
დიდი ალბათობით, მინიმალური რაოდენობის ფიქსირებული მოცულობის ღვინო ნიშანდების გადასახადისგან გათავისუფლდება - ლევან მეხუზლა
2027 წლიდან ღვინის სექტორში სავარაუდოდ, ბოთლის მარკირება ფასიანი გახდება, მცირე მარნების ნაწილი კი შეღავათებს კარგავს.
ახალი ინიციატივის თანახმად, რომელიც ვენახების გაშენების რეგულირების გაგრძელებაა, ღვინის სექტორისთვის ე.წ. ნიშანდების (მარკირების) სისტემა შემოვა. წინასწარი გათვლებით, ერთი ბოთლი ღვინის მარკირება მწარმოებელს დაახლოებით 10 თეთრი დაუჯდება.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ლევან მეხუზლა განმარტავს, რომ კონკრეტული ტარიფები კანონში არ გაიწერება და ის მოგვიანებით, კანონქვემდებარე აქტებით დაზუსტდება.
„ეს საფასური კანონში არ იწერება, არ არის კანონში ამის ადგილი. უბრალოდ ეს არის რაღაც წინასწარი გათვლები... ნებისმიერი დეტალი გახდება ცნობილი მას შემდეგ, რაც კანონი იქნება მიღებული პარლამენტის მიერ და დაგვევალება შესაბამისი ნორმატიული აქტის გამოცემა, სადაც ყველა ტექნიკური დეტალი დაიწერება“, - აცხადებს ლევან მეხუზლა BMG-სთან.
მიუხედავად მოსალოდნელი ხარჯებისა, სააგენტოს ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ გარკვეული კატეგორიის პროდუქცია შესაძლოა შეღავათებით სარგებლობდეს. მისი თქმით, დიდი ალბათობით, მინიმალური რაოდენობის ფიქსირებული მოცულობის ღვინო ამ გადასახადისგან გათავისუფლდება.
ამასთან, მიღებული თანხა სრულად ღვინის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტში მიიმართება.
„ნებისმიერი თანხა, რაც შემოვა ამ პროექტიდან, დაიხარჯება მხოლოდ და მხოლოდ ქართული ღვინის პოპულარიზაციის პროგრამაში, ანუ ეგრეთ წოდებული მარკეტინგის მიზნით, რაც კიდევ ერთხელ ემსახურება ქართული ღვინის პოპულარიზაციას“, - განმარტავს მეხუზლა.
ცნობისთვის, ახალი ვენახების გაშენების რეგულირების შემდეგ, მთავრობა ღვინის წარმოების რეგულირებას ამკაცრებს. ცვლილებების შედეგად მცირე მარნის სტატუსს 50-მდე მეწარმე დაკარგავს და მათ სავალდებულო დეგუსტაციის გავლა მოუწევთ, სადაც ერთი ლოტის ღირებულება 75 ლარია. ეს სახელმწიფოს [ღვინის ეროვნულ სააგენტოს] დამატებით 375 000 ლარის შემოსავალს მოუტანს. ამასთან, შემოიღებენ ნიშანდების იგივე მარკირების სისტემას, რომელიც ფასიანი იქნება და 1 ბოთლ სასმელზე სავარაუდოდ 10 თეთრით განისაზღვრება. ეს სიახლე 2027 წლის 1-ელი თებერვლიდან უნდა ამოქმედდეს. ამგვარად, ღვინის კომპანიების ხარჯები, კანონპროექტის ავტორების დათვლებით, ჯამურად ₾14-15 მილიონით გაიზრდება, რაც შესაბამისად „ღვინის ეროვნული სააგენტოს“ შემოსავალს ამდენივეთი გაზრდის. და თუ აქამდე, მაგალითისთვის „ქართული ღვინის პოპულარიზაციის“ პროგრამისთვის, ღვინის ეროვნული სააგენტო თანხებს ცენტრალური ბიუჯეტიდან სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან იღებდა, როგორც ლევან მეხუზლა ამბობს, ახლა მიღებული შემოსავალი სრულად ამ პროგრამაზე მიიმართება. აღსანიშნია ისიც, რომ საქართველოს კანონმდებლობით თუ სსიპ-ს შემოსავალი აღემატება ერთ მილიონ ლარს თანხის 10% უნდა გადაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში.