
ბოლო თვეებში ჯანდაცვის ინფლაცია დაჩქარდა - რატომ ძვირდება სამედიცინო სერვისები?
საქართველოში ბოლო თვეებში ჯანდაცვის ინფლაცია დაჩქარდა და ოქტომბერში 8,4%-მდე გაიზარდა, რაც ახლოსაა ბოლო ერთი წლის წინ არსებულ მის პიკურ დონესთან.
საქსტატის ოფიციალური მაჩვენებლების მიხედვით, 5-დან 15%-მდეა გაძვირებული ზოგიერთი მედიკამენტი და სამედიცინო სერვისის ღირებულება, ამბულატორიული მომსახურებაში კი პაციენტებს თითქმის 12%-ით ძვირის გადახდა უწევთ, ვიდრე შარშან.
ჯანდაცვის ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის განმარტებით, ცალკე აღებული ჯანდაცვის კუმულაციური ინფლაცია 5,4%-ის ფარგლებშია, რაც საერთო ინფლაციის დონის შესაბამისია. მაია მახარაშვილის შეფასებით, ჯანდაცვის ჯგუფში ფასები ძირითადად მედიკამენტების ხარჯზე იზრდება, თუმცა მასზე სამედიცინო დაწესებულებების საოპერაციო ხარჯების ზრდაც აისახება, რაშიც თავის მხრივ დიდი წილი სამედიცინო პერსონალის ხელფასებს და სახარჯი მასალების ღირებულებას უჭირავს.
„ჯანდაცვის კუმულაციური ინფლაცია, რამდენადაც ჩვენ ახლა მონაცემი გვაქვს, სადღაც 5.4%-ია. რაც ნიშნავს, რომ საერთო ინფლაციას ფეხდაფეხ მიჰყვება. კიდევ უფრო ღრმად რომ ჩავხედოთ, გაცილებით მაღალი ზრდაა კვების პროდუქტებზე, ტრანსპორტზე… ცალკე ჯანდაცვის ჯგუფზე როცა ვლაპარაკობთ მნიშვნელოვანია შევხედოთ, რა ნაწილებისგან შედგება ის. ამ ჩაშლასაც თუ გავაკეთებთ, თვითონ ჯანდაცვის სერვისებზე ზრდა არ არის 8%, დიდი ზრდა არის მედიკამენტების ნაწილში, რაც ჯამურ მაჩვენებელს თვალში საცემად შეიძლება ზრდიდეს.
ჯანდაცვის საოპერაციო ხარჯის ძალიან დიდი ნაწილი არის ხელფასი. ასევე დიდი ნაწილია სახარჯი მასალა. ბოლო 4 წლის ჭრილში 50%-ით არის გაზრდილ ქვეყანაში ხელფასები და ჯანდაცვის სფეროშიც ზრდა სადღაც 40%-ია.
25%-ის ფარგლებშია გაზრდილი სახარჯი მასალა, რაც სამედიცინო დაწესებულების საოპერაციო ხარჯია. კომუნალურების წილი სადღაც 15%-ია. ანუ ჯანდაცვის მომსახურების ხარჯების ყველაზე დიდი ნაწილი რაზედაც მიდის, იქ არის ძალიან მაღალი ზრდა. ანუ ხელფასების ზრდის ტენდენცია არის გადამწყვეტი”,-აცხადებს მაია მახარაშვილი.
ჯანდაცვის ინფლაციის მიზეზებს სწავლობს კონკურენციის სააგენტო, რის გამოც სამედიცინო სერვისების ბაზრის მონიტორინგს ახორციელებს. სააგენტოს თავმჯდომარის განცხადებით, 2025 წლის პერიოდის განმავლობაში 13 000 სერვისი შეისწავლეს, სადაც 400-მდე სერვისის შემთხვევაში მაღალი ფასნამატი გამოიკვეთა. დასაბუთდება თუ არა არსებული მაღალი ფასნამატები, ეს უკვე სააგენტოს საბოლოო ანგარიშში გამოჩნდება, რომელიც წლის ბოლოსთვის გახდება საჯარო.
ბუნებრივია, ჯანდაცვის სერვისებზე ფასების ზრდის გამო ქვეყანაში ძვირდება ჯანმრთელობის დაზღვევაც. საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, ოქტომბერში დაზღვევის ამ კატეგორიაში ფასების ზრდამ 8,5% შეადგინა. “არდის” გენერალური დირექტორის თქმით, სამედიცინო სერვისების სახეობებიდან გამომდინარე კომპანიების ფასნამატი განსხვავებულია. არდის შემთხვევაში სადაზღვევო პოლისებზე ფასის ზრდა სტაბილურად, 10%-ის ფარგლებში ლავირებს.
ოქტომბრის მდგომარეობით ქვეყანაში ინფლაციის საერთო დონე 5,9%-ს შეადგენდა, რაშიც ჯანდაცვის ინფლაციის წვლილი 0.69 პროცენტული პუნქტია.
BM.GE
წყარო: bm.ge