
პურის მწარმოებელი "მზეთამზე" სპონსორს ეძებს - როდის დაბრუნდება ბრენდი ბაზარზე?
პურის მწარმოებელი ბრენდი „მზეთამზე“ ბაზარზე დაბრუნებას გეგმავს, თუმცა წარმოების გასაფართოებლად ინვესტორს ეძებს. ამჟამად კომპანია საპატრიარქოს დაკვეთით დღეში 500 პურს აწარმოებს, რომელსაც ეკლესიების მეშვეობით უპოვარ ოჯახებს უფასოდ ურიგებს.
როგორც „მზეთამზეს“ წარმომადგენელმა ირაკლი ჩავლეიშვილმა BM.GE-ს განუცხადა, ბრენდის განვითარების ახალი მოდელი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მცირე საწარმოების ამოქმედებას ითვალისწინებს. ამ მოდელის ფარგლებში პურის წარმოება ადგილობრივად უნდა განვითარდეს, საწარმოებმა კი ახლომდებარე სავაჭრო ქსელები მოამარაგონ.
„მზეთამზე იდეაა ჩვენთვის და ბრენდია, რომელიც ამ გზას გადის. ეს იდეა ეძებს ინვესტორს, რომელიც არა მხოლოდ კომერციულ მხარეზე იქნება ორიენტირებული, არამედ მის დანიშნულებასაც გაიზიარებს. სწორედ ეს მისცემს „მზეთამზეს“ განვითარების შესაძლებლობას“, - განაცხადა ირაკლი ჩავლეიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე კომპანია პოტენციურ მხარდამჭერებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, მათ შორის მთავრობასთან, საქართველოში მოქმედ დონორ ორგანიზაციებთან და მსხვილ ბიზნესებთან. თავდაპირველად ბიზნესის მხარდაჭერა სპონსორობის ფორმით განიხილება, სამომავლოდ კი, მსგავსი პროდუქტის ბაზარზე დამკვიდრების შემთხვევაში, პარტნიორებს ინვესტირების შესაძლებლობა ექნებათ.
„ერთის მხრივ, ველაპარაკებით მთავრობას, პარალელურად - დონორ ორგანიზაციებს, რომლებიც ქვეყანაში დარჩნენ, და მსხვილ ბიზნესებს, რომლებსაც შეუძლიათ, საწყის ეტაპზე საზოგადოებრივი დანიშნულების მქონე ამ იდეას სპონსორობა გაუწიონ. მიზანია, რომ გარკვეულ ეტაპზე, როდესაც ასეთი ბაზარი ფეხს მოიკიდებს, მათაც იპოვონ საკუთარი თავი როგორც ინვესტორებმა“, - განმარტა ჩავლეიშვილმა.
ბრენდის წარმომადგენლის თქმით, თავდაპირველი გეგმა ერთ დიდ საწარმოში ქართული ნედლეულით მაღალი ხარისხის პურის წარმოებას ითვალისწინებდა, თუმცა გამოცდილებამ აჩვენა, რომ ამ მოდელის განვითარება რთულია. მისი განმარტებით, ბაზარზე მოთხოვნა ძირითადად ერთგვაროვან პროდუქტსა და სტანდარტიზებულ ნედლეულზეა, სხვადასხვა რეგიონში მოყვანილი ქართული ხორბალი კი ჯიშებისა და თვისებების მიხედვით განსხვავდება, რაც წარმოების სპეციფიკურ მიდგომას მოითხოვს.
„საბოლოო ჯამში ის დიდი ქარხანა შევიძინეთ, რომელშიც ქართული ნედლეულით მაღალი ხარისხის პურის წარმოებას ვგეგმავდით. ეს იდეა არასწორი აღმოჩნდა. დღეს ბაზარი ერთგვაროვან პურს ითხოვს და, შესაბამისად, ისეთ ნედლეულს, რომელსაც იმპორტი უზრუნველყოფს. სხვადასხვა რეგიონში, სხვადასხვა ჯიშის ხორბლისგან მიღებულ ნედლეულს კი არასტაბილურად მიიჩნევენ. ჩემთვის ეს სიტყვა მიუღებელია - ეს არ არის არასტაბილური ნედლეული, ეს მრავალფეროვანი ნედლეულია, რომელსაც წარმოების თავისებური მიდგომა სჭირდება“, - აღნიშნა მან.
ჩავლეიშვილის შეფასებით, ქართული ხორბლის ჯიშებისა და პურის წარმოების ტრადიციული ცოდნის კომერციალიზაციისთვის უფრო ეფექტიანი მცირე საწარმოებზე დაფუძნებული სისტემის შექმნაა. მისი თქმით, ამგვარი მოდელი ადგილობრივი ნედლეულის თავისებურებების გათვალისწინებას და რეგიონებში წარმოების განვითარებას შეუწყობს ხელს.
„ბევრმა წელმა დაგვარწმუნა, რომ ქართული მემკვიდრეობა - როგორც ფიზიკური, ანუ ხორბლის ჯიშები და სახეობები, ისე არამატერიალური, ანუ ცოდნა, თუ რისი მიღება შეიძლება ამ ნედლეულისგან - შეიძლება კომერციალიზდეს, მაგრამ ამის ბაზა პატარა საწარმოები უნდა იყოს“, - განაცხადა ირაკლი ჩავლეიშვილმა.
„მზეთამზეს“ ბაზარზე დაბრუნების კონკრეტული თარიღი ჯერჯერობით უცნობია. წარმოების გაფართოება ინვესტორის მოძიებასა და ახალი ბიზნესმოდელის ჩამოყალიბებაზეა დამოკიდებული.
BM.GE
წყარო: bm.ge