
დელიმიტაციის პროცესი აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს საზღვრების გადაკვეთის წერტილიდან დაიწყება - ჯეიჰუნ ბაირამოვი
მიღწეულია შეთანხმება, რომ აზერბაიჯანისა და სომხეთის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესი დაიწყება იმ წერტილიდან, სადაც აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს საზღვრები იკვეთება და ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით წარიმართება. ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა „2026 წლის ბაქოს კლიმატური მოქმედების კვირეულის“ (BCAW 2026) ფარგლებში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ დელიმიტაციის საკითხებზე სახელმწიფო კომისიაში აზერბაიჯანის მხარის დელეგაციის შემადგენლობა არ შეცვლილა და კომისიას პრემიერ-მინისტრის მოადგილე შაჰინ მუსტაფაევი ხელმძღვანელობს.
„დელიმიტაციის საკითხებზე სახელმწიფო კომისიაში აზერბაიჯანის მხრიდან შემადგენლობა უცვლელია. კომისიას პრემიერ-მინისტრის მოადგილე შაჰინ მუსტაფაევი ხელმძღვანელობს. რეგულარულად იმართება კომისიების შეხვედრები და მიმდინარეობს დისკუსიები. სომხეთშიც შესაბამის კომისიას პრემიერ-მინისტრის მოადგილე ხელმძღვანელობს“, - განაცხადა ჯეიჰუნ ბაირამოვმა.
მისი თქმით, გასული პერიოდის განმავლობაში ორი ქვეყნის კომისიებს შორის არაერთი შეხვედრა გაიმართა. ასევე, როგორც აზერბაიჯანში, ისე სომხეთში მიღებული და დამტკიცებულია რიგი დოკუმენტები, რომლებიც კომისიების საქმიანობას არეგულირებს.
„არსებობს შეთანხმება იმის შესახებ, თუ რომელი მიმართულებიდან დაიწყება ჩვენი საერთო საზღვრის დელიმიტაცია და როგორ გაგრძელდება იგი. მიღწეულია შეთანხმება და არსებობს ურთიერთგაგება, რომ სამუშაოები დაიწყება უფრო რთული - ჩრდილოეთის საზღვრიდან, აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს საზღვრების გადაკვეთის წერტილიდან და გაგრძელდება ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით“, - განაცხადა მინისტრმა.
ჯეიჰუნ ბაირამოვმა ხაზი გაუსვა, რომ უფრო კონკრეტული საკითხები დელიმიტაციის კომისიების მუშაობის ფარგლებში განიხილება და მათი გადაწყვეტაა მოსალოდნელი.
„რაც შეეხება უფრო კონკრეტულ დეტალებს, რა თქმა უნდა, ყველა საკითხი თავის დროზე განიხილება და მათი გადაწყვეტაც არის მოსალოდნელი. უფრო კონკრეტული საკითხები, მათ შორის ამ თუ იმ დასახლებულ პუნქტთან დაკავშირებული საკითხები, დელიმიტაციის კომისიის მუშაობის ფარგლებში იქნება განხილული“, - დასძინა მან.
BM.GE
წყარო: bm.ge