
აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტი 2025 წელსაც შემცირდა, რუსეთიდან კი გაიზარდა
სემეკის წლიური ანგარიშის მიხედვით, 2025 წელს საქართველომ აზერბაიჯანიდან 2.27 მლრდ მ³ გაზი მიიღო. აქედან 666 მლნ მ³ იმპორტი, ხოლო 1,371 დამატებითი და ოფციური ხელშეკრულებით მიღებული გაზია. უშუალოდ სამხრეთ კავკასიური გაზსადენით ქვეყანამ 235 მლნ მ³ გაზი მიიღო. გასულ წელთან შედარებით აზერბაიჯანიდან მიღებული გაზის მოცულობა 1.6%-ით არის შემცირებული.
აღსანიშნავია, რომ 2024 წელთან შედარებით გაზრდილია სამხრეთ კავკასიური გაზსადენიდან მიღებული ბუნებრივი აირის მოცულობა. ასე მაგალითად, თუ 2025 წელს SCP-დან საქართველომ 70 მლნ მ³ გაზი მიიღო, შარშან ეს მაჩვენებელი 235 მლნ მ³-მდე გაიზარდა.
სემეკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა ასევე აჩვენებს, რომ რუსეთიდან გაზის იმპორტი კვლავ მზარდია. 2025 წელს რუსეთიდან საქართველომ 886 მლნ მ³ გაზი იყიდა, რაც 12%-ით აღემატება გასული წლის მაჩვენებელს.
გასულ წელს ქვეყანამ ჯამში 3,172 მლრდ მ³ ბუნებრივი აირი მოიხმარა.
სემეკის ანგარიშის თანახმად, 2025 წელს ქვეყნის მოთხოვნის დაკმაყოფილებაში აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან მიღებული ბუნებრივი გაზის წილმა 71.7% შეადგინა, რუსეთის ფედერაციიდან მიღებულმა - 27.9%, ხოლო დარჩენილი ნაწილი ადგილობრივ წარმოებაზე მოდის.
შარშან წინა წელთან შედარებით, რუსეთიდან ბუნებრივი გაზის იმპორტი მცირედით გაიზარდა, რაც განპირობებულია ქვეყნის შიგნით ბუნებრივი გაზის გაზრდილი მოხმარებით, კერძოდ, პიკური დღიური მოხმარებების მაღალი ნიშნულით.
სემეკი ასევე წერს, რომ აზერბაიჯანის მხრიდან ბუნებრივი გაზის მიღების წერტილების დაკონტრაქტებული სიმძლავრეები ვერ აკმაყოფილებდა შიდა მოხმარებას და საჭირო გახდა დამატებით ბუნებრივი გაზის შემოტანა.
საქართველოს ბუნებრივი გაზის ბაზარი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმპორტზე. 2025 წელს იმპორტის წილი 99.6%-ს შეადგენდა, დარჩენილ 0.4%-ს კი ადგილობრივი მოპოვება წარმოადგენს.