მესტიაში 100-ზე მეტი საბალანსო მრიცხველი დამონტაჟდა | რამდენის დამატებაა გეგმაში
მესტიაში საბალანსო მრიცხველების მონტაჟი გრძელდება - ეს BMG-ის კითხვის საპასუხოდ "ენერგოპრო ჯორჯიაში" განაცხადეს და აღნიშნეს, დღეისთვის 100-ზე მეტი მრიცხველი უკვე დამონტაჟებულია.
"საბალანსო მრიცხველების მონტაჟი კვლავ გრძელდება, დარჩა მხოლოდ ხუთი მრიცხველის მონტაჟი. როგორც კი ამის შესაძლებლობა მოგვეცემა, ამ ხუთ მრიცხველსაც დავამონტაჟებთ. საერთო ჯამში 100-ზე მეტი მრიცხველი დამონტაჟდა. ეს ხუთიც რომ დამონტაჟდება, დაახლოებით 107 მრიცხველი გამოვა. ხუთი საბალანსო მრიცხველის მონტაჟზე ადგილობრივ ხელისუფლებასთან ვთანამშრომლობთ და როგორც კი მოგვეცემა შესაძლებლობა, მათაც დავამონტაჟებთ", - აცხადებენ კომპანიაში.
მესტიის გამრიცხველიანების საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც მიმდინარე წლის პირველ ივნისს მთავრობამ მაღალმთიან რეგიონში კრიპტომაინინგთან ბრძოლის შესახებ განაცხადა. სამართალდამცველებს შორის კოორდინაციის საკითხებში მაშინდელი სახელმწიფო მინისტრის, მამუკა მდინარაძე განცხადებით, მესტიაში უკანონო კრიპტომაინინგის აღმოსაფხვრელად მასშტაბური გამრიცხველიანების პროცესი დაიწყებოდა. მისივე თქმით, სვანეთში არსებული ვითარება მხოლოდ ადგილობრივი პრობლემა აღარ არის და ფინანსურ ტვირთად აწვება ქვეყნის დანარჩენ მოსახლეობასაც. მისივე ინფორმაციით, უკანონო კრიპტომაინინგის გამო წარმოქმნილი ჭარბი მოხმარების დასაფარად საქართველოს თითოეული აბონენტი ელექტროენერგიის გადასახადში ყოველთვიურად საშუალოდ დამატებით 1.5 ლარს იხდის.
2026 წლის ზაფხულში შინაგან საქმეთა სამინისტრომ სვანეთში ელექტროენერგიის მოხმარების დარღვევის წესის შემთხვევების გამოვლენისას არაერთ ადგილას გადააწყდა ე.წ. კრიპტო ფერმებს, ჯამში პოლიციამ 200-ზე მეტი მაინერი ამოიღო.
7 ოქტომბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 22%-ით არის შემცირებული ელექტროენერგიის მოხმარება მესტიაში, თუმცა ეს საკმარისი არაა.
