
CVS Health-მა $117-მილიარდიანი ბიზნესის გაყოფას გადაწყვიტა
ამერიკულმა ჯანდაცვის გიგანტმა, CVS Health-მა $117 მილიარდად შეფასებული ბიზნესის ორ დამოუკიდებელ კომპანიად გაყოფის გადაწყვეტილება მიიღო.
მენეჯმენტის განცხადებით, რესტრუქტურიზაციის ფარგლებში სააფთიაქო ქსელი სადაზღვევო მიმართულებას, Aetna-სა და ფარმაცევტული ბენეფიტების მართვის ოპერაციებს გამოეყოფა. პროცესის დასრულება 2028 წლის პირველ ნახევარში იგეგმება, რის შემდეგაც აქციონერები წილებს ორივე დამოუკიდებელ სუბიექტში მიიღებენ.
აღნიშნული ნაბიჯით კომპანია წლების განმავლობაში შექმნილ ვერტიკალურ ინტეგრაციას დაასრულებს, რაც მარეგულირებლებისა და მომხმარებლების მხრიდან ინტერესთა კონფლიქტზე გაზრდილ ზეწოლას უკავშირდება.
სტრუქტურული რეფორმის შედეგად, CVS Health-ის მმართველად დევიდ ჯოინერი დარჩება. აღნიშნული ერთეული Aetna-ს, Caremark-ს, სპეციალიზებულ აფთიაქებსა და ჯანდაცვის სერვისების პროვაიდერებს, Oak Street Health-სა და Signify Health-ს გააერთიანებს. რაც შეეხება საცალო მიმართულებას, CVS Pharmacy-ს სათავეში პრემ შაჰი ჩაუდგება.
პარალელურად, კომპანიამ მესამე კვარტალის ფინანსური შედეგებიც გამოაქვეყნა, სადაც ერთ აქციაზე $2.09-ის ოდენობის მოგება დააფიქსირა. აღნიშნული მაჩვენებელი უოლ-სტრიტის საპროგნოზო $1.65-ს საგრძნობლად აღემატება, თუმცა ბაზრის საერთო განწყობაზე გადამწყვეტი გავლენა ვერ მოახდინა, რადგან სავაჭრო სესიის დასრულებისას CVS Health-ის აქციების ფასი 12.5%-ით შემცირდა და $79.96 შეადგინა. ერთდღიანმა ვარდნამ კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია თითქმის $15 მილიარდით შეამცირა, რადგან ინვესტორებმა ბიზნესის მოულოდნელი გაყოფა არა სტრატეგიულ ნაბიჯად, არამედ რეგულაციების წინააღმდეგ მიმართულ თავდაცვით ზომად შეაფასეს, რომელიც კომპანიის შემოსავლების ზრდას ვერ შეუწყობს ხელს.
BM.GE
წყარო: bm.ge