მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ბოლო 5 წელია, თბილისში უფასო სასადილოს ერთი ბენეფიციარისთვის დღიურად 1.70 ლარია გათვალისწინებული
ბოლო 5 წელია, თბილისში უფასო სასადილოს ერთი ბენეფიციარისთვის დღიურად 1.70 ლარია გათვალისწინებული

ბოლო 5 წელია, თბილისში უფასო სასადილოს ერთი ბენეფიციარისთვის დღიურად 1.70 ლარია გათვალისწინებული

BM.GE1 ოქტომბერი, 2026, 18:50|bm.ge

ლელო ძლიერი საქართველოს წარმომადგენელმა თორნიკე ართქმელაძემ უფასო სასადილოებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა, სადაც უფასო სასადილოების დაფინანსებაზეც გაამახვილა ყურადღება. მისი განცხადებით, სურსათზე გაზრდილი ფასების პირობებში ერთ ბენეფიციარზე გათვალისწინებული 1.70 ლარი სათანადო კვების უზრუნველსაყოფად საკმარისი არ არის.

ართქმელაძემ ასევე განაცხადა, რომ საბურთალოს, ნაძალადევისა და სამგორის რაიონებში უფასო სასადილოების მომსახურების ტენდერები კომპანია „ლუკა 2005-მა“ კონკურენტის გარეშე მოიგო და დაახლოებით 11 მლნ ლარის კონტრაქტები მიიღო. მისივე თქმით, კომპანიის დირექტორს „ქართული ოცნებისთვის“ თანხა აქვს შეწირული.

„ბიემჯიმ“ განცხადებაში მოყვანილი მონაცემები გადაამოწმა.

როგორ ფინანსდება უფასო სასადილოები?

თბილისში უფასო სასადილოების პროგრამით სარგებლობა სოციალურად დაუცველ პირებს შეუძლიათ, რომელთა სარეიტინგო ქულა 200 000-ს არ აღემატება. განსაკუთრებულ შემთხვევაში ბენეფიციარის პროგრამაში ჩართვა გამგებლის მოტივირებული გადაწყვეტილებითაც არის შესაძლებელი.

2026 წლის დედაქალაქის ბიუჯეტის მიხედვით, უფასო სასადილოების მომსახურებისთვის დაახლოებით 26.2 მლნ ლარია გათვალისწინებული. თბილისში 64 უფასო სასადილო ფუნქციონირებს, რომლებიც 42 ათასზე მეტ ბენეფიციარს ემსახურება.

ერთ ბენეფიციარზე დღიურად გათვალისწინებული თანხა 1.70 ლარია.

ბოლო წლებში უფასო სასადილოების ბიუჯეტი, ბენეფიციართა რაოდენობა და ერთი ბენეფიციარის მომსახურებაზე დღიურად გათვალისწინებული თანხა შემდეგნაირად იცვლებოდა:

ცხრილი 1: უფასო სასადილოების ბიუჯეტი, ბენეფიციართა რაოდენობა და ერთ ბენეფიციარზე დღიურად გათვალისწინებული თანხა

წყარო: თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი

უფასო სასადილოს ბენეფიციარი წინასწარ განსაზღვრული მენიუს მიხედვით მომზადებულ საკვებს დღეში ერთხელ იღებს.

1.70 ლარი სურსათის გაძვირების ფონზე

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში თბილისში უფასო სასადილოს ერთი ბენეფიციარის დღიურ მომსახურებაზე გათვალისწინებული თანხა 1.70 ლარის ფარგლებში რჩება. ამავე პერიოდში კი სურსათის ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა.

საქსტატის მონაცემებით, 2021 წელს საშუალო წლიურმა ინფლაციამ 9.6%, 2022 წელს კი 11.9% შეადგინა. მომდევნო წლებში ინფლაციის ტემპი შენელდა, თუმცა ეს ფასების შემცირებას არ ნიშნავს - პროდუქტების დიდი ნაწილის ფასი უკვე გაზრდილი დონიდან განაგრძობდა ცვლილებას.

გაძვირება შეეხო უფასო სასადილოების რაციონში გამოყენებულ ძირითად პროდუქტებსაც. საქსტატის დეტალური ფასების ინდექსების მიხედვით, 2021 წლის დასაწყისიდან 2026 წლის აგვისტომდე ხორბლის პურის ფასის დონე დაახლოებით 67%-ით, კარტოფილის - 46%-ით, კვერცხის - 39%-ით, რძის - 38%-ით, ბრინჯის კი დაახლოებით 25%-ით გაიზარდა. ამასთან, ყველა პროდუქტის ფასის დონე ერთნაირად არ გაზრდილა - მაგალითად, ამავე პერიოდში წიწიბურა გაიაფდა

ფასების ზრდა 2026 წელსაც გაგრძელდა. აგვისტოში სურსათი და უალკოჰოლო სასმელები წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5%-ით იყო გაძვირებული. მათ შორის, ზეთისა და ცხიმის ფასი 7.8%-ით, პურისა და პურპროდუქტების - 7.1%-ით, ბოსტნეულის - 5.5%-ით, ხოლო რძის, ყველისა და კვერცხის - 2.9%-ით გაიზარდა.

სურსათის გაძვირების ფონზე, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში უცვლელი 1.70 ლარის მსყიდველუნარიანობა შემცირდა - სასადილოების მენიუში გამოყენებული არაერთი ძირითადი პროდუქტის შესაძენად დღეს უფრო მეტი თანხაა საჭირო, ვიდრე რამდენიმე წლის წინ.

რას ამბობს სახალხო დამცველი?

უფასო სასადილოების დაფინანსების სიმცირეზე ყურადღებას სახალხო დამცველიც ამახვილებს.

სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, ქვეყანაში კვლავ არ არსებობს უფასო სასადილოების მომსახურების მართვისა და მიწოდების ერთიანი სტანდარტი. მუნიციპალიტეტების მიხედვით განსხვავებულია როგორც საკვების რაოდენობასა და კალორაჟთან, ისე ინფრასტრუქტურულ და ჰიგიენურ პირობებთან დაკავშირებული მოთხოვნები.

სახალხო დამცველი ყურადღებას ამახვილებს როგორც კვების ხარისხზე, ისე დაფინანსების სიმცირეზე და აღნიშნავს, რომ თბილისში ერთ ბენეფიციარზე დღიურად გათვალისწინებული 1.70 ლარი არასაკმარისია. ანგარიშის მიხედვით, სათანადოდ არ არის გათვალისწინებული ბენეფიციართა ინდივიდუალური კვებითი საჭიროებებიც - მენიუს შედგენისას სრულად არ არის გათვალისწინებული ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა და საკვების ენერგეტიკული ღირებულება, ხოლო შესაბამისი სპეციალისტების ჩართულობა არასაკმარისია.

ვინ მოიგო უფასო სასადილოების ტენდერები?

თორნიკე ართქმელაძის განცხადების კიდევ ერთი ნაწილი უფასო სასადილოების სახელმწიფო შესყიდვებს ეხება.

სახელმწიფო შესყიდვების მონაცემების მიხედვით, საბურთალოს (NAT250019488), სამგორისა (NAT250020042) და ნაძალადევის (NAT250020007) რაიონებში უფასო სასადილოების მომსახურების ტენდერები შპს „ლუკა 2005-მა“ მოიგო. სამივე ტენდერში კომპანია ერთადერთი პრეტენდენტი იყო. შესყიდვის ჯამურმა ღირებულებამ დაახლოებით 10.6 მლნ ლარი შეადგინა.

კომპანიის რეესტრის ამონაწერის მიხედვით, „ლუკა 2005-ის“ დირექტორი იუზა ჯოგლიძეა, ხოლო მესაკუთრე - იაშა ჩაჩუა.

პარტიების შემოწირულებების მონაცემებით, იუზა ჯოგლიძემ 2020 წელს „ქართულ ოცნებას“ 60 000 ლარი შესწირა.

ამასთან, პოლიტიკური შემოწირულების ფაქტი თავისთავად არ ადასტურებს კავშირს შემოწირულებასა და სახელმწიფო ტენდერში გამარჯვებას შორის. ასეთი კავშირის დასადგენად დამატებითი მტკიცებულება იქნებოდა საჭირო.

დასკვნა

ოფიციალური მონაცემებით, თბილისში უფასო სასადილოს ერთი ბენეფიციარის მომსახურებისთვის დღიურად 1.70 ლარია გათვალისწინებული და ეს თანხა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში არ გაზრდილა. ამავე პერიოდში სურსათისა და სასადილოების მენიუში გამოყენებული არაერთი ძირითადი პროდუქტის ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რის შედეგადაც უცვლელი 1.70 ლარის მსყიდველუნარიანობა შემცირდა.

უფასო სასადილოების დაფინანსებისა და კვების ხარისხის პრობლემებზე მიუთითებს სახალხო დამცველიც. მისი შეფასებით, თბილისში ერთ ბენეფიციარზე დღიურად გათვალისწინებული თანხა მცირეა. ამასთან, პრობლემად რჩება ერთიანი სტანდარტის არარსებობა და ბენეფიციართა ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ინდივიდუალური კვებითი საჭიროებების არასათანადოდ გათვალისწინება.

დასტურდება განცხადების ტენდერებთან დაკავშირებული ნაწილიც: „ლუკა 2005-მა“ საბურთალოს, სამგორისა და ნაძალადევის რაიონებში უფასო სასადილოების მომსახურების სამი ტენდერი მოიგო, რომელთა ჯამური ღირებულება დაახლოებით 10.6 მლნ ლარია. სამივე ტენდერში კომპანია უკონკურენტო იყო.

კომპანიის დირექტორმა იუზა ჯოგლიძემ კი 2020 წელს „ქართულ ოცნებას“ 60 000 ლარი შესწირა. ამასთან, პოლიტიკური შემოწირულების ფაქტი თავისთავად არ ადასტურებს მიზეზობრივ კავშირს შემოწირულებასა და კომპანიის მიერ სახელმწიფო ტენდერების მოგებას შორის.

განხილული მასალიდან გამომდინარე, თორნიკე ართქმელაძის განცხადება სიმართლეს შეესაბამება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 217 სტატია.

  • თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის წარმომადგენლების კონფერენცია იმართებაიმედი
  • ირანის ელჩი თბილისში საელჩოს ფასადზე ქეთევან დედოფლის გამოსახულების განათებას ეხმაურებაფორმულა
  • ვიმედოვნებთ, რომ წლის ბოლოს მატარებლები საქართველოში ჩამოვა - გიორგი შარკოვი თბილისის მეტროს განახლების შესახებრუსთავი 2
  • სისხლიანი ანგარიშსწორება უნივერსიტეტთან - თბილისში სტუდენტი დაჭრესტვ პირველი
თბილისის →

მსგავსი სტატიები

საქართველოს საზღვართან 4.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

საქართველოს საზღვართან 4.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

BM.GE

საგარეო ვალების მომსახურება 2027 წელს ბიუჯეტს 2.3 მილიარდი ლარი დაუჯდება - ვის ვალს დაფარავს სახელმწიფო?

საგარეო ვალების მომსახურება 2027 წელს ბიუჯეტს 2.3 მილიარდი ლარი დაუჯდება - ვის ვალს დაფარავს სახელმწიფო?

BM.GE

BARTA 2026-ზე განაცხადების მიღება დაიწყო

BARTA 2026-ზე განაცხადების მიღება დაიწყო

BM.GE

უცხო ქვეყნის მოქალაქემ ქონების თაღლითურად დაუფლების სქემით პირს ₾2.1 მილიონის ქონებრივი ზიანი მიაყენა - პროკურატურა

უცხო ქვეყნის მოქალაქემ ქონების თაღლითურად დაუფლების სქემით პირს ₾2.1 მილიონის ქონებრივი ზიანი მიაყენა - პროკურატურა

BM.GE