
ბოლო პერიოდში ჩინელები საქართველოში ბევრ სასტუმროს ყიდულობენ - მიხეილ ჭელიძე
მცირე და საშუალო ბიზნეს ასოციაციის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში სასტუმრო ბიზნესში ჩინური კაპიტალი გააქტიურდა. მიხეილ ჭელიძე “საქმის კურსთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ჩინური კომპანიები საქართველოში საკუთარი მოქალაქეების მომსახურების მიზნით, ძირითადად მცირე სასტუმროებს ყიდულობენ.
“ბოლო პერიოდში ჩინელები გააქტიურდნენ. ძალიან ბევრ სასტუმროს ყიდულობენ, მაგრამ კომერციული დანიშნულებით არა. დიდი კაპიტალი აქვთ, ჩინეთში აქვთ თვისი [ბიზნესი] და აქ ფილიალებს ხსნიან, რომ ჩინური ნაკადი თვითონვე აკონტროლონ. გერმანელებს აქვთ მსგავსი მოდელი და ჩინელებსაც. პატარ-პატარა სასტუმროებზეა საუბარი. რა ინფორმაციაც მაქვს უფრო ქალაქები აინტერესებთ”, - აცხადებს მიხეილ ჭელიძე.
აღსანიშნია, რომ ბოლო წლებში ორ ქვეყანას შორის უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ, საქართველოში ჩინელი ვიზიტორების რიცხვი გაიზარდა. მაგალითად, წელს 6 თვეში ჩინეთიდან საქართველოში ჯამში 54 554 ვიზიტი შედგა, რა მაჩვენებლით ჩინეთი ვიზიტორების რაოდენობით ლიდერ ქვეყნებში მე-8 ადგილს იკავებს, თუმცა მისი წილი ტურიზმში ჯერ კიდევ მცირეა და მხოლოდ 2%-ს შეადგენს.
BM.GE
წყარო: bm.ge