მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ჩაანაცვლებს ბაქო მოსკოვს? – რას მოუტანს საქართველოს ევროპა-აზერბაიჯანის ენერგეტიკული თანამშრომლობა
ჩაანაცვლებს ბაქო მოსკოვს? – რას მოუტანს საქართველოს ევროპა-აზერბაიჯანის ენერგეტიკული თანამშრომლობა

ჩაანაცვლებს ბაქო მოსკოვს? – რას მოუტანს საქართველოს ევროპა-აზერბაიჯანის ენერგეტიკული თანამშრომლობა

BM.GE26 ივლისი, 2026, 21:53|bm.ge

ნავთობისა და გაზის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერება არის ის ძირითადი საკითხები, რაზეც ბერლინში ოფიციალური ვიზიტისას აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ისაუბრეს.

გერმანიამ, რომელსაც უკრაინის ომის შემდეგ დაწყებული ენერგეტიკული კრიზისი ყველაზე მძიმედ შეეხო, 2022 წლიდანვე დაიწყო მოლაპარაკებები სხვადასხვა ქვეყანასთან რუსული გაზის ჩანაცვლებაზე, რომელზეც დაახლოებით 40%-იანი დამოკიდებულება ჰქონდა. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ აზერბაიჯანსა და გერმანიას შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაცია ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობას გულისხმობს.

"ენერგეტიკულ სექტორში თანამშრომლობის კუთხით დადებითი შედეგები გვაქვს. მიმდინარე წლიდან აზერბაიჯანმა დაიწყო ბუნებრივი აირის ექსპორტი გერმანიაში. აზერბაიჯანს ასევე გააქვს საკუთარი ნავთობიც გერმანიაში და გადაწყვეტილი აქვს მომავალში ევროპას მიაწოდოს მწვანე ენერგია. ამიტომ ენერგეტიკულ სექტორში თანამშრომლობას უზარმაზარი პოტენციალი აქვს", - განაცხადა ალიევმა.

თუმცა ჩნდება კითხვა რამდენად შეძლებს რუსეთის ჩანაცვლებას აზერბაიჯანი ევროპისთვის?

ენერგეტიკის კუთხით ეს ამ ეტაპზე შეუძლებელია რამდენიმე მიზეზით: პირველი აზერბაიჯანს არ აქვს იმდენი გაზი, რაც რუსეთს. მაშინ, როცა რუსეთის დადასტურებული მარაგები 37 ტრილიონი მ3-ს აჭარბებს, აზერბაიჯანის მარაგი ბევრად მცირე 2.5 ტრილიონი მ3-ია. ამას ემატება ისიც, რომ საქართველოზე გამავალი გაზსადენი ფაქტობრივად სრული დატვირთვით მუშაობს და მას წელიწადში მხოლოდ 23 მლრდ მ3 გაზის გატარება შეუძლია. აქედან კი ევროპასთან ერთად, გაზი საქართველომ და თურქეთმაც უნდა მიიღონ. ამას გარდა, გერმანიამ შარშან 82 მლრდ მ3 გაზი მოიხმარა, მაშინ, როცა თავად აზერბაიჯანის გაზის წარმოება 2025 წელს ამაზე 30 მლრდ მ3-ით ნაკლები 51 მლრდ კუბური მეტრი იყო.

თუმცა ბერლინის გადაწყვეტილება, რომ რუსული ენერგია სხვადასხვა წყაროთი ჩაანაცვლოს, ალიევის პოლიტიკურ მნიშვნელობას ზრდის, რომელსაც ბერლინში საპატიო დახვედრაც მოუწყვეს.

"ჩვენ სერიოზულად ვართ დაინტერესებული გერმანიასა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების გაღრმავებით. მიმდინარე კრიზისის დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება თანამშრომლობას ნედლი ნავთობისა და ბუნებრივი აირის მიწოდების საკითზე სამხრეთის გაზის დერეფნის მეშვეობით. დეტალურად განვიხილეთ ეს საკითხები. აზერბაიჯანთან თანამშრომლობით გვსურს, უფრო მეტად დივერსიფიცირებული გავხადოთ ჩვენი ენერგომომარაგება. ასევე გვქონდა კონსტრუქციული დისკუსია აზერბაიჯანის წინადადებაზე საინვესტიციო პროგრამასთან დაკავშირებით. ამ პროგრამამ, შესაძლოა, ახალი შესაძლებლობები გაუხსნას გერმანულ კომპანიებს, რომლებიც აზერბაიჯანში ოპერირებენ", - განაცხადა მერცმა.

გასულ წელს აზერბაიჯანმა საქართველოზე გამავალი სამხრეთ კავკასიური გაზსადენით ევროპას თითქმის 13 მლრდ მ3 გაზი მიაწოდა, თუმცა აზერბაიჯანს ევროკავშირთან გაზის მიწოდებაზე გაცილებით დიდი 20 მილიარდი მ3 გაზის მიწოდებაზე აქვს ვალდებულება აღებული. მიუხედავად იმისა, რომ 2022 წელს ევროკომისიის პრეზიდენტთან შეთანხმებული ეს პირობა ჯერჯერობით რთულად შესასრულებელია. ევროკავშირისთვის აზერბაიჯანის და შესაბამისად, ალიევის პოლიტიკური მნიშვნელობა მაინც დიდია. ამ ყველაფერს ხელს უწყობს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირება, რაც ენერგეტიკულ კრიზისს აღრმავებს, ამას ემატება უკრაინის თავდასხმები რუსეთზე, რის გამოც თავად რუსეთს უწევს ნავთობპროდუქტების იმპორტი. ამ ფონზე კი, გასაკვირი არ არის ევროკავშირის უმაღლესი დონის ვიზიტები აზერბაიჯანში, რაზეც გერმანიაში მყოფმა ალიევმაც ისაუბრა.

"მინდა ასევე შევეხო ევროკავშირ-აზერბაიჯანის ურთიერთობებს. წელს მოწმენი გავხდით აზერბაიჯანში როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ბატონი კოსტას, ისე ევროკომისიის პრეზიდენტის ქალბატონ ფონ დერ ლაიენის ვიზიტებისა. ამ ვიზიტებს დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს და კიდევ უფრო განამტკიცებს კავშირებს ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის. ვინაიდან გერმანია წამყვანი ქვეყანაა ევროკავშირის სახელმწიფოებს შორის, მისი როლი ამ მხრივ უდიდესი მნიშვნელობისაა და დარწმუნებული ვარ, რომ გერმანია გააგრძელებს ძალისხმევას მომავალი თანამშრომლობის ხელშესაწყობად", - ამბობს ალიევი.

ალიევი პირობას დებს, რომ აზერბაიჯანი გერმანიას და ზოგადად ევროპას გაზისა და ნავთობის მიწოდებას გაუზრდის. რაც შეეხება ნავთობს, გაზის მსგავსად აზერბაიჯანული ნავთობიც საქართველოს გავლით ხვდება ევროპის ბაზრებზე. ნავთობის ნაწილში აზერბაიჯანის წილი ასევე მოკრძალებულია. წლიურად ბაქო თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით დაახლოებით 27 მილიონი ტონა ნავთობი გადაიზიდება. რაც შეეხება ელექტროენერგიას, ამ ნაწილში თანამშრომლობა ჯერჯერობით შეუძლებელია, რადგან აზერბაიჯანის ენერგოსისტემა ევროპისას დაკავშირებული არ არის და ამ ეტაპზე შავი ზღვის კაბელის პროექტზე მიმდინარეობს მუშაობა.

გერმანიაში ვიზიტად მყოფი ალიევი ამბობს, რომ იმისთვის, რომ ევროპაში აზერბაიჯანული გაზის მოცულობა გაიზარდოს, ინფრასტრუქტურა უნდა გაფართოვდეს, რადგან დღეს სამხრეთ კავკასიურ გაზსადენსა და მის განშტოებებს მეტის გატარება არ შეუძლიათ. ამიტომ ევროპულ ბანკებს სთხოვს გადახედონ საკუთარ “მწვანე” პოლიტიკას და კვლავაც დააფინანსონ გაზისა და ნავთობის პროექტები.

"როგორც აღვნიშნე, მიმდინარე წლიდან დავიწყეთ ბუნებრივი აირის მიყიდვა გერმანიისთვის. გასულ წელს ჩვენი გაზის მთლიანმა ექსპორტმა 25 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწია, რომლის ნახევარიც ევროკავშირის ქვეყნებში იქნა ექსპორტირებული. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, გერმანულ კომპანიებთან ხელი მოეწერა 10-წლიან კონტრაქტს, საწყისი მოცულობით 1.5 მილიარდი კუბური მეტრი. თუმცა ეს მოცულობა ბუნებრივია შეიძლება გაიზარდოს. იმისათვის, რომ ეს მოხდეს, რამდენიმე საკითხი უნდა გადაწყდეს. პირველი, ჩვენთან უნდა შემოვიდეს მოთხოვნა მოცულობების გაზრდაზე. მეორე, უნდა გაფართოვდეს არსებული გაზის ინფრასტრუქტურა, რადგან დღეს როგორც TANAP-ი, ისე TAP-ი სრული დატვირთვით ოპერირებენ და ამ მილსადენებში დამატებითი სიმძლავრეები აღარ არის დარჩენილი. ერთ-ერთი პრობლემა ის არის, რომ ევროპულმა ბანკებმა, განსაკუთრებით ევროპის საინვესტიციო ბანკმა, მწვანე დღის წესრიგის გამო, შეაჩერეს ნავთობისა და გაზის პროექტების ფინანსური მხარდაჭერა. აქედან გამომდინარე, იმისთვის, რომ ევროპისთვის გაზის მისაწოდებლად ინფრასტრუქტურა გავაფართოოთ, სხვა წყაროებიდან უნდა მივიღოთ სესხები", - განაცხადა ალიევმა.

მართალია აზერბაიჯანის გაზის მარაგები და წარმოება ევროპული ბაზრისთვის მცირეა, თუმცა აზერბაიჯანს შეუძლია მაგალითად თურქმენული გაზის მიწოდება ევროპისთვის, რომელიც მსოფლიოში მეოთხეა გაზის დადასტურებული მარაგით. ეს კი არა მხოლოდ აზერბაიჯანის, არამედ მთელი კავკასიის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას გაზრდის. თუმცა თურქმენული გაზის გარეშეც, ალიევის ნებისმიერი შეთანხმება ევროპასთან, რომელიც გაზისა და ნავთობის სექტორს შეეხება, საქართველოსთვის სარგებლის მომტანია, რადგან ყველა მილსადენი ჩვენს ტერიტორიაზე გადის.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თბილისის საკრებულოსთან 10 აქტივისტი ბანერების გამო დააკავეს

თბილისის საკრებულოსთან 10 აქტივისტი ბანერების გამო დააკავეს

BM.GE

შვეიცარია, გერმანია, თურქეთი... – 6 თვეში საქართველომ $76.2 მლნ-ის ვაქცინები, სისხლი და იმუნური პროდუქტები იყიდა

შვეიცარია, გერმანია, თურქეთი... – 6 თვეში საქართველომ $76.2 მლნ-ის ვაქცინები, სისხლი და იმუნური პროდუქტები იყიდა

BM.GE

როგორი დატვირთვით მუშაობს The Biltmore Tbilisi?|6 თვის შეფასება

როგორი დატვირთვით მუშაობს The Biltmore Tbilisi?|6 თვის შეფასება

BM.GE

რატომ დაიწყო უორენ ბაფეტმა ტექნოლოგიურ გიგანტებში მილიარდების დაბანდება?

რატომ დაიწყო უორენ ბაფეტმა ტექნოლოგიურ გიგანტებში მილიარდების დაბანდება?

BM.GE