
ბარათით გადახდისას ურთიერთგაცვლის მაქსიმალური საკომისიო 0.3% იქნება - კანონპროექტი
პარლამენტში ქართული ოცნების დეპუტატების მიერ ინიცირებულია საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ერთდროულად საბარათე გადახდების საკომისიოების შემცირებასა და ახალი, უნივერსალური სალარო აპარატების სისტემის დანერგვას ითვალისწინებს. ცვლილებების ავტორია საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე და მისი მოადგილე ბეჟან წაქაძე, ასევე დეპუტატები ირაკლი ხელაძე, ზურაბ რურუა, გიორგი ბარვენაშვილი და ლევან მაჭავარიანი.
კანონპროექტი „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს და საბარათე ტრანზაქციებზე ურთიერთგაცვლის საკომისიოს მაქსიმალურ ოდენობას 0.3%-ით განსაზღვრავს. პროექტის თანახმად, ურთიერთგაცვლის საკომისიო არ უნდა აღემატებოდეს თითოეული გადახდის ოპერაციის ღირებულების 0.3%-ს. ამასთან, ნებისმიერი სხვა ანაზღაურება, რომელსაც საკომისიოს ეკვივალენტური მიზანი ან ეფექტი აქვს, ურთიერთგაცვლის საკომისიოს ნაწილად ჩაითვლება. ასევე იკრძალება ისეთი პრაქტიკის გამოყენება, რომელიც აღნიშნული ლიმიტის გვერდის ავლას ისახავს მიზნად, მათ შორის საკომისიოების გადაკლასიფიცირება, რამდენიმე საკომისიოდ დაყოფა ან ახალი ტიპის საკომისიოს დაწესება.
განმარტებითი ბარათის მიხედვით, ცვლილების მიზანი ბიზნესებისთვის საბარათე გადახდების მიღებასთან დაკავშირებული ხარჯების შემცირებაა. ინიციატორები აღნიშნავენ, რომ უნაღდო ანგარიშსწორებების ზრდის ფონზე საცალო ვაჭრობისა და მომსახურების სექტორს საბარათე ოპერაციების მიღებისას მნიშვნელოვანი ფინანსური ხარჯების გაწევა უწევს, რომელთა ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი ურთიერთგაცვლის საკომისიოა.
ამჟამად არსებული პრაქტიკით, პოსტერმინალებით გადახდის მთლიანი საკომისიო, რასაც ბიზნესები იხდიან, 0.3%-ზე გაცილებით მაღალია. მცირე ტრანზაქციების შემთხვევაში საკომისიო ხშირად ფიქსირებული ოდენობით განისაზღვრება. მაგალითად, 10 ლარამდე ოპერაციებზე ურთიერთგაცვლის საკომისიო დაახლოებით 10 თეთრია, რაც 1-ლარიანი ტრანზაქციის შემთხვევაში ოპერაციის ღირებულების 10%-ს შეადგენს. 10 ლარზე მაღალი ტრანზაქციების შემთხვევაში კი საკომისიო ხშირად 1.5%-2%-ის ფარგლებში მერყეობს, რაც ნიშნავს, რომ ყოველ 100 ლარზე ბიზნესს 1.5-2 ლარის საკომისიოს გადახდა უწევს.
მეორე კანონპროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებს ეხება და ახალი ტიპის უნივერსალური საკონტროლო-სალარო აპარატის შემოღებას ითვალისწინებს. პროექტის მიხედვით, საკონტროლო-სალარო აპარატი განისაზღვრება როგორც ელექტრონული პროგრამული უზრუნველყოფა ან ტექნიკური მოწყობილობა, რომელიც უზრუნველყოფს როგორც საბარათე გადახდის ოპერაციის შესრულებას, ისე ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებების შესახებ მონაცემების აღრიცხვას, შენახვასა და საგადასახადო ორგანოსთვის გადაცემას.
კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, უნივერსალური სალარო აპარატის დანერგვის შედეგად ერთ მოწყობილობაში გაერთიანდება როგორც სალარო აპარატი, ისე საბანკო ტერმინალი. შესაბამისად, ეკონომიკური საქმიანობის ობიექტებზე ანგარიშსწორების ოპერაციების განხორციელება და აღრიცხვა ერთი მოწყობილობით იქნება შესაძლებელი, როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში. ამავდროულად, შემოსავლების სამსახური ონლაინ რეჟიმში მიიღებს ინფორმაციას ორივე ტიპის ტრანზაქციის შესახებ.
ტექნიკური თვალსაზრისით, პროექტი საკონტროლო-სალარო აპარატების სახელმწიფო რეესტრის ფუნქციონირებასაც ცვლის. 2027 წლის 1 იანვრიდან საგადასახადო ორგანოში რეგისტრაციას მხოლოდ ახალი ტიპის, უნივერსალური საკონტროლო-სალარო აპარატები დაექვემდებარება. თუმცა გადასახადის გადამხდელებს 2028 წლის 1 მაისამდე შეეძლებათ გამოიყენონ 2027 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებული აპარატები და ტერმინალები. 2028 წლის 1 მაისიდან კი ახალი სისტემის გამოყენება სავალდებულო გახდება.
ცვლილებების მიხედვით, საკონტროლო-სალარო აპარატებითა და ელექტრონული კომერციის ტერმინალებით ბიზნესების უზრუნველყოფას და მათ ტექნიკურ მომსახურებას საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი კომისიის მიერ შერჩეული პირი განახორციელებს. კომისიის შემადგენლობაში მონაწილეობას მიიღებენ შემოსავლების სამსახური და საქართველოს ეროვნული ბანკი. მომსახურების საფასურის ოდენობას, გადახდის წესსა და პირობებს მთავრობა ცალკე დადგენილებით განსაზღვრავს.
განმარტებითი ბარათის მიხედვით, ცვლილებების შედეგად საკონტროლო-სალარო აპარატების რეგისტრაციისა და ტექნიკური მომსახურების პროცესი ცენტრალიზებული გახდება, ხოლო ბიზნესებს ანგარიშსწორების ოპერაციების მართვა ერთი მოწყობილობის გამოყენებით შეეძლებათ. ინიციატორების შეფასებით, ურთიერთგაცვლის საკომისიოზე 0.3%-იანი ზედა ზღვრის დაწესება და ახალი უნივერსალური სალარო აპარატების დანერგვა სავაჭრო და მომსახურების ობიექტების საოპერაციო ხარჯების შემცირებას შეუწყობს ხელს.
ორივე კანონპროექტის მიხედვით, ცვლილებების ძირითადი ნაწილი 2027 წლის 1 იანვრიდან უნდა ამოქმედდეს.
მნიშვნელოვანია გარემოება, რომ პარლამენტი მსგავსი შინაარსის რეგულირების მიღებას 2025 წლის სექტემბერშიც გეგმავდა, მაშინ მსგავსი კანონპროექტის ავტორიც პაატა კვიჟინაძე იყო და ის გადახდის მაქსიმალურ საკომისიოდ 0.5%-ს ადგენდა. თუმცა, 2025 წლის ნოემბერში ამ ინიციატივის გახმობა მოხდა და ითქვა, რომ პარლამენტი ამ საკითხს მომავალში დაუბრუნდებოდა.
BM.GE
წყარო: bm.ge