
ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების დიდი პოტენციალი არსებობს - მარიამ ქვრივიშვილი
ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, მხარეები კი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებასა და ვაჭრობის გაფართოებაზე აქტიურად მუშაობენ - ამის შესახებ მარიამ ქვრივიშვილმა ორ ქვეყანას შორის გამართულ ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ღონისძიება, რომელიც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გაიმართა, ირაკლი კობახიძესთან და ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგთან ერთად ჩატარდა.
„2026 წლის იანვარ-სექტემბერში სავაჭრო ბრუნვამ 2.3 მილიარდი ამერიკული დოლარი შეადგინა და 41%-ით გაიზარდა, რის მიხედვითაც ჩინეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის მეორე ადგილზეა“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, მიუხედავად არსებული დადებითი დინამიკისა, ორივე ქვეყანა ხედავს დამატებით შესაძლებლობებს სავაჭრო ურთიერთობების მასშტაბების გაზრდისთვის.
„მიუხედავად ამ დადებითი დინამიკისა, მიგვაჩნია, რომ არსებობს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და ვაჭრობის გაფართოების მნიშვნელოვანი პოტენციალი, რის რეალიზებაზეც ორივე მხარე აქტიურად ვმუშაობთ“, - განაცხადა ქვრივიშვილმა.
მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მონაცემებზეც და ხაზი გაუსვა ჩინური კაპიტალის მზარდ წილს ქართულ ეკონომიკაში.
„2002 წლიდან დღემდე ჩინეთიდან საქართველოში განხორციელებულმა ინვესტიციებმა ჯამში მილიარდ ამერიკულ დოლარს გადააჭარბა. 2026 წლის პირველ ორ კვარტალში ჩინეთი გახდა საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანა 236 მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტიციით“, - დასძინა ვიცე-პრემიერმა.
BM.GE
წყარო: bm.ge