ბაღებში ბავშვების რაოდენობა მცირდება - რა ვითარებაა სკოლამდელ განათლებაში | საქსტატი
საქართველოში საჯარო საბავშვო ბაღებში რეგისტრირებული ბავშვების რაოდენობა საგრძნობლად იკლებს.
საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, 2026-2027 სასწავლო წლის დასაწყისისთვის ქვეყნის მასშტაბით მოქმედ საჯარო სკოლამდელ დაწესებულებებში 120 422 აღსაზრდელი ირიცხება, მაშინ, როცა 2025-2026 სასწავლო წელს, საჯარო ბაღებში 130 337 ბავშვი სწავლობდა.
შესაბამისად, საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, ერთ წელიწადში აღსაზრდელთა რაოდენობა 9 915-ით, ანუ 7.6%-ით შემცირდა. კიდევ უფრო მასშტაბურია სხვაობა 2024-2025 სასწავლო წელთან შედარებით, როდესაც სისტემაში 137 074 ბავშვი ირიცხებოდა. შესაბამისად, ორწლიან პერიოდში საჯარო ბაღებში რეგისტრირებული ბავშვების რიცხვი 16 652-ით, ანუ 12.1%-ით არის შემცირებული.
აღსაზრდელთა კლების პარალელურად, სააღმზრდელო პერსონალის - აღმზრდელ-პედაგოგები, თანაშემწეები, ინკლუზიური განათლების სპეციალისტები - რიცხოვნობა პრაქტიკულად უცვლელი დარჩა:
მიმდინარე სასწავლო წლისთვის სისტემაში დასაქმებული აღმზრდელ-პედაგოგების, მათი თანაშემწეებისა და ინკლუზიური განათლების სპეციალისტების ჯამური რაოდენობა 19 178-ს შეადგენს, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით ფაქტობრივად უცვლელია, ორწლიან ჭრილში კი პერსონალის რაოდენობა 800-ზე მეტი ადამიანით არის გაზრდილი.
რა ვითარებაა რეგიონებში?
რეგიონულ ჭრილში კონტინგენტის ყველაზე დიდი წილი, ტრადიციულად, დედაქალაქზე მოდის. თბილისის საჯარო ბაღებში 46 239 ბავშვი ირიცხება, რაც ქვეყნის საერთო მაჩვენებლის 38%-ზე მეტია. მიუხედავად ამისა, კლების ტენდენცია თბილისსაც შეეხო, სადაც ბოლო ორ წელიწადში აღსაზრდელთა რაოდენობა 5 200-ზე მეტით შემცირდა.
დედაქალაქის შემდეგ ყველაზე მეტი აღსაზრდელი იმერეთშია, სადაც ბაღებში 14 546 ბავშვი დადის, მათგან თითქმის 6 ათასი ქუთაისზე მოდის. მესამე ადგილზეა ქვემო ქართლი 12 839 აღსაზრდელით, სადაც უდიდესი წილი ქალაქ რუსთავს უკავია.
განსაკუთრებით მკვეთრი წლიური ვარდნა დაფიქსირდა აჭარაში, სადაც წინა სასწავლო წელს თუ 14 400-ზე მეტი აღსაზრდელი ფიქსირდებოდა, წელს მათი რაოდენობა 11 955-მდე შემცირდა, რაც თითქმის 17%-იან კლებას უდრის და ეს ძირითადად ბათუმში კონტინგენტის შემცირებით არის განპირობებული.
სხვა რეგიონები (2026/2027):
• კახეთი - 8 985 ბავშვი • სამეგრელო-ზემო სვანეთი - 7 853 ბავშვი • შიდა ქართლი - 7 623 ბავშვი • სამცხე-ჯავახეთი - 4 297 ბავშვი • მცხეთა-მთიანეთი - 2 825 ბავშვი • გურია - 2 634 ბავშვი • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 626 ბავშვი
