
„ბიზნესი თავისუფალია“ - კალაძე აფხაზეთში საწვავის შესვლას კანონიერად მიიჩნევს
თბილისის მერი და "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე გამოეხმაურა ბოლო დღეებში გავრცელებულ ინფორმაციას ერთ-ერთი კერძო კომპანიის მიერ დროებით ოკუპირებული აფხაზეთისთვის საწვავის მიწოდების შესახებ. კალაძის განცხადებით, ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის ფარგლებში ჯდება და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ემსახურება.
მისი თქმით, ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, ხოლო ოპოზიციის კრიტიკას მან არასახელმწიფოებრივი და მტრული უწოდა.
„ჩვენს მიერ გადადგმულ ყველა ნაბიჯზე... ოპოზიციის მხრიდან ყოველთვის მტრულ და არასახელმწიფოებრივ განცხადებებს ვისმენთ. ისინი შეეცდებიან, რომ ხელი შეუშალონ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, რადგან არიან უსამშობლო ადამიანები... იმართებიან გარედან, წარმოადგენენ აგენტურას. ჩვენ კი ყოველთვის ისეთ ნაბიჯებს გადავდგამთ, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა კალაძემ.
მისი მტკიცებით, ხალხებს შორის ურთიერთობის აღდგენის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ აფხაზებთან თანაცხოვრების აღსადგენად სახელმწიფო სხვადასხვა მიმართულებით დგამს ნაბიჯებს.
„სამედიცინო დახმარება იქნება, საწვავის მიმართულებით ხელშეწყობა თუ სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, ყოველთვის გადავდგამთ ისეთ ნაბიჯს, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის“, - აღნიშნა მან.
კონკრეტულ კერძო კომპანიასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე კალაძემ უპასუხა, რომ დეტალურ ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა დასძინა, რომ ქვეყანაში ბიზნესი თავისუფალია და მთავარია, მისი საქმიანობა კანონის ფარგლებს არ სცდებოდეს. მან ასევე შეადარა არსებული გარემო 2012 წლამდე პერიოდს და აღნიშნა, რომ ბიზნესზე ტერორი და რეკეტი წარსულს ჩაბარდა.
შეგახსენებთ, 12 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან შევიდა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, საწვავი სახელმწიფოს არ შეუტანია და ის კერძო ბიზნესმა შეიტანა.
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა „სოლიდუსის“ მფლობელმა გიორგი არველაძემაც დაადასტურა. მისი თქმით, საწვავი მისმა კომპანიამ შეიტანა და ამის მიზეზად დაასახელა რისკი, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში „20-ლიტრიანი კანისტრებით დაიწყებდა 40 ათასი ქართველი გადმოსვლას ზუგდიდში“.
13 აგვისტოს მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ამისთვის ცალკე სამართლებრივი აქტის გამოცემა საჭირო არ იყო, რადგან საწვავი „სპეციალური საწარმოს სტატუსის“ მქონე კომპანიამ შეიტანა.
აღნიშნული სტატუსის მინიჭების წესი 2019 წელს, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის საფუძველზე დამტკიცდა. წესის მიხედვით, სტატუსს კომპანიას შემოსავლების სამსახური ანიჭებს და ის ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქონლის შეტანის უფლებას ითვალისწინებს.
ამასთან, 2026 წლის 11 აგვისტოს მთავრობამ „სოლიდუსს“ ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობის უფლება კიდევ სამი თვით გაუგრძელა, განკარგულება კი 2026 წლის 18 ივლისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე ვრცელდება.
BM.GE
წყარო: bm.ge