძველზე, საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, „მინი“ მონოპოლიები ჩამოყალიბდა, რაც შემდგომში სავალალო შედეგში გადაიზარდა, კერძოდ, ასეთ ჯგუფებს, იმის ნაცვლად, რომ ადგილობრივი მძღოლებისათვის და უცხოელი გადამზიდავებისათვის შეექმნათ სათანადო სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები და შეეთავაზებინათ გაუმჯობესებული საპარკინგე სივრცეების ინფრასტრუქტურა, ჩაერთნენ სხვადასხვა კარტელურ გარიგებებში, შედეგად, ქვეყანამ ვერ მიიღო სათანადო ინფრასტრუქტურით აღჭურვილი საპარკინგე სივრცეები.

ბუნებრივია, ქვეყნის ყველა საპარკინგე სივრცის ფოტომასალაში წარმოდგენილ თუნდაც ამ პარკთან გაიგივება არ იქნება მართლზომიერი, არსებობს მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურით აღჭურვილი პარკები, მაგრამ თუ არ იქნება ქვეყანაში პარკების ერთიანი სტანდარტის მონიტორინგის პრინციპი დანერგილი და დაცული, მაღალი ხარისხის პარკებს, დაბალი ხარისხის პარკებთან შედარებით, არ ექნებათ მოტივაცია, რომ განავითარონ მომსახურების დონე და ინფრასტრუქტურა, ამიტომ ამ ეტაპზე აუცილებელია დაბალი ხარისხის პარკებისთვის მინიმალური ერთიანი სტანდარტების დაწესების და მონიტორინგის სისტემის ამოქმედება.

მიუხედავად იმისა, რომ საპარკინგე სივრცეების სტანდარტების უზრუნველყოფა შემოსავლების სამსახურის პრეროგატივას განეკუთვნება, მიმდინარე ეტაპზე, რიგი პარკების მესაკუთრეები მინიმალური სტანდარტების გვერდის ავლას ახერხებენ, ამიტომ აქტუალურია სტანდარტების პირობების გამკაცრება და სახელმწიფოს მხრიდან მისი პერმანენტული მონიტორინგი.

გამომდინარე იქიდან, რომ ახალი დადგენილებით, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს სასაზღვრო პუნქტებთან მიმდებარე ავტოსადგომებთან მიმართებით დამატებითი ვალდებულება დაეკისრა, ფუნქციათა დუბლირების თავიდან ასაცილებლად აუცილებელი იქნება მათი გაყოფა. გაყოფა, უპირველეს ყოვლისა, საპარკინგე სივრცეების ინფრასტრუქტურის სტანდარტების აწევას უნდა ითვალისწინებდეს.

სახელმწიფოს მხრიდან ქვეყნის საზღვრებზე პარკების საკითხის მოწესრიგება უდავოდ დადებითად უნდა შეფასდეს, რადგანაც აზომვითი ნახაზები სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს საშუალებას მისცემს დაადგინოს, რეალურად აქვს თუ არა ავტოსადგომს საკმარისი სივრცე სატვირთო ავტომობილების შესასვლელად, მანევრირებისა და გაჩერებისთვის. ასევე შესაძლებელია შეაფასოს სახანძრო და საგანგებო სიტუაციების დროს პარკთან მისადგომობა.

მნიშვნელოვანი ღონისძიებაა აგრეთვე ავტოსატრანსპორტო საშუალებების კონტროლის თვალსაზრისით – აზომვითი ნახაზების საშუალებით სატვირთო ავტოტრანსპორტის განთავსების რაოდენობის და, შესაბამისად, სადგომის ფაქტობრივი გამტარუნარიანობის განსაზღვრა.

დასკვნის სახით – საპარკინგე სივრცეების ღირებულების ზედა ზღვრის ე.წ. „ჩამკეტის“ დაწესება და პარკების მესაკუთრეების მიერ აზომვითი ნახაზების სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსათვის წარდგენა, როგორც უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, ასევე დერეფნის კონკურენტუნარიანობის ამაღლების კუთხით, უდაოდ წინ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს",- აღნიშნულია შეფასებაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სომხეთმა და აზერბაიჯანმა ელექტროენერგიით ვაჭრობის საკითხი განიხილეს

სომხეთმა და აზერბაიჯანმა ელექტროენერგიით ვაჭრობის საკითხი განიხილეს

BM.GE

ლუდის ადგილობრივი წარმოება ბოლო 2 წელია მცირდება - TBC Capital

ლუდის ადგილობრივი წარმოება ბოლო 2 წელია მცირდება - TBC Capital

BM.GE

ჩინეთი აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს აკრიტიკებს

ჩინეთი აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს აკრიტიკებს

BM.GE

BSP-მა რუსული ნავთობის ჩანაცვლების პროცესი დაასრულა

BSP-მა რუსული ნავთობის ჩანაცვლების პროცესი დაასრულა

BM.GE